"არ არსებობს კოქტეილი, არ არსებობს წამალი, რომელიც აკლებინებს" - რას ამბობს ენდოკრინოლოგი ბოლო დროს გავრცელებულ დიეტებზე? - მშობლები

"არ არსებობს კოქტეილი, არ არსებობს წამალი, რომელიც აკლებინებს" - რას ამბობს ენდოკრინოლოგი ბოლო დროს გავრცელებულ დიეტებზე?

2020-07-27 22:15:33+04:00

ზაფხულის სეზონზე წონის კლების სურვილი ბევრ ადამიანს უჩნდება. განსაკუთრებით ბოლო დროს სოციალურ ქსელში აქტიურად ვხდებით ინფორმაციას სხვადასხვა დიეტის შესახებ. პირველ რიგში, სანამ წონის კლებას გადავწყვეტთ, რა უნდა ვიცოდეთ და უნდა გამოვიკვლიოთ თუ არა ორგანიზმი? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გვპასუხობს ენდოკრინოლოგი მაკა კორინთელი:

- ზოგადად, როგორც ყველასთვის ცნობილია, დიეტა ნიშნავს სწორ კვებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ადამიანების უმრავლესობას როდესაც აწუხებს ჭარბი წონა, სიმსუქნე, ეს გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით: ისინი იკვებებიან ურეჟიმოდ, არ იცავენ დროის ხანგრძლოვობას კვებებს შორის, არ აქვთ ცილისა და ნახშირწყლების ბალანსი დაცული, დარღვეული აქვთ ძილის რეჟიმი. იმათ, ვისაც წონის პრობლემა აწუხებთ, სამწუხაროდ, ძალიან მალე სურთ ამ პრობლემის მოგვარება და შედეგის მიღება, უნდათ დაიკლონ ზედმეტი კილოგრამები ძალიან მალე, რაც აბსოლუტურად შეუძლებელიც არის და მიუღებელიც. პირველ რიგში, მე მინდა ხაზი გავუსვა, სანამ ადამიანი გადავა ე.წ. კრიტიკულ დიეტებზე და გადაწყვეტს მკვეთრად შეუზღუდოს თავს კვების რაციონი, აუცილებელი რეკომენდაციაა, გამოვიკვლიოთ ორგანიზმი და გავიგოთ, რა არის მიზეზი წონის მატების. აუცილებელია გამოვიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუქნციური მდგომარეობა, ნახშირწყლისა და ცხიმოვანი ცვლის მდგომარეობა, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონალური ფუნქციონირების გამოკვლევა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სანამ ადამიანი წონის კლებას გადაწყვეტს, უნდა ჩაიტაროს კვლევები და გაიგოს, რა მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოს, რა კონკრეტული მეთოდი გამოადგება მის ორგანიზმს.

- რამდენად სანდოდ შეიძლება მივიჩნიოთ დიეტები, რომლის შესახებაც სოციალური ქსელის საშულებით გვაწვდიან ინფორმაციას? რას გვეტყვით კოქტეილებით, შიმშილით წონის კლების მეთოდებზე, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია ბოლო დროს?

- დავიწყოთ იქიდან, რომ სოციალურ ქსელში უამრავი დიეტის შესახებ წერენ და რჩევებსაც არ იშურებენ, ამასთანავე არეკლამებენ და ადამიანთა გარკვეული ნაწილი ბრმად ენდობა მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ჰგონიათ, თუ რაღაც კოქტეილს დალევენ, ან იშიმშილებენ, წონის პრობლემას მარტივად დაძლევენ. მე არავის არ ვურჩევ კოქტეილის დიეტის დაცვას და არც სხვა დანამატებს, მით უმეტეს ექიმის გარეშე. არ არსებობს კოქტეილი, არ არსებობს დანამატი, რომელიც აკლებინებს წონაში, ყველა ეს კოქტეილი და დანამატი არის დამხმარე საშუალებები სწორ კვებასთან ერთად. კოქტეილების უამრავი დიეტა არსებობს და რაში მდგომარეობს ზოგადად კოქტეილის არსი? ანუ წყალში დამატებულია სხვადასხვა ინგრედიენტი, ეს შეიძლება იყოს დარიჩინი, თაფლი, მწვანე ჩაი, ლიმონი, გრეიპფრუტი, თვითონ კოქტეილი არის რაღაც ინგრედიენტების ნაზავი. მე ვერ გეტყვით, ვინ როგორ და რა სახით მიირთმევს, მხოლოდ კოქტეილებს სვამენ თუ საკვები დანამატის სახით იღებენ. უნდა ვიცოდეთ, რომ კოქტეილები არის დამხმარე საშუალება და საკვები არ უნდა გამოვრიცხოთ და უნდა ვიკვებოთ დაბალანსებულად. სწორი კვება ისედაც გულისხმობს ხილს, რომელსაც თქვათ, იყენებენ კოქტეილებში, დღის განმავლობაში 600 გრამი ხილი უნდა მიიღოს ადამიანმა და პაციენტი ამას კოქტეილის სახით მიიღებს თუ მის გარეშე, ეს უკვე მისი არჩევანია. თუ გვინდა კოქტეილის მიღება, ის უნდა მივიღოთ ხილის ნაცვლად და არა ისე, რომ საკვები ჩავანაცვლოთ. მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კოქტეილებს, რომელსაც სახლში მოვიმზადებთ. კიდე ერთხელ აღვნიშნავ, არ არსებობს კოქტეილი, რომელიც აკლებინებს, არ არსებობს დანამატი, რომელიც აკლებინებს, არ არსებობს წამალი, რომელიც აკლებინებს. ელენტარულად რომ დავფიქრდეთ, წამალი რომ არსებობდეს, ჭარბი წონის პრობლემა მსოფლიოში საერთოდ არ გვექნებოდა.

ჩემი თხოვნაა, ხაზგასმით ვამბობ, როდესაც ადამიანი რაღაც დიეტას გადააწყდება სოციალურ ქსელში, ჰკითხოს ამის შესახებ აუცილებლად ექიმს. თუ ენდოკრინოლოგი ურჩევს, მაშინ ისარგებლოს, სახვა შემთხვევაში თვითნებური დიეტები კატეგორიულად მიუღებელია. მე ზემოთ ვთქვი, რომ ზოგ კოქტეილში შეიძლება იყოს თაფლი, ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება არც იცოდეს, რომ შაქრიანი დიაბეტი აქვს, ან დარღვეული აქვს ნახშირწყლოვანი ცვლა, როგორ შეიძლება თაფლიანი კოქტეილი მიიღოს?

რაც შეეხება შიმშილს, სანამ მასზე საუბარს დავიწყებ, მინდა ყურადღება გავამახვილო ძილის გრაფიკზე. დაწესებულია, რომ დღე უნდა გვეღვიძოს, ღამე გვეძინოს. სამწუხაროდ, ახლა თინეიჯერების უმრავლესობა პირიქით იქცევა და ამის გამო დარღვეული აქვთ ნივთირებათა ცვლა, რაც შემდეგში უამრავი ენდოკრინოლოგიური პრობლემის სახით იჩენს თავს. არსებობს განსაზღვრული დრო, როდის იკვებოს ადამიანმა, ეს არის საუზმის, სადილის, ვახშმის დრო: 8-დან 10-მდე საუზმე, 2-დან 4-მდე სადილი, 7-დან 8-მდე ვახშამი. ეს არის კანონი და ამას არ უნდა გადავუხვიოთ. შიმშილის დროს ირევა ნივთიერებათა ცვლა. როდესაც კუჭნაწლავში არ შედის ცილა, ნახშირწყლები, ორგანიზმის საშენი მასალა და უჯრედი განიცდის შიმშილს, თვითონ ორგანიზმში იწყებს მოძიებას ნივთიერებების, რათა იარსებოს და ეს ხდება არასწორი ჟანგვა-აღგენით რეაქციების ხარჯზე. შეიძლება შიმშილით მიიღო შედეგი ერთ თვეში, ორ თვეში, რაც რამდენიმე ხნის შემდეგ სავალალოდ დაუბრუნდება ორგანიზმს. როგორ შეიძლება ორი წლის წონის მატებას, ორ თვეში მოერიო?

- რამდენად აპრობირებულია ხილის დიეტები? ზოგადად, რომელი ხილი უწყობს ხელს წონის კლებას და რომელი - მატებას?

- აუცილებელია, ხილი დღის განმავლობაში მივიღოთ 600 გრამი, არც მეტი და არც ნაკლები. ხილი შეიცავს ნახშირწყალს და ადამიანი სუქდება არა იმიტომ, რომ ცხიმს ჭამს, ცხიმით არ სუქდება, ცხიმის მირთმევით სისხლძარღვებში ილექება ქოლესტერინი და მიდის ორგანიზმში ათეროსკლეროზული ცვლილებები. ზუსტად ნახშირწყლების ჭარბი მიღება იწვევს სიმსუქნეს. დღე-ღამეში 600 გრამზე მეტი ხილის მიღება იწვევს წონის მატებას, ეს ეხება ნებისმიერ ხილს. ხომ გაგიათ, საზამთროს დიეტაზე ვარო და სად არის შედეგი? როგორც შარდმდენი, კი ბატონო, მოქმედებს, ადამიანი დება სასწორზე, ხედავს, რომ 5 კილო დაიკლო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან ცხიმი დაწვა. ზოგადად, თვეში 3-დან 5 კილომდე კლება არის ნორმა, შეიძლება ამაზე მეტად დავიკლოთ, მაგრამ ეს დასრულდეს რეანიმაციით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით.

- რომ შევაჯამოთ, რას ურჩევთ მათ, რომლებიც წონის კლების თვითნებურ მეთოდებს და სოცქსელებში გავრცელებულ დიეტებს ირჩევენ, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამგვარ დამოკიდებულებას?

- ყველა ადამიანის ორგანიზმი არის ინდივიდუალური, ერთ პაციენტს რომ დიეტას ვუნიშნავ, შესაძლოა მეორეს სრულიად განსხვავებული დიეტა დასჭირდეს. როგორ შეიძლება, ერთი კოქტეილი ან გასახდომი ჩაი ყველა ორგანიზმს ერთნაირად მოერგოს? მე მყავს პაციენტები, რომელთაც თვითნებური დიეტების დაცვით ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდათ, უმრავლესობა სხვადასხვა გავრცელებული კომპანიის პროდუქტების მომხმარებელი იყო. მთავარია, პაციენტმა ეს არ დამალოს, როცა ექიმთან მიდის.

ცალსახაა, რომ ინტერნეტში და სოციალურ ქსელში გავრცელებული დიეტებით არ უნდა ვისარგებლოთ ექიმთან მისვლის და საჭირო გამოკვლევების გარეშე. ასევე აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ ილუზიაა, რომ დავლიე რაღაც წამალი, ან ნახარში და გავხდი, ეს გამორიცხულია. ყველაზე კარგია ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, რითაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე დაკავდება და დღის გამვალობაში ფეხით თუ ივლის ნახევარი საათი ცოტა სწრაფი ტემპით, რის გაკეთებაც მეტნაკლებად ყველას შეგვიძლია. თუ დღე-ღამის განმავლობაში 10 000 ნაბიჯს გავაკეთებთ შეუჩერებლად, ეს ძალიან კარგია. ვიღაც მეტყვის, ექიმო, სულ არ ვჯდები, ფეხზე ვარ სულო... სამზარეულოში ტრიალი არ არის ფიზიკური აქტივობა. წონაში ისე უნდა დავიკლოთ და იმ მეთოდებით, რისი გაკეთებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგვიძლია და არა ისე, რაღაც პერიოდში შემოფარგლულად დავლიოთ წამალი ან რაიმე სხვა, ესეც ექიმთან ერთად შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ. ასპროცენტიანი გამოსავალია ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი, დაბალანსებული კვება და დარეგულირებული ძილის რეჟიმი.

- ძილზე ხშირად მიუთითებთ, რვა საათი აუცილებლად ღამე უნდა გვეძინოს? არ შეიძლება, რომ ღამის ძილის დანაკლისი დღის ძილით შევავსოთ?

- აუცილებლად ღამე უნდა გვეძინოს 8 საათი.

რუსკა კილასონია