როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა ხორცის ჭამა და რამდენი უნდა ჭამოს დღეში? - მშობლები

როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა ხორცის ჭამა და რამდენი უნდა ჭამოს დღეში?

2014-11-17 07:47:57+04:00

პედიატრის რჩევები როგორც კი ჩვილს 7-8 თვე შეუსრულდება, პედიატრები გვირჩევენ, მის რაციონში ხორციანი კერძები შევიტანოთ. გვესაუბრება პედიატრი ინგა იოსავა.

- რატომ უნდა ჩავრთოთ ბავშვის რაციონში ხორცი?

- ხორცი ჩვენი რაციონის შეუცვლელი კომპონენტია. მზარდი ორგანიზმისთვის მისი აუცილებლობა ეჭვგარეშეა. ხორცი მდიდარია ცილით, რომელიც უჯრედებისა და ქსოვილების საშენი მასალაა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც უხვად შეიცავს:

B ჯგუფის ვიტამინებს, ამინმჟავებს, ფოსფორს, რკინის ადვილად ასათვისებელ ფორმას. ყველა ეს ნივთიერება აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის, კარგი მხედველობისთვის. სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი ყველა აუცილებელ ნივთიერებას დედის რძესთან ერთად იღებს, მაგრამ რაც უფრო იზრდება, მის ორგანიზმს მით მეტი მინერალი და მიკროელემენტი სჭირდება, რომლებსაც დედის რძე ვეღარ აწვდის. ხორცი დამატებითი კვების უკანასკნელი ეტაპია, ამიტომ დედა თავად გადაწყვეტს ან პედიატრს მოეთათბირება, როდის ჩართოს ის ბავშვის რაციონში. წესისამებრ, ხორცი მენიუს ემატება ბოსტნეულის, ფაფების, რძის ნაწარმის შემდეგ. ისევე როგორც ყველა ახალ პროდუქტს, ხორცსაც თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ პატარა. სასურველია, მისი მიცემა დავიწყოთ 8 თვიდან. თავდაპირველად, სასურველია, გავასინჯოთ ქათმის, ინდაურის ან კურდღლის ხორცი. შეიძლება ხბოსიც. ჯერ ბლენდერში დაქუცმაცებული ხორცის მცირე ულუფა მივცეთ. თუ ორგანიზმმა კარგად მიიღო, შეგვიძლია, თამამად ჩავრთოთ ის ყოველდღიურ რაციონში. თუ პატარა ხელოვნურ კვებაზეა, ხორცის მიცემა შეიძლება დავიწყოთ 7 თვიდან. ბავშვი იოლად რომ შეეგუოს, თავდაპირველად ხორცი უმჯობესია შევურიოთ ბოსტნეულის პიურეს, მერე კი ხორცის კერძი ცალკე მოვუმზადოთ.

- რამდენი ხორცი უნდა მიიღოს ბავშვმა თითო ჯერზე?

- ეს ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული:

8 თვის ასაკში - დღეში 20-30 გრამი;

9 თვის საკში - 30-40 გრამი;

10 თვის ასაკში - არა უმეტეს 50 გრამისა;

11 თვის ასაკში - არა უმეტეს 60 გრამისა;

12 თვის ასაკში - 70 გრამი;

ერთი წლისთვის ბავშვის კუჭ-ნაწლავის სისტემა სტაბილიზდება და შეუძლია გადაამუშაოს უფრო მძიმე პროდუქტებიც, მათ შორის - თევზი. ხორცი და თევზი მონაცვლეობით უნდა შევთავაზოთ;

2 წლამდე ნაკლებსასურველია ხორცის ნახარშის, ბულიონის მიცემა, ხოლო სოსისი და ძეხვი უმჯობესია მოგვიანებით ჩავრთოთ ბავშვის რაციონში.

გაგრძელება