"მედიცინასთან დაკავშირებით უკვე იმდენი აზრი არსებობს, დედა ცოტა დაბნებულია" ახლოვდება ზამთარი და ვირუსებისა და მათთან ბრძოლის თემა უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს. საინტერესოა, ავადმყოფობასთან ბრძოლის როგორ ხერხებს მიმართავენ ცნობილი დედები, რამდენად ხშირად დაჰყავთ პედიატრთან შვილები, მკურნალობენ თუ არა შინაურული მეთოდებით და ა.შ. ამ კითხვებით მაია დობორჯიგინიძეს, სოფო ხალვაშსა და გვანცა დარასელიას მივმართეთ.
გვანცა დარასელია: "ჩემი გამოცდილებიდან ყველაზე მეტად მაინც ინჰალაცია გვეხმარება"
- გაციებასა და ვირუსებს ძირითადად საკუთარი ძალებით ვერევით, მადლობა ღმერთს, რომ სერიოზული პრობლემა არ შეგვქმნია. გაციებისთანავე სატალეფონო ზარით საქმის კურსში ვაყენებ პედიატრს და მისგან რჩევებს ვიღებ, მაგრამ უბრალო გაციების შემთხვევაში პედიატრს არც კი ვაწუხებთ.
- ანტიბიოტიკების მიცემა რა სიხშირით გიწევთ?
- ყველანაირად ვცდილობ, თავი ავარიდო, მაგრამ თუ დავინახე საჭიროება, აუცილებლად ექიმთან ვიზიტის შედეგად ვაძლევ, რადგან ექიმმა უნდა ნახოს ყელი, ხომ არ არის ანთება და ა.შ. გარდა ამისა, უნდა გაირკვას, რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე, ესაა ბაქტერიული თუ ვირუსული... ბაქტერიული ვირუსის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკი. ასეთი რამ არ დაგვჭირვებია ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, და იმედია, არც დაგვჭირდება, იმიტომ, რომ ანტიბიოტიკს შემდეგ მოსდევს ფერმენტული მკურნალობა, რაც დროში იწელება. ყველანაირად ვცდილობ, მოვარიდო ისეთ სიტუაციას, სადაც შეიძლება ვირუსი შეხვდეს.
- ბაღში არ დადის?
- ბაღში ჯერჯერობით შეგუების პროცესი გვაქვს, ცოტა უჭირს, ამ ეტაპზე არ დადის, ალბათ გაზაფხულამდე მოვიცდით.
- ხალხური მეთოდებით თუ მკურნალობთ ხოლმე?
- არა, სხვათა შორის, ერთადერთი, რაც მუდმივად გვაქვს მაცივარში, ესაა აბასთუმნიდან გამოგზავნილი ნაზავი, რომელშიცაა თაფლი და იქაური წიწვოვანი მცენარეების მტვერი, რეალურად ეს ნაზავი დევს მაცივარში, მაგრამ არავინ იყენებს, რადგან არასასიამოვნო მისაღებია და არ მოსწონს. ჩემი გამოცდილებიდან ყველაზე მეტად მაინც ინჰალაცია გვეხმარება, ოღონდ თანამედროვე პრეპარატებით და არა ხალხური მეთოდებით - მოხარშული კარტოფილით და ა.შ. ყველა მშობელს ვურჩევ ამას, ხველის, ყელის ტკივილის, ცხვირში გაჭედვის შემთხვევაში ინჰალაცია უნივერსალური საშუალებაა.
- გვანცა, აცრებს უკეთებ ბავშვს?
- კი, ვუკეთებ, ყველა აცრა გვაქვს გაკეთებული, რაც აქამდე გვიწევდა. ახლა 5 წლამდე ვისვენებთ, შემდეგს კი გეგმიურად, გრაფიკის მიხედვით გავიკეთებთ. რაც მთავარია, სერიოზული გართულებები არც ერთ აცრას არ მოჰყოლია, უბრალოდ თვითონ გაკეთების პროცესია არასასიამოვნო და ტირიან ბავშვები, თორემ სხვა მხრივ პოზიტიურად ვუყურებ.
მაია დობორჯგინიძე: "ზოგი სიცხის მიცემისთანავე, პირველივე დღიდან ანტიობიოტიკს ასმევს ბავშვს, რასაც არ მივესალმები"
- მაია, გაცივების ან ვირუსის შემთხვევაში მიმართავ პედიატრს, თუ საკუთარი ძალებით უმლავდები პრობლემას?
- თავიდან ვიწყებ ჩემით მკურნალობას, თუ მხოლოდ ხველა, სურდო და დაბალი სიცხე აქვს, ვცდილობ თავად გავუმკლავდე, მაგრამ თუ გაუხანგრძლივდა სიმპტომები, მერე აუცილებლად მიმყავს ექიმთან. ხან ისე ხდება, რომ მიყვანამდე ვურეკავ პედიატრს და ვიღებ კონსულტაციას, მაგრამ თუ დავინახე, რომ ორი დღის შემდეგ შედეგი არ გვაქვს, უკვე მიყვანას ვამჯობინებ, ყოველ შემთხვევაში, საქმის კურსში ყოველთვის ვაყენებ. სიცხის დამწევი შეიძლება, მივცე ჩემით, მაგრამ როცა ხველაა, ყელია პრობლემური, მაინც კონსულტაციაზე მისვლას ვარჩევ. ჩემი პატარა გოგოს შემთხვევაში კი პედიატრთან მხოლოდ გეგმიური ვიზიტებით შემოვიფარგლები.
- ანტიბიოტიკების მიმართ როგორი დამოკიდებულბა გაქვთ, ხშირად ამბობენ, რომ თანამედროვე ვირუსებთან ბრძოლა ანტიბიოტიკის გარეშე თითქმის შეუძელებლია...
- ზოგი სიცხის მიცემისთანავე, პირველივე დღიდან ანტიობიოტიკს ასმევს ბავშვს, რასაც არ მივესალმები, მაგრამ თუ გახანგრძლივდა ვირუსი, მაშინ ექიმის კონსულტაციით ვაძლევ ანტიბიოტიკს. მე ოჯახშიც ექიმები მყავს და ყოფილა შემთხვევა, მამაჩემის რჩევით გადამიწყვეტია ეს საკითხი, მაგრამ უფრო ექიმის კარნახით ვმოქმედებ. თუ საჭიროა და ამით ბავშვი უფრო იოლად გამოვა მდგომაროებიდან, მაშინ თავის შეკავება არ ღირს, იმიტომ, რომ არც ამის დალევაა კატასტროფა. თუკი შველის, ბავშვი არ უნდა აწვალო ამის გამო. საერთოდ, სანამ სიცხე 38.5-ამდე არ ავა, პირადად მე სიცხის დამწევსაც არ ვაძლევ, ვთვლი, რომ ორგანიზმი უნდა ებრძოლოს ვირუსს.
- ხალხური მეთოდებით თუ მკურნალობთ ხოლმე?
- ზოგადად სიცხის ძალიან მეშინია, ამიტომ მგონია, რომ წამლით უფრო მალე მოხდება დაწევა, ვიდრე ხალხური საშუალებით, მაგრამ ხველის შემთხვევაში წამლებთან ერთად ბავშვისთვის მიმიცია რძე და თაფლი. საერთოდ, ამ ხერხით მკურნალობა კარგია, მაგრამ მე იმდენად ვერ ვახერხებ, რამდენადაც სურვილი მაქვს. ასევე სიცხის დროს კარგია ჟოლოიანი ჩაი, ძმრიანი საფენებიც გამიკეთებია, მაგრამ ახლა ამბობენ, სახარბიელო არააო. მედიცინასთან დაკავშირებით უკვე იმდენი აზრი არსებობს, დედა ცოტა დაბნებულია, როცა შვილი ცუდად ჰყავს, ზოგი ერთზე იძახის კარგიაო, ზოგი – მეორეზე, ამიტომ კონცენტრირება თავად შენ უნდა გააკეთო ერთ რაღაცაზე.
- ექიმები ამბობენ, ბავშვს წელიწადში 6-7-ჯერ თუ შეხვდა ვირუსი, ნორმალურიაო, თუმცა, მშობლისთვისაც და შვილისთვისაც ეს სირთულეს წარმოადგენს... იმუნიტეტის გასაძლიერებლად თუ მიმრთავ პრეპარატულ მეთოდს?
- ვიტამინი მიმიცია... საერთოდ, ვცდილობ ჯანმრთელი პროდუქტებით ვკვებო, რაც დღევანდელობაში ძალიან რთულია. გადა ამისა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ჰაერზე ყოფნას, თუ ვიპოვე სადმე სუფთა ჰაერი, ვერის ბაღში, ვაკის პარკში ან ბოტანიკურში, ხშირად ვასეირნებ. თუ ისე მოხდა, რომ ერთი დღე არ გავიდა გარეთ, უკვე დანაკლისი მაქვს და ვღელავ, რომ სუფთა ჰაერზე არ ყოფილა. ვცდილობ, ჰაერი არ მოაკლდეს არც ზაფხულში და არც ზამთარში, ცივ ამინდებშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ყელი აქვს სუსტი და შედარებით ხშირად ცივდება.
- რაც შეეხება გეგმიურ აცრებს, უკთებთ ბავშვებს?
- კი, კი, ვიცავ და უნდა დაიცვას ყველამ, დროულად ვიკეთებთ ყველაფერს. გაორება გვემართება ფასიან და უფასო აცრებთან დაკავშირებით, ამბობენ, უფასოც ძალიან კარგიაო, მაგრამ მაინც გგონია, რომ ფასიანი რაღაცით ჯობია. მე ფასიანიც გამიკეთებია, თუმცა ახლა პატარა შვილზე უფასოთი ვსარგებლობთ. რომ არ არსებობდეს ფასიანი, ალბათ ყველა ჩვეულებრივ უფასოს გაუკეთებდა და დამთავრდებოდა ყველაფერი. ყველამ უნდა გაუკეთოს ბავშვს აცრა, რადგან საჭიროა.
სოფო ხალვაში: "ყველას ვურჩევ, თუ კი საჭიროა, დროულად მისცენ ანტიბიოტიკი ექიმის რეკონედაციით"
- თავიდან, პირველ შვილზე ვირუსებთან, გაციებასთან ბრძოლა, მარტოს გამკლავება მიჭირდა, ალბათ ეს გამოუცდელობის ბრალი იყო, შემდეგ კი უკვე ვისწავლე ყველაფერი. თუმცა, როცა ვატყობ, რომ სიცხე მაღლა მიიწევს, რთულდება მდგომარეობა, მაშინვე პედიატრს ვრთავ საქმეში, რათა გასინჯოს ფილტვები, ბრონქები, თავი რომ დავიზღვიოთ სერიოზული გართულებებისგან.
- ყველამ ვიცით, რომ ანტიბიოტიკი კარგი არ არის, მაგრამ ხანდახან ჩნდება მისი მიღების აუცილებლობა...
- თუ რამდენიმე დღის შემდეგ მდგომარეობა არ მიდის უკეთესობისკენ, ვრთავ ანტიბიოტიკს. არც ერთ მშობლებს არ უყვარს ანტიბიოტიკის მიცემა, მაგრამ როდესაც საჭიროა, აუცილებლად უნდა მისცე, იმიტომ, რომ გრძელვადიანი ვირუსის დროს ნელ-ნელა ორგანიზმი უფრო იფიტება და ვეღარ უმკლავდება ავადმყოფობას, შესაბამისად გამოჯანმრთელებაც უფრო რთული ხდება. როცა მშობელი არ აძლევს ანტიბიოტიკს, ბავშვი სუსტდება და მერე უფრო სერიოზული ჩარევა ხდება საჭირო, ზოგ შემთხვევაში - საავადმყოფოში გადაყვანაც კი. ამიტომ ყველას ვურჩევ, თუ კი საჭიროა, დროულად მისცენ ანტიბიოტიკი ექიმის რეკონედაციით. ზოგადად ძალიან რთულია ბავშვის ცუდად ყოფნა, ქეთოს ყელი აქვს სუსტი და სულ ვმკურნალობთ, ვცდილობთ, ნაყინი, ცივი წყალი მოვარიდოთ.
- იმუნინტეტის გასაუმჯობესებლად რაიმე თქვენეული ხერხი თუ გაქვთ?
- პედიატრის დახმარებითა და დანიშნულებით ვაძლევ ვიტამინს, ძირითადად მასზე ვარ მინდობილი და მის რჩევებს ვითვალისწინებ.
- რაც შეეხება ხალხურ მეთოდებს, თუ იყენებთ...
- ძველი რჩევები, გამონათქვამები ნამდვილია და რეალობას შეესაბამება, ამიტომ ვენდობი და ვიყენებ. ქეთო ყელის პრობლემის გამო დამყავს ერთ ადგილას, სადაც მცენარეულ წვეთებს ასხამენ და შედეგად გლანდები ძალიან დაგვიპატარავდა. გარდა ამისა, ხველის დროს შინდის მურაბის წვენისა და სოდის ნაზავიც მიმიცია და ძალიან ამართლებს, ასევე ხახვზე დაყრილი შაქრის წვენიც კარგია ხველისთვის, თუმცა შინდი და სოდა უფრო მომწონს, თავადაც ვიყენებ ხველის დროს. თაფლს ხშირად ვაძლევდი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ალერგიული ყოფილა თაფლთან მიმართებაში, ამიტომ ამოვიღეთ.
- აცრებს ზოგი სკეპტიკურად უყურებს, თქვენ?
- საერთოდ, აცრა ძალიან საშიშია, მაგრამ აუცილებელი, რადგან თავს იზღვევ მძიმე ბაქტერიული დაავადებებისგან. მაროს შემთხვევაში ცოტა დაგვიგვიანდა აცრა, ხან ახველებდა, ხან ცოტა გაციებული იყო და ასეთ დროს არაფრით არ შეიძლება აცრა, ესაა ყველაზე საშიში, თორემ ისე, რა თქმა უნდა, აუცილებელია და მეც მივყვები პედიატრის რჩევა-დარგებებს.
ციცი ომანიძე