"ტყვია გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე..." - რა სიმპტომები მიგანიშნეთ ტყვიის მაღალ შემცველობაზე და როგორ უნდა მოიქცეთ - მშობლები

"ტყვია გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე..." - რა სიმპტომები მიგანიშნეთ ტყვიის მაღალ შემცველობაზე და როგორ უნდა მოიქცეთ

2020-08-14 07:00:43+04:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონისა და ამით გამოწვეული პრობლემების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და მშობლებსა და მეურვეებს რეკომენდაციებით მიმართავს:

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თუ ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 10-30 მკგ/დლ-ის ფარგლებშია, ტყვიით ექსპოზიციის მომატებული დონე მისი ჯანმრთელობისათვის რისკს წარმოადგენს, ამიტომ, მნიშვნელოვანია დროული გამოვლენა და შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

ვიზიტი პედიატრთან ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების, კვებითი სტატუსის და რკინის დეფიციტის რისკის შეფასების მიზნით 1-2 კვირის განმავლობაში; პედიატრის რეკომენდაციით ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების მიღება; საცხოვრებელი გარემოს შეფასება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრის სპეციალისტების მონაწილეობით, ტყვიის ზეგავლენის პოტენციური წყაროს/წყაროების იდენტიფიცირების მიზნით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამოთვლილი კვლევები სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი.

ტყვიის ექსპოზიციის შესაძლო წყაროებია:

ტყვიის შემცველი საღებავებით დაფარული საგნების ზედაპირები, ნიადაგი, მტვერი და სამომხმარებლო პროდუქტები. ბავშვზე ტყვიის ზეგავლენა შესაძლებელია მოხდეს გადაცემის სხვადასხვა გზით - შესუნთქვით და ჩაყლაპვით. ტყვია შესაძლოა, ასევე, მოხვდეს ჩვილის ორგანიზმში ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

ტყვია გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე, რაც აისახება შემეცნებით (სწავლების) უნარებზე და სასკოლო მოსწრებაზე. ტყვიამ, ასევე, შეიძლება გავლენა მოახდინოს სმენაზე, ქცევაზე, ზრდასა და ინტელექტუალურ განვითარებაზე, კერძოდ:

ტყვიით ექსპოზიციასთან დაკავშირებული ძირითადი სიმპტომებია:

სწავლის უნარის დაქვეითება; დაბალი მაჩვენებლები ინტელექტის შეფასების ტესტებში; ზრდისა და განვითარების პროცესის დარღვევა; ყურადღებისა და კონცენტრირების პრობლემები; მეტყველების პრობლემები; დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში; კოორდინაციის დარღვევები; ქცევითი პრობლემები; ჰიპერაქტიურობა.

მნიშნველოვანია, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს შვილს ხელი არ მიუწვდებოდეს ტყვიის შემცველი საღებავის ანაფხეკთან და ამგვარი საღებავებით შეღებილ ზედაპირებთან; რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები და გარეცხეთ სათამაშოები; რეგულარულად დაასუფთავეთ ოთახები სველი წესით; ნუ მიმართავთ ხალხურ მედიცინას; ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს შვილს ხელი არ მიუწვდებოდეს კოსმეტიკურ საშუალებებთან; მოარიდეთ ბავშვები იმ ადგილებს, სადაც მიმდინარეობს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები; განაცალკევეთ საცხოვრებელი/სათამაშო სივრცე ტყვიის ცნობილი წყაროებისაგან; არ მიაკაროთ ბავშვები ნაგავსაყრელებს; ყურადღება მიაქცეთ, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ კონტაქტი ნიადაგთან (არ ითამაშონ მიწით/მიწაში). თუ შესაძლებელია, უზრუნველყავით ისინი სპეციალური სათამაშო ქვიშის ყუთებით, ან მოაწყვეთ მიწის ზედაპირის საფარი ბალახით/ხის ნაფოტით; არ მოწიოთ ბავშვების თანდასწრებით; ყურადღება მიაქცეთ, რომ ბავშვმა მიიღოს რკინით, კალციუმითა და C ვიტამინით მდიდარი საკვები;

რჩევები კვების შესახებ:

კალციუმი ამაგრებს ძვლებს და ორგანიზმიდან გამოაქვს ტყვია. კალციუმით მდიდარი საკვებია:

რძე და რძის პროდუქტები, როგორიცაა იოგურტი და ყველი; მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა: კომბოსტო, თალგამი, მდოგვი და მწვანილი; კალციუმით გამდიდრებული საკვები, როგორიცაა ფორთოხლის წვენი, სოიოს რძე და ტოფუ; დაკონსერვებული ორაგული ან სარდინები. რკინა, ასევე, ხელს უშლის ტყვიის შეწოვას ორგანიზმში; ეცადეთ მიიღოთ რკინით მდიდარი საკვები: მჭლე წითელი ხორცი; რკინით გამდიდრებული მარცვლეული, პური და მაკარონი; გამომშრალი ხილი, როგორიცაა ქიშმიში და შავი ქლიავის ჩირი; ლობიო და ოსპი. C ვიტამინი ორგანიზმს ეხმარება რკინის უკეთ შეწოვაში და ასევე, შესაძლოა, გამოდევნოს ტყვია. C ვიტამინით მდიდარი საკვებია: ციტრუსები, როგორიცაა ფორთოხალი და გრეიპფრუტი; სხვა ხილი, როგორიცაა კივი, მარწყვი და ნესვი; პომიდორი; კარტოფილი; წიწაკა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მშობლებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკონ მათ ცხელ ხაზზე: 116 001.

თამარ იაკობაშვილი

altრა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ორგანიზმიდან ტყვია გამოიდევნოს? - გასტროენტეროლოგის პასუხი