"ბავშვებს უფრო იშვიათად მიაქვთ სახლში კორონავირუსი, ვიდრე უფროსებს" - ახალი კვლევების შედეგები - მშობლები

"ბავშვებს უფრო იშვიათად მიაქვთ სახლში კორონავირუსი, ვიდრე უფროსებს" - ახალი კვლევების შედეგები

2020-10-08 05:56:34+04:00

საქართველოში სკოლები მრავალთვიანი დისტანციური სწავლების შემდეგ პირველად გაიხსნა. მიუხედავად ამისა, მშობლებში დღემდე არ წყდება ღელვა, გაუშვან პატარები სკოლაში თუ ისევ ონლაინსწავლება არჩიონ. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული ის მასალები, რომლებიც აჯამებენ მონაცემებს, თუ რამდენად მოქმედებს სკოლების გახსნა ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაზე ან რამდენად არიან ბავშვები გადმდებები უფროსების ან თანატოლების მიმართ.

გამოცემა telegraph.co.uk-ში გამოქვეყნებული წერილი Insights for Education-ის ანგარიშს მიმოიხილავს, სადაც ნათქვამია, რომ სკოლების გახსნა კორონავირუსის შემთხვევათა მატებასთან პირდაპირ კავშირში არ არის:

telegraph.co.uk:
91 ქვეყნის მაგალითის ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ სკოლების მუშაობის განახლებასა და კოვიდ-19-ის შემთხვევათა მატებას შორის კავშირი არ არსებობს.
მსოფლიო მონაცემებმა ცხადყო, მოსწავლეების სკოლებში დაბრუნებამ არც შემთხვევების მომატებაზე იმოქმედა და არც სახლში ჩაკეტვამ შემთხვევების კლებაზე. ამის შესახებ Insights for Education-ის ანგარიშშია ნათქვამი.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, რენდა გრობ-ზაჰარის თქმით, მნიშვნელოვანია მტკიცებულებების შესწავლა, რათა სკოლების გახსნა-დაკეტვა შეცდომით არ მივიჩნიოთ კორონავირუსის გავრცელება-არგავრცელების მიზეზად.
"მიიჩნეოდა, რომ თუ სკოლები შეუზღუდავად იმუშავებდნენ, ეს ინფექციის მასშტაბურ გავრცელებას გამოიწვევდა, ხოლო თუ დავკეტავდით, ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებოდა. აღმოჩნდა, რომ რეალობა გაცილებით რთულია. ახლა მთავარია, ვისწავლოთ იმ ქვეყნებისგან, სადაც ინფექციის მატების ფონზე ეფექტურად ხსნიან შეზღუდვებს, მათ შორის, სკოლებშიც".

52 ქვეყანაში, რომელთა შორისაა საფრანგეთი და ესპანეთი, შემთხვევები არდადეგების პერიოდში გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ხორვატიაში, ინფიცირების შემთხვევების კლება სწორედ სკოლების გახსნის პერიოდს დაემთხვა. უნგრეთსა და ბრიტანეთში სკოლების გახსნის პერიოდიდან აკვირდებიან ინფიცირების რიცხვის ზრდას. მონაცემების თანახმად, რომელიც იუნესკოს და მსოფლიო ბანკის ციფრებს ეყრდნობა, ბრიტანეთში მატება მანამ დაიწყო, სანამ სკოლები გაიხსნებოდა.
"ჯამში, სურათი იმდენად მრავალმხრივია, რომ სკოლების გახსნასა და კოვიდინფექციის გავრცელებას შორის პირდაპირი კავშირის დამტკიცება შეუძლებელი იქნება - ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც, მათ შორის ჯანდაცვის სისტემის პოტენციალი და ტესტირების სისტემის სანდოობა.
მონაცემების ანალიზი მიუთითებს, რომ მეცნიერები თანდათან რწმუნდებიან, რომ ბავშვები, რომლებიც თავიდან ვირუსის ძირითად პოტენციურ გამავრცელებლებად მიიჩნეოდნენ, სინამდვილეში სულაც არ ასრულებენ ამ როლს. სამაგიეროდ იზრდება იზოლაციისგან გამოწვეული გვერდითი მოვლენების რიცხვი ბავშვებში და ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოშია.
ანგარიშის თანახმად, 711 მილიონი ბავშვი კვლავ სკოლის მიღმაა, ძირითადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში და მათ წლის ბოლომდე ამ რეჟიმში ყოფნა ელით. გრობ-ზაჰარის განცხადებით, ქვეყნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ პანდემიის ადრეულ ეტაპზე არიან, შეუძლიათ გაკვეთილად გამოიყენონ იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც უკვე მეორე ტალღას ებრძვიან, აწესებენ ახალ ნორმებს და ცხოვრობენ იმ რეალობით, რომ ვირუსი არსად მიდის, მაგრამ საგანმანათლებლო პროცესი ამის მიუხედავად, უნდა აღდგეს.
"უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, ჰიგიენის წესების გაუმჯობესება, ნიღბების ტარება და დისტანციის დაცვა, ჩანს, რომ უმეტესობა ქვეყნებში მუშაობს იმ ფონზე, რომ სკოლები გახსნილია" - აცხადებს ზაჰარი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ სკოლების გახსნისთვის სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა იყოს შეარჩიოს დრო, რადგას ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგალითად კი ასახელებს ისრაელს, რომელიც მეორედ გახდა იძულებული ლოქდაუნი გამოეცხადებონა.
სერიოზულ როლს თამაშობს ტესტირებოს სისტემაც. სიერა-ლეონეში სტუდენტებს, რომლებიც გამოცდებს აბარებდნენ, რეგულარულად ტესტავდნენ და დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი, ცალკე ოთახში რთავდნენ გამოცდაზე ყოფნის უფლებას, თუ თავს კარგად გრძნობდნენ.

გრობ-ზაჰარის შეფასებით, ეს მოხსენება მნიშვნელოვანია, რათა დაამსხვრიოს ცრუ წარმოდგენა, რომ სკოლა კორონავირუსის გავრცელების უფრო მაღალ რისკს ქმნის, ვიდრე სხვა გარემო.

გამოცემა The Independent იმ კვლევებით დაინტერესდა, რომლებიც ბავშვების ინფიცირების და მათგან უფროსებზე ან თანატოლებზე გადადების ტენდენციებს სწავლობდა. გამოცემამ ამ კვლევებიდან მოყვანილი დასკვნები წარმოადგინა:
ინგლისში ჩატარებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ზაფხულის არდადეგებამდე, ივნისში, მილიონი ბავშვიდან, 70 ბავშვი და 128 თანამშრომელი დაინფიცირდა კორონავირუსით. კვლევაში სკოლამდელი და დაწყებითი საფეხურის ბავშვები მონაწილეობდნენ. კვლევის თანახმად, 30 შემთხვევაში თანამშრომლებმა გადასდეს ერთმანეთს, მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მოსწავლე გახდა მეორე მოსწავლის დაინფიცირების წყარო. აპრილში Don't Forget the Bubbles-ის ბლოგზე პედიატრიის სამეფო კოლეჯისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორობით გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ვირუსის ბავშვიდან უფროსზე გადადების არც ერთი ეპიზოდი არ დაფიქსირებულა.

კვლევის შემდგენმა ექიმმა ალასდაირ მუნრომ The Independent-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბავშვებს დაინფიცირების ნაკლები შანსი აქვთ, რომ ნაკლებად იძენენ ვირუსს სახლში კონტაქტის დროს, ვიდრე უფროსები და უფრო იშვიათად მიაქვთ სახლში დაავადება, ვიდრე უფროსებს.

უნდა გავაგრძელოთ თუ არა სიფრთხილის გამოჩენა ბავშვების შემთხვევაში?

აღნიშნულ კვლევებში მხოლოდ სკოლამდელი და დაწყებითი საფეხურის ბავშვები მონაწილეობდნენ და არა უფროსკლასელები.

ფრანგმა ეპიდემიოლოგმა, არნო ფონტანენტამ, ფრანგულ სკოლებში ჩატარებული კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ პატარა ასაკობრივ ჯგუფებში გადაცემის ისეთი მაჩვენებელი არ ფიქსირდება, მაგრამ მოზარდები ისევე ხდებიან ვირუსის გამავრცელებელნი, როგორც ზრდასრულები.

რედინგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტი, ექიმი საიმონ კლარკი, ამბობს, რომ მსჯელობისას, გადააქვთ თუ არა ბავშვებს ვირუსი, სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია, დაბეჯითებით თქმა არც ერთი მოსაზრების სასარგებლოდ არ შეგვიძლია. საქმე ისაა, რომ ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ვირუსზე.“- აღნიშნა მან The Independent-თან საუბრისას.