ჩემი საოცნებო არდადეგები წყალქვეშ, ზვიგენებთან და ვეშაპებთან ერთად წარმომიდგენია - როგორ დასვენებაზე ოცნებობენ ბავშვები? - მშობლები

ჩემი საოცნებო არდადეგები წყალქვეშ, ზვიგენებთან და ვეშაპებთან ერთად წარმომიდგენია - როგორ დასვენებაზე ოცნებობენ ბავშვები?

2020-07-01 09:17:28+04:00

„ჩემი საოცნებო არდაგეგები“ - ასეთი იყო კომპანია „ნიკორას“ მიერ ჩატარებული ხატვის კონკურსის თემა, რომელშიც მონაწილეობა 100-მდე ბავშვმა მიიღო და თავისი საოცნებო ზაფხული დახატა.

ზღვა, ნაკადულები, მდინარეები, მთები, ყვავილები, სოკოები... უამრავი თემატიკიდან კომპანიამ სამი საუკეთესო მხატვარი ამოარჩია და დაასაჩუქრა.

აღმოჩნდა, რომ სამივეს ძალიან უყვარს ხატვა. კონკურსის შესახებ ჟურნალ „საბავშვო კარუსელიდან“ შეიტყეს თუ არა, გადაწყვიტეს, ბედი ეცადათ. ამბობენ, რომ დისტანციური სწავლების გამო სკოლა და მეგობრები ძალიან ენატრებათ, სახლში მოიწყინეს, ამიტომ ხატვის კონკურსი მათთვის სახალისო აღმოჩნდა.

ელენეს, სოფიოსა და ანასტასიას კონკურსის სათაურის წაკითხვისთანავე დაუდგათ თვალწინ მათთვის საყვარელი და სკოლის შემდეგ ყოველწლიურად საოცნებო არდაგეგები; ის ადგილები, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობენ, ერთობიან და არასდროს ბეზრდებათ.

ელენე ოთინაშვილი:

„მე დავხატე ჩემი სოფელი, ბილიკი, რომელიც ტყისკენ მიდის და ერთი დიდი ძველი ხე, რომელზეც ნაყოფი არის მოსხმული. ნახატში ძალიან ბევრი ფერია გამოყენებული, რაც მე ძალიან მომწონს. ჩემს სოფელში ტყე ზაფხულში ძალიან ლამაზად გამოიყურება და საფხულს მახსენებს ეს ადგილი. ჩემს სოფელში ხშირად დავდივარ დასასვენებლად და ძალიან მიყვარს იქ ყოფნა, წელსაც ვაპირებ ჩასვლას“.

mshoblebi

ელენეს დედა გვიამბობს, რომ თავად ძალიან მორცხვია, თუმცა გაიგო თუ არა კონკურსის შესახებ, დედას ყოველდღიურად სთხოვდა, სწრაფად გაეგზავნა ნახატი და შედეგებს სულმოუთქმელად ელოდებოდა.

mshoblebi

ელენე ხატვის გაკვეთილებს ინტენსიურად ესწრება და სურს, მომავალში კიდევ უფრო სრულყოს თავისი ცოდნა.

11 წლის ანასტასია ციცქიშვილიც ელენეს მსგავსად, ხატვის მოყვარულია და სკოლაში ეს მის ერთ-ერთ საყვარელ საგანს წარმოადგენს.

ანასტასიას არდაგეგები ზღვას უკავშირდება. გვიამბო, რომ გასულ წელს მასზე მზის ჩასვლამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადაწყვიტა, ამისი ამსახველი პეიზაჟი შეექმნა. აღმოჩნდა, რომ მისმა ემოციებმა სხვებზეც მოახდინა შთაბეჭდილება და ანასტასია გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდა.

mshoblebi

ანასტასია ციცქიშვილი:

„მე დავხატე ზღვა, ნავი და მზის ჩასვლა. ჩემი საოცნებო არდადეგები ზღვაზე წარმომედგინა. „საბავშვო კარუსელს“ ხშირად ვკითხულობ-ხოლმე და ამ პროექტმაც ძალიან დამაინტერესა“.

mshoblebi

კიდევ ერთი გამარჯვებულის, სოფიო დუგლაძის შესახებაც უნდა გიამბოთ, რომელმაც განსაკუთრებით მოიწყინა სახლში, თანაკლასელების გარეშე და ცდილობს, ჰობით კიდევ უფრო ხშირად დაკავდეს.

სოფიო დუგლაძე:

mshoblebi

„კონკურსის თემა ძალიან მომეწონა და აღმოჩენისთანავე დავიწყე ხატვა. ჩემს საოცნებო არდაგეგებზე მე ვიქნებოდი წყალქვეშ სადაც ვნახავდი ზვიგენებს, თევზებსა და ვეშაპებს“.

მიუხედავად იმისა, რომ სოფიოს ოცნება ასეთ სახიფათო გარემოში ყვინთვაა, მყვინთავის ან მაშველის პროფესია სულაც არ იზიდავს, ექიმობა სურს, თუმცა ამბობს, რომ სჯერა, ერთ დღეს ოცნებას აიხდენს.

mshoblebi

კომპანია „ნიკორაში“ აღნიშნავენ, რომ მათთვის სასიამოვნოა, ბავშვებისთვის უფრო ინერტულ პერიოდში ასეთი სასიამოვნო და სახალისო კონკურსი რომ ჩაატარეს და სურთ, ეს ტენდენცია მომავალშიც შეინარჩუნონ.

„ჩვენთვის სასიამოვნო იყო სამივე გამარჯვებულის თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთთან. კონკურსში უამრავი საინტერესო ნახატი შემოვიდა, თუმცა ვფიქრობ, სამივე გოგონა ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებულის ადგილს“, - აღნიშნეს კომპანიაში.