როგორ იქცა გურული პედაგოგი ცნობილ მსახიობად, რომლის ნამდვილი ხმა მხოლოდ რამდენიმე ფილმში ისმოდა - მშობლები

როგორ იქცა გურული პედაგოგი ცნობილ მსახიობად, რომლის ნამდვილი ხმა მხოლოდ რამდენიმე ფილმში ისმოდა

2020-09-17 19:45:38+04:00

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კინოში ფეხი გვიან შედგა, მაინც მოახერხა რეჟისორების ყურადღება მიეპყრო და მონაწილეობა მიეღო ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „ფეოლა", „ცოტნე დადიანი", „ლაზარეს თავგადასავალი", „პირველი მერცხალი", „სამანიშვილის დედინაცვალი", „ყვარყვარე", „დათა თუთაშხია", „კაპიტნები", „რაჭა, ჩემი სიყვარული" და სხვა. თუმცა, მანამდე იყო კინოდებიუტი ფილმში „არაჩვეულებრივი გამოფენა". ეს 1968 წელს მოხდა და რომ არა ელდარ შენგელაია, დიდი ალბათობით მსახიობი ვასილ ჩხაიძე პროვინციაში ჩარჩებოდა და არ დაიბადებოდა ქართული ფილმის ისეთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერსონაჟები, როგორიცაა პიპინია ერისთავი და ქრისტეფორე მგალობლიშვილი...

„არაჩვეულებრივი გამოფენა"

თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ უნახავს ფილმად ქცეული პროვინციელი მოქანდაკე აგულისა და მისი ოჯახის ამბავი. ნიჭიერი ხელოვანი აგული მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს, მაგრამ ფრონტიდან დაბრუნებული მხოლოდ დაკვეთებზე მუშაობს. დაოჯახების შემდეგ ცოლ-შვილის რჩენა უწევს და იძულებულია, ძირითადად, მიცვალებულთა ბიუსტებზე იმუშაოს. ერთ დღესაც კლასის შეკრებიდან მეუღლესთან ერთად შინ მიმავალი აგული სასაფლაოზე აღმოჩნდება, სადაც საფლავების დიდი ნაწილი მისი გაფორმებულია. „პერსონალური გამოფენა" სევდას მოჰგვრის და გული სწყდება, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო დრო და ნიჭი ფუჭად გაფლანგა...

ფილმში ცოლ-ქმრის პერსონაჟებს მსახიობები გურამ ლორთქიფანიძე და ვალენტინა ტელეჩკინა განასახიერებენ. მათი ოჯახის თავი კი მაღალი ჭაღარა, ულვაშიანი კაცია - პიპინია ერისთავი, იგივე ვასილ ჩხაიძე, რომელიც ფილმის გადაღებისას უკვე 60 წელს იყო გადაცილებული.

პედაგოგი გურიიდან

ვასილ ჩხაიძე გურიის სოფელ აცანაში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენის განხრით დაამთავრა. სწავლობდა თეატრალურ სტუდიაშიც. 1927-34 წლებში ბათუმის თეატრის მსახიობი იყო, ერთხანს კი სკოლაშიც მუშაობდა რუსულისა და გერმანულის მასწავლებლად. 1956-62 წლებში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის მსახიობი 1967 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმში" მოხვდა. სხავდასხვა რეჟისორებთან მუშაობდა და 30-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი'' მისი ბოლო ფილმია, რომელს გადაღების დროსაც, ის კვლავ ელდარ შენგელაიასთან მუშაობდა, ვისი მეშვეობითაც პირველად გამოჩნდა ეკრანზე.

mshoblebi

რეჟისორის მოგონება

„არაჩვეულებრივი გამოფენისთვის“ პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე, - იხსენებს ელდარ შენგელაია, - ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. (აკაკი დობორჯგინიძე ის კაცია, რომელსაც "არაჩვეულებრივ გამოფენაში" 'პიპინიასთან თავის ძაღლი მოჰყავს მასპინძლის ძაღლთან შესაჯვარებლად, -ავტ). მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა გამოგვდგომოდა - ვასილ ჩხაიძე, ის ფოთის თეატრში მუშაობდა, იქიდან უნიჭობის გამო გარიცხეს და მას შემდეგ სოფელში გერმანულისა და რუსულის მასწავლებლად მუშაობდა.

გურამ ლორთქიფანიძე ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა. გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი პიპინია იყვნენ. ვასილ ჩხაიძემ მთავარ როლზე უარი მითხრა, ეპიზოდში ვითამაშებო. შევეცადე გადამერწმუნებინა და თბილისში დავიბარე. როცა ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურში გურამი დახვდა და პირდაპირ კინოსტუდიაში მოიყვანა. სინჯებს რომ ვუღებდით, კაცი გაქვავდა. მივხვდი, განათებას და მსგავს გარემოს არ იყო შეჩვეული. ჯერ სხვებს გადავიღებ, თქვენ დამელოდეთ და მერე ჩვენ ვცადოთ-მეთქი, - ვუთხარი ბატონ ვასოს. ასეც მოვიქეცი და მოგვიანებით კიდევ გადავიღე. ეტყობა, შეეჩვია გარემოს და აი, მაშინ უკვე კარგი ნამუშევარი გამოვიდა. ის იყო, რომ მას ხმა არ უვარგოდა და მეორე რეჟისორის, რამაზ შარაბიძის რჩევით, გახმოვანებისას ეროსი მოვიწვიეთ. ეროსისთან დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შემოქმედებისათვის. მან "არაჩვეულებრივ გამოფენაში" პიპინია და შემდეგ "შერეკილებში" ქრისტეფორე მგალობლიშვილის პერსონაჟები გაახმოვანა. მისი ხმა გადამწყვეტი გამოდგა"...

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ვასილ ჩხაიძე კინოში მოხვდა, ეროსი მანჯგალაძის გარდა, მის რამდენიმე პერსონაჟს გოგი გეგეჭკორი ახმოვანებდა. მსახიობი საკუთარი ხმით მხოლოდ თითო-ოროლა ფილმში მეტყველებდა.

„შერეკილები"

„ო, თამუნია, თამუნია"... - ეს კი უკვე ტრაგიკული ბედის ფიზიკოსი ქრისტეფორე მგალობლიშვილია, ელგარ შენგელაიას ფილმიდან „შერეკილები". მხატვრული ფილმი-კომედია 1973 წელს გამოჩნდა ეკრანებზე. სოფლიდან ქალაქში ბედის საძებნელად გამგზავრებული ღატაკი ბიჭი ერთაოზ ბრეგვაძე (დავით ჟღენტი) ციხეში ხვდება, სადაც უცნაურ პატიმარს ქრისტეფორეს გაიცნობს. საფრენი აპარატის შექმნის იდეით შეპყრობილი თანასაკნელი ახალგაზრდას თავის ჭკუაზე გადაიყვანს. „შერეკილებად'' მონათლული პატიმრები ციხიდან გაქცევას, ცათამფრენის აგებასაც მოახერხებენ და ყველას გასაკვირად, ცაში აფრენასაც შეძლებენ.

ამ დროისთვის ელდარ შენგელაია იმდენად კარგად იცნობდა ვასილ ჩხაიძის შესაძლებლობებს, რომ როცა რეზო გაბრიაძესთან ერთად ფილმის სცენარზე მუშაობდა, წერის პროცესშივე იცოდა, რომ ამ მხატვრული ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ვასილ ჩხაიძე იქნებოდა. ფილმი რეზო გაბრიძის წიგნის "უცხო ჩიტის" მიხედვით შეიქმნა და ვასილ ჩხაიძესთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ: არიადნა შენგელაია, ბორის წიფურია, აბრეკ ფხალაძე, მერაბ ელიოზიშვილი, კაკო ბაქრაძე, გრიგოლ ტყაბლაძე და სხვანი.

2013 წელს, ვასო ჩხაიძის გარდაცვალებიდან თითქმის 30 წლის გასვლის შემდეგ, ელდარ შენგელაიამ მეგობრებთან ერთად მსახიობის ნეშტის მუხათგვერდის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადასვენება ითავა და ვასილ ჩხაიძე ეროსი მანჯგალაძის გვერდით დაკრძალეს.

მსახიობი ადრე დაქვრივდა, მისი მეუღლე პროფეიით ექიმი გახლდათ და მათ ერთი ვაჟი გიორგი ჰყავდათ. მას თეატალური უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და რამდენიმე ფილმში იყო გადაღებული. სამწუხაროდ გიორგი 2000 წელს გარდაიცვალა. ფილმში „ცისფერი მთები“ გიორგი ჩხაიძე შუქრის როლს განასახიერებს და ეს უჟმური პერსონაჟი, მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელს ფრანგული ენის შესწავლის მცდელობით ამახსოვრებს თავს...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"