რატომ არიდებენ ხოლმე თავს ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები "ვეფხისტყაოსნის" მხატვრული ანალიზის დაწერას - აბიტურიენტებისა და პედაგოგის მოსაზრებები - მშობლები

რატომ არიდებენ ხოლმე თავს ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები "ვეფხისტყაოსნის" მხატვრული ანალიზის დაწერას - აბიტურიენტებისა და პედაგოგის მოსაზრებები

2020-07-10 12:26:35+04:00

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდები დასასრულს მიუახლოვდა. წელსაც აბიტურიენტებს სხვა დავალებებთან ერთად მოუწიათ პროგრამული ტექსტის ან უცნობი ტექსტის მხატვრული ანალიზის დაწერა.
აბიტურიენტების ნაწილი, რომლებმაც უკვე გაიარეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, სოციალურ სივრცეში საჯაროდაც განიხილავდა დავალებებს, რაც შეხვდათ გამოცდებზე. რამდენიმე აბიტურიენტმა სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში აღიშნა, რომ "ვეფხისტაყაოსანი"თითქმის ყოველ წელს არის გამოცდაზე, მისი მხატვრული ანალიზის ნაცვლად კი აბიტურიენტების დიდი ნაწილი უცხო ტექსტის წერას ამჯობინებს და ზოგიერთი იმასაც წერდა, მაშინ რა საჭიროა, ყოველ წელს იყოს ეს ნაწარმოები ეროვნულ გამოცდებზე.

"ხვალაც "ვეფხისტყაოსანი" მოვა? იმედია, არ მოვა", "ყოველ წელს "ვეფხისტყაოსნის" პროგრამაში შეტანას რა აზრი აქვს, მაინც უცხო ტექსტის წერა ურჩევნიათ აბიტურიენტებს" , "ვინმემ იცით, "ვიფხისტყაოსნიდან" რა არ მოვა გამოცდაზე? პირველ ვარიანტებს ეგ შეხვდათ და მაინტერესებს", - წერენ აბიტურიენტები.

ვეცადეთ გაგვერკვია, რა შეიძლება იყის მიზეზი იმისა, რომ პროგრამული მასალის ნაცვლად აბიტურიენტები უცხო ტექსტის წერას ამჯობინებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში - "ვეფხისტყაოსნის" ნაცვლად. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ფილოლოგს, სკოლა "ოპიზის" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს თინათინ ანასაშვილს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ პროგრამულად ნასწავლი მასალის, ამ შემთხვევაში "ვეფხისტყაოსნის" ნაცვლად, აბიტურიენტები ხშირად უცხო ტექსტის წერას ირჩევენ. ეს ნიშნავს იმას თუ არა, რომ "ვეფხისტყაოსანი" კარგად არ აქვთ გაგებული და ვერ წერენ მის მხატვრულ ანალიზს?

1-ლი კითხვა

- აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სამი დავალება უნდა შეასრულონ, ესენია: ტექსტის რედაქტირება, არგუმენტირებული ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი. მესამე დავალების შესრულებისას აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს ნაცნობი, მხატვრული ტექსტი ან უცხო ტექსტი.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ წერენ "ვეფხისტყაოსნის" მხატვრულ ანალიზს და ირჩევენ არაპროგრამულ ტექსტს, რატომ ხდება ხშირად ასე, ამაზე საუბარი ძნელია. არის სადმე სტატისტიკა, რა რაოდენობის აბიტურიენტი არ წერს "ვეფხისტყაოსნის" მხატვრულ ანალიზს ეროვნულ გამოცდებზე?! ბავშვები ირჩევევენ "ვეფხისტყაოსანსაც" და არაპროგრამულ, უცნობ ტექსტსაც. მაგალითად, ჩემი მოსწავლეები არჩევანს ხშირად "ვეფხისტყაოსანზე" აკეთებენ, იმიტომ, რომ ის გავლილი მასალაა და კარგად გვაქვს დამუშავებული, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ირჩევენ უცხო ტექსტს. მიზეზი, რის გამოც პოემას არ ირჩევენ, ჩემი აზრით, არის ორი:

სწავლების მეთოდი და ფორმა არის გადასახედი. რას ვასწავლით ჩვენ, რას ვითხოვთ მასწავლებლები. არ მაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი იმაზე, მე რას ვითხოვ. ზოგადად, ცოტა მოძველებული ხომ არ არის სწავლების მეთოდი, ბავშვებს პოემას ვასწავლით. "ვეფხისტყაოსანი" თავიდან ბოლომდე თავისუფლებაა, თავისუფლების საგალობელი და ზედმეტად ხომ არ ვსვამთ ჩარჩოში? მე გაგიზიარებთ ჩემი მოსწავლის სიტყვებს. მან "ვეფხისტყაოსნის" ნაცვლად დაწერა უცხო ტექსტის ანალიზი. ეჭვი არ მეპარება, რომ ორივეს ერთნაირად კარგად დაწერდა, მას ეს პოემა ძალიან უყვარს, მაგრამ ასე განმიმარტა, იმდენად დიდი და ღრმაა პოემა, მგონია, ვერ დავწერდი ისე, როგორც იმსახურებს და ამიტომ ავირჩიეო უცხო ტექსტი. ვფიქრობ, უნდა გადავხედოთ სწავლების ფორმას, ჩარჩოში არ უნდა მოვაქციოთ მოსწავლეები, არის შემთხვევა, ბავშვს კარგად აქვს გაგებული ნაწარმოები, მაგრამ მაინც ურჩევნია, უცხო ტექსტს შეეჭიდოს. უცხო ტექსტი ზოგჯერ უფრო ემარტივებათ და უფრო ადვილად წერენ.

რაც შეეხება კითხვას, უნდა იყოს თუ არა "ვეფხისტყაოსანი" ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, გიპასუხებთ, თუ ჩვენ ვზრდით თანამედროვე თავისუფალ თაობას, დემოკრატიული პრინციპებით (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით), თუ ჩვენ გვინდა ბავშებს ჩავუნერგონთ ის მორალური და ზნეობრივი პრინციპები, რაც ადამიანს ადამიანობისთვის სჭირდება, "ვეფხისტყაოსნის" სწავლა მნიშვნელოვანი კი არა, აუცილებელია.

- როგორ შეაფასებთ ესეს სირთულეს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი დავალებაა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე?

რაც შეეხება ესეს, თუ გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ნათქვამს დავეყრდნობით, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წელს შედარებით გააადვილეს ეს დავალება, რაც ვფიქრობ პანდემიით არის გამოწვეული. ცოცხალ პროცესს ვერასდროს ჩაანაცვლებს ონლაინგაკვეთილები, შესაბამისად, ალბათ, დაიჭირეს აბიტურიენტების მხარე და დავალებები არ ყოფილა მკაცრ ჩარჩოში მოქცეული.ვინაიდან ესე გულისხმობს ბავშვის წერის კულტურისა და დამოუკიდებელ აზროვნების შემოწმებას, აბიტურიენტებს მისცეს მეტი თავისუფლება. მე მომეწონა წლევანდელი დავალებები. ესეები იყო იმ თემატიკაზე, რაც აქტუალურია თანამედროვე ცხოვრებაში. ჩვენ ხომ ბავშვებს ცხოვრებისთვის ვამზადებთ. ესეებით მოწმდება, რამდენად იცნობს აბიტურიენტი სამყაროს, რომელშიც ცხოვრობს. ისინი ხომ სოციუმის ნაწილნი არიან. ესეები იყო სოციალურ თემატიკაზე. კარგი სამსჯელო თემები შეხვდათ. ზუსტი ფორმულირება მიჭირს, რადგან არ ჯერ არაა ცნობილი ესეების სახელწოდებები, მე გესაუბრებით იმ აბიტურიენტებზე დაყრდნობით, რომლებმაც მიამბეს, რა შეხვდათ და რაც ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა.

აზრი ვკითხეთ აბიტურიენტებსაც:
ლიკა:

- მე შემხვდა და დავწერე, რადგან "ვეფხისტყაოსანი" საქართველოს სიამაყეა და ძალიან მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა მის აღწერასა და ჩემებურ ინტერპრეტაციაში... რაც შეეხება იმას, რომ ბევრი არიდებს თავს, ალბათ ერთულებათ, ზოგადი ცოდნა სჭირდება საკმაოდ და ბავშვებს ალბათ უჭირთ მისი მხატვრული ანალიზი.

გვანცა:

- მე არ დავწერდი, რადგან ყოველთვის ზოგადი და ერთი და იგივე თემებია დასაწერი - კარგი მეგობარი, მიჯნური, ღირსეული პიროვნება, რაღაც დაზეპირებული წინადადებები. ისეთ თემებზე არ ამახვილებენ ყურადღებას, როგორიცაა თუნდაც ქალების გაძლიერება, ვთქვათ ამ შემთხვევაში - თინათინის და ნესტანის სახეები. ანუ საზოგადოდ ხომ ისედაც თამარის გამეფებისთვის დაიწერა ეს პოემა, რომ ნორმალიზებული ყოფილიყო ქალი მეფედ... ასე რომ ყოფილიყო და თანამედროვე აღქმით შემძლებოდა მისი დაწერა, ახლაც აქტუალური თემატიკით, დავწერდი... წელს არ შემხვედრია მე "ვეფხისტყაოსანი" და ისეთი ტექსტი ავირჩიე, რომელიც დღევანდელობას უფრო შეეფერებოდა.

რუსკა კილასონია