ზოგიერთ სკოლაში სწავლა ონლაინრეჟიმშიც ვერ დაიწყო - მიზეზს განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს - მშობლები

ზოგიერთ სკოლაში სწავლა ონლაინრეჟიმშიც ვერ დაიწყო - მიზეზს განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს

2020-09-15 19:49:06+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე განმარტავს, რატომ ვერ დაიწყო ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმშიც.

როგორც დგებუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ზოგიერთ სკოლაში არსებობდა გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რაც არის ინტერნეტზე წვდომა და ვირტუალური საკლასო ოთახის ორგანიზება“.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს ამ სკოლების შესახებ ინფორმაცია აქვს და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

„730 სკოლაში დაიწყო სასწავლო წელი დისტანციური ფორმატით. ჩვენც გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულად სკოლების მიხედვით, თუ რომელ სკოლაში არსებობდა გარკვეული ტექნიკური პრობლემები. აქ პრობლემა ორი მიმართულებით არის. ის, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან უნდა მოხდეს საგაკვეთილო ბადის დაორგანიზება და ასევე, ტექნიკური მიმართულებით, რაც არის მაგალითად, ინტერნეტზე წვდომა, ვირტუალური საკლასო ოთახის ორგანიზება. ამ ნაწილში ჩვენც გვაქვს ინფორმაცია და ტექნიკური მხარე მუშაობს, რომელიც ამ პროცესს განაახლებს და ხვალ უფრო გამართული დახვდებათ“, - განაცხადა დგებუაძე.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ დააგვიანეს სკოლებმა ამ კუთხით მომზადება, ეკატერინე დგებუაძემ უპასუხა, რომ „სისტემა აწყობილი იყო“.

„ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან გაზაფხულის პერიოდში, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, უკვე ყველა მასწავლებელს, ყველა მოსწავლეს თავისი ვირტუალური საკლასო ოთახი ჰქონდა. ეს სისტემა აწყობილი იყო. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ლიცენზირებული პროგრამა, სადაც ვირტუალურად ხდება საკლასო ოთახში კლასის ორგანიზება. ეს არის უბრალოდ პროცესი, როდესაც სკოლებმა უნდა განაახლონ თავიანთი საკლასო ოთახები. რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, ამ თვალსაზრისით თუ რაიმე ხარვეზი არსებობდა, ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული ტექნიკური მხარე და ეს ხარვეზი სწორდება“, - აღნიშნა დგებუაძემ.

ამასთან, დგებუაძემ უპასუხა საქართველოს განათლების მინისტრის, მიხელ ჩხენკელის მიმართ საზოგადოების ნაწილში არსებულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, სად არის განათლების მინისტრი და რატომ ერიდება მედიასთან და საზოგადოებასთან კონტაქტს, მაშინ როდესაც მშობლებს აქვთ უამრავი კითხვა საგანმანათლებლო პროცესის თაობაზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საზოგადოებას სამინისტროს მხრიდან ინფორმაცია და კომუნიკაცია არ აკლია.

"მინისტრი გამოვიდა და მიულოცა სწავლის დაწყება ყველა მოსწავლეს. ამ შემთხვევაში, მე მგონი, საზოგადოებას ინფორმაცია და კომუნიკაცია არ აკლია განათლების სამინისტროსგან. ზოგადი განათლების მიმართულებით შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დამისვათ და თქვენ მიიღებთ პასუხს“. - განაცხადა დგებუაძემ.