"წყალი, ხალხნო! ყველამ და ყოველთვის სვით ბევრი წყალი..." - ზურა ბალანჩივაძის ჩანაწერები კლინიკიდან - მშობლები

"წყალი, ხალხნო! ყველამ და ყოველთვის სვით ბევრი წყალი..." - ზურა ბალანჩივაძის ჩანაწერები კლინიკიდან

2020-10-06 04:09:40+04:00

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" თა­ნამ­შრო­მელი, გა­და­ცე­მა "იმე­დის დი­ლის" წამ­ყვანი ზუ­რაბ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, რომელსაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, ჩანაწერებს აკეთებს საზოგადოებისთვის კლინიკიდან, სადაც მკურნალობს:

"დღე მე-3:

38 გრადუსი სიცხით მხოლოდ ეს მოვახერხე. ცოტათი კეისრულია.

კარგად მეძინა ღამით. მანამდე სიცხემ კარგადაც დამიწია, ვიოფლიანე და გამოვიძინე, მოკლედ.

გუშინ თითქმის მთელ დღეს 38,5 მქონდა. დავლიე ტერაფლუ - ვერაფერი. დავლიე ნუროფენი და დაიწყო დაწვა საღამოსკენ. დილიდან ისევ სიცხე მაქვს 38 +/- 2. ბრონქები თითქოს სუფთა მაქვს, რადგან სწრაფი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ხველა არ მომყვება, არადა ხველა თუ დამეწყო, ერთ თვემდე მიგრძელდება. როცა შედარებით დაბალი სიცხე მაქვს, უფრო აქტიური ვარ, როცა მომიმატებს - მოვიწყენ ხოლმე. მეტი ამ ეტაპზე არაფერი. მალე დავურეკავ ოჯახის ექიმს და ვეტყვი ამ ყველაფერს.

ჩემს ძმას აღმოაჩნდა გუშინ სუსტი დადებითი. მეორე ოთახშია ისიც, იზოლაციაში. 37,3 აქვს სიცხე დაახლოებით.

რომ ვათვალიერებ სოციალურ ქსელებს, ახლა ყველაფერი ისე მკვეთრად აღიქმება, როგორც კომენდანტის საათის დროს - ბევრი ადამიანი ისევ ერთად დგას, წესებს არ იცავენ და იქცევიან ისე, ვითომც არაფერია. კი, ყოფილა შემთხვევა, რომ მეც ერთი-ორჯერ პირბადის გარეშე ვყოფილიყავი და ძალიან გავრისკე, მაგრამ მაშინ ყველანი გადავრჩით. იმის მერე ისევ გავამკაცრე ჩემი წესები, თუმცა ვერ ავცდი. ამით იმის თქმა მინდა, რომ დაზღვეული არავინაა, თუმცა წესების დაცვა დროული მოქმედება მკვეთრად ამცირებს დაინფიცირებისა და სხვაზე გადადების რისკს. როგორც კი სიცხე ვიგრძენი, ეგრევე პი-სი-არ ტესტი გავიკეთე, სახლში ჩავიკეტე და შვიდ საათში პასუხი ვიცოდი.

ძალიან დიდი მადლობა ყველას მოკითხვისთვის და დახმარების შემოთავაზებისთვის.

ახლა რაც შეეხება მათ, ვისაც კოვიდი ჩვეულებრივი გრიპი ჰგონია. კი, რაღაც მომენტში, ეგრეც არის, რადგან სიმპტომები და გამოვლინება მეტნაკლებად იგივე აქვს (გემოსა და ყნოსვის დაკარგვას თუ არ ჩავთვლით, რაც მე არ აღმენიშნება). აქ მთავარი გადაცემის სიჩქარეა:

გრიპი მქონდა 2018 წლის სექტემბერშიც და 2019 წლის დეკემბერშიც. პირველი ყელის ტკივილით განვითარდა, მეორე - 39 გრადუსი სიცხით. არც ერთხელ არავის ჩემგან არ გადასდებია. მაშინ ხომ წესებს ასე არ ვიცავდით. თან გასულ წელს სიცხიანი გადაცემაშიც ვიჯექი და ყველა ჯანსაღად იყო. ახლა კი ველოდებით პასუხებს იზოლაციაში მყოფი თანამშრომლებისგან და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ამ ვირუსს მართლა აქვს გადაცემის გაცილებით მაღალი რისკი.

ასე რომ, თუ ივლით პირბადით და ცხვირს ბავშვის კუტუსავით არ გადმოყოფთ, იარეთ, სადაც გინდათ. არ მიასკდეთ და არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს. ხელებზე საინტაიზერი ხშირად.

ჯანმრთელობა ყველას".

4 ოქტომბერი

"ღამე ცუდად მეძინა. არ ყოფილა კათეტერიანი ხელის კონტროლი მარტივი, თან ვიოფლიანე კიდევ ერთხელ. იმდენ წყალი ვსვი ეს დღეები, რომ არ მიკვირს. დღეს მაქვს 37.1 ტემპერატურა და ნახველი, თუმცა ხველა არა. მუცლის ღრუს ექოსკოპიამაც ყველაფერი ნორმის ფარგლებში აჩვენა. მთავარია, პნევმონია არ განვითარდეს და დანარჩენ შემთხვევაში, გადარჩენილი ხარო, მითხრეს. ამის გაგებას კი კიდევ რამდენიმე დღე უნდა.

ახლა გასწავლით, ოჯახის პირობებში როგორ უნდა შეამოწმოთ ბრონქები და ფილტვები: ღრმად ჩაისუნთქეთ ჰაერი, გაბერეთ სამკერდე ფიგურა და შეიკავეთ. მერე ერთბაშად ამოისუნთქეთ. თუკი რომელიმე ნაწილში ხველა აგიტყდათ ან ჰაერი ვერ გაიჩერეთ, მაშინ შეიძლება, სასუნთქი გზები იყოს საყურადღებო.

წყალი, ხალხნო! ყველამ და ყოველთვის სვით ბევრი წყალი. იმდენი, რომ სულ ტუალეტში დარბოდეთ. უხდება კანს, თმის ძირებს, წნევას, ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ორგანიზმს. წყალი გვჭირდება არა მხოლოდ მაშინ, როცა გვწყურია. წყურვილი ერთგვარი განგაშის სიგნალია.

გასული წლის დეკემბერში რომ რომელიღაც გრიპმა მათრია და სამ დღეს ფეხზე რომ ვერ ვდგებოდი, წყლის სმის გარდა, არაფერი გამიკეთებია. როცა შევძელი და ავდექი, მერე წავედი და გავესინჯე ფილტვებზე და მხოლოდ ბრონქიტის ნიშნები მქონდა. თავისთავად ცხადია, წყალი არ არის წამალი და არიქა, მხოლოდ გრიპის დროს მიღება-არმიღებით არ წყდება საქმე. უბრალოდ, ორგანიზმი მიჩვეული უნდა იყოს წყალს, რომ თუ რაიმე ცუდი შეყვა, მალ-მალე გამოდენოს.

დაბოლოს, ბევრისგან გამიგია, რომ კორონას მაინც ყველანი მოვიხდით და შფოთვას აზრი არა აქვს. მოდით, ასე გეტყვით: კი ბატონო, დიდი ალბათობით, ყველას თუ არა, ძალიან ბევრს შეხვდება. გარდა იმისა, რომ მოწყვლადი ჯგუფის ხალხს სიკვდილით ემუქრება, ეგ ყველაფერი არ არის: არავინ იცის, ვის რა ფორმით და რა დროს შეხვდება. ჯერ ერთი, რომ თუკი ერთმა უსიმპტომოდ, ხოლო მეორემ მსუბუქად მოიხადა, არ ნიშნავს, რომ მესამესთანაც ასე იოლად იქნება საქმე. და მეორეც: შეიძლება, იმ დროს გახდეთ ავად, რომ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილი არ იყოს და მედპერსონალის ყურადღებით ვერ ისარგებლოთ. დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ, სად, როდის და ვისთან ერთად გიღირთ დროის ტარება.

ჯანმრთელობა ყველას".

5 ოქტომბერი