"ბავშვს აქვს ტემპერატურა 35,5. ასევე დიარეა და ღებინება. ახალი ვირუსია ბავშვებში?" - მსგავსი შინაარსის შეკითხვა დედების სოციალურ ჯგუფებში ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩნდა.
ბევრმა მშობელმა მოგვწერა, რომ მათ შვილებს ძალიან დაბალი, 36 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა აღენიშნებათ. რა შეიძლება იყოს ჰიპოთერმიის მიზეზი სხვადასხვა ასაკში, როგორ ხდება მკურნალობა და რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია, თემაზე ცნობილი პედიატრი, ეკა უბერი გვესაუბრება:
- როგორც მაღალი, ისე დაბალი ტემპერატურა, ინფექციის გამოვლინებად შეიძლება განიხილოს. ამიტომ, დაბალი ტემპერატურა, ხანგრძლივი დროით, ორგანიზმში ინფექციური პროცესის მიმანიშნებელი შეიძლება იყო. გარდა ამისა, დაბალი ტემპერატურა შეიძლება გამოვლინდეს სიცხის დამწევი პრეპარატების არასწორი დოზირებით მოხმარებისას. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გადაციება. ამ შემთხვევაში ბავშვს თბილი წყლის აბაზანაში ვსვამთ, შემდგმომ კი თბილ ტანსაცმელში ვახვევთ. ყველაზე ეფექტური, დედის ორგანიზმთან მიხუტებაა. კანის კანთან კონტაქტი გაცილებით სწრაფად ათბობს ორგანიზმს.
- სხვა შემთხვევაში, როდესაც ბავშვს რეგულარულად აქვს დაბალი ტემპერატურა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
- პირველ რიგში, უნდა მიმართოს ექიმს, რომ მან გამორიცხოს ინფექციური ეტიოლოგიით განპირობებული დაბალი ტემპერატურა. როგორც წესი, ეს ინფექციის გამოვლინებაა და უმრავლეს შემთხვევაში თვითლიკვიდირებადი, თვითგანკურნებადია და თავისით გაივლის რამდენიმე დღეში, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. დაბალი ტემპერატურა შეიძლება იყოს თერმორეგულაციის დარღვევა. ახალშობილებს, განსაკუთრებით კი დღენაკლულებს, ახასიათებთ, ამიტომ დღენაკლულებში ჰიპოთერმია უხშირესად გადაციებითაა განპირობებული, ანუ მათი ორგანიზმიტემპერატურას ვერ ინარჩუნებს. ცოტა მოზრდილ ბავშვებში ეს შეიძლება იყოს განპირობებული ინფექციით ან კიდევ ენდოკრინული, ასევე ნევროლოგიური პრობლემებით, რომლის კლასიფიკაციასაც ექიმი ახდენს.
- დაბალი ტემპერატურა სეზონურ გრიპთანაც არის დაკავშირებული?
- სეზონური გრიპი, როგორც ვიცით, გრიპის ვირუსითაა განპირობებული და როგორც სხვა ინფექცია, გრიპის ვირუსიც შეიძლება იყოს ჰიპოთერმიის მიზეზი. კონკრეტულად გრიპის ვირუსზე, როგორც ჰიპოთერმიის მიზეზზე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ. როგორც ყველა, სხვა ვირუსული ინფექციებმა, ასევე გრიპის ვირუსმაც შეიძლება განაპირობოს დაბალი ტემპერატურის არსებობა.

- რა ითვლება დაბალ ტემპერატურად?
- ზოგადად, საშუალოდ, ორგანიზმის ტემპერატურა 36,3-დანაა. არიან ადამიანები, რომლებშიც ჰიპოთერმია ნორმად განიხილება. მაგრამ, როგორც წესი, 36-ზე დაბლა ტემპერატურა ჰიპოთერმიაა და ასუცილებელია შესაბამისი მიზეზების დადგენა.
- მშობელთა ნაწილი მოგვმართავს, რომ მათ შვილებს სიცხე და ფაღარათი აქვთ. არის რაიმე ახალი ვირუსი, რასაც აღნიშნული სიმპტომები ახასიათებს?
- ვირუსული დიარეით განპირობებული ინფექციის ეტიოლოგიური ფაქტორები შეიძლება მრავალი იყოს, ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ პაციენტებს სიმპტომურად ვმკურნალობთ და უხშირეს შემთხვევაში ანტიბიოტიკებს არ ვიყენებთ. დიარეული დაავადების დროს, რაც ცხელებით და ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით გამოვლინდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა მოწოდებული, რაც სიცხის დამწევ და დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატებს მოიაზრებს. პირველ რიგში, იგულისხმება დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების აღდგენა ელექტროლიტური ხსნარების მეშვეობით. დიარეის სეზონად ზაფხულის ცხელი დღეები ითვლება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ინფექცია დღემდე გრძელდება და სეზონურ ხასიათს ატარებს. ძალიან ხშირია ჩვენთან ახლა ამ სიმპტომებით მომართვიანობა. ზოგიერთ შემთხვევაში გვიწევს ანტიბიოტიკოთერაპია, რადგან დასტურდება არა ვირუსული, არამედ ინფექციის ბაქტერიული წარმომავლობა. ერთი და იგივე კლინიკური სიმპტომატიკა შეიძლება იყოს განპირობებული როგორც ვირუსებით, ასევე პარაზიტებით და ბაქტერიული მიზეზებით. ამას მხოლოდ ექიმი ადგენს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. განზოგადებული მკურნალობის სქემა ამ სიტუაციაში არ არსებობს.
თამარ იაკობაშვილი