როგორ დააძინებენ ბავშვებს და რა აკრძალვები დახვდებათ მშობლებს საბავშვო ბაღებში: "ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა შეეხება ახალ ბავშვებს, რომლებიც პირველად მიდიან ბაგა-ბაღებში" - მშობლები

როგორ დააძინებენ ბავშვებს და რა აკრძალვები დახვდებათ მშობლებს საბავშვო ბაღებში: "ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა შეეხება ახალ ბავშვებს, რომლებიც პირველად მიდიან ბაგა-ბაღებში"

2020-10-06 07:10:55+04:00

მას შემდეგ, რაც ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი პირველი ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე გადაიდო, მშობლების მთავარი კითხვაა, განახლდება თუ არა დადგენილ ვადაში. ამ შეკითხვას "იმედის დილაში" თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვმას სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე პასუხობს. ის ასევე ჰყვება იმ ახალი რეგულაციების შესახებ, რომლის დაცვაც მშობლებსა და ბაღის თანამშრომლებს მოუწევთ.

- ჩვენ ვგეგმავთ, რომ 12-ში დავიწყოთ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი და ამისთვის სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ.

- ყველა ბაღში დაიწყება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი?

- 185 ბაღი გვაქვს. შრომის ინსპექციასთან ერთად, ყველა შემოწმდა. ამ ეტაპზე, მხოლოდ 8 ბაღია, სადაც მცირე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რეგულაციებიდან გამომდინარე. 2 დღეში დასრულდება ეს ყველაფერი, ასე, რომ ყველა ბაღში ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ პროცესი.

- რა იყო მთავარი სტანდარტი, რაც უნდა დაეკმაყოფილებინათ ბაღებს?

- ძალიან ბევრი რეგულაცია შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება სექტემბერში გამოიცა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ფაქტობრივად კოვიდუსაფრთხოების კუთხით სხვადასხვა სერიოზული ცვლილება შევიტანეთ როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილში, ასევე მეთოდოლოგიურ ნაწილში. ცვლილებები გულისხმობს, პირველ რიგში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უცხო პირებისა და მშობლების არშესვლას ბაღებში. ამისთვის, ჩვენ შემოვიტანეთ შემდეგი წესი, რომელიც ბავშვების მიღების და გაყვანის რეგულაციას გულისხმობს. ყველა ეზოშია დახაზულია სხვადასხვა ფორმის მინიშნებები, თუ სად უნდა დადგნენ მშობლები ბავშვებთან ერთად. ეს არის ჯგუფებისა და ფერების მიხედვით, რომ მარტივად აღიქვას მშობელმა. სამწუხაროდ, მშობელი ვერ შედის შენობაში. შენობიდან გამოდის აღმზრდელი და ხვდება ბავშვს. ჩვენი თითოეული თანამშრომელი ეკიპირებულია ხალათით, პირბადით, ხელთათმანებით და ხვდება ასეთი ფორმით ბავშვს. ეზოში მიმდინარეობს ეს პროცესი, ბავშვს წაიყვანს, რომლის შემდეგაც თერმოსკრინინგი ხდება. შეჰყავს ოთახში, სადაც მეორე თანამშრომელი ხვდება და ბავშვს იტოვებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც აქ არის, ეს შეეხება ახალ ბავშვებს, რომლებიც პირველად მიდიან ბაგა-ბაღებში. ერთ-ერთი რთული ამოცანაა ჩვენთვის. ამისთვის გავაკეთეთ ღია კარის დღეები ღია სივრცეებში, ეზოებში და წინასწარ ვთხოვეთ მშობლებს, რომ ბავშვები მოეყვანათ ეზოში და აღმზრდელისა და ბავშვის კომუნიკაცია შემდგარიყო. ეს პროცესი გავიარეთ,თავისთავად, პრობლემა გვექმნება და ვიცით, რომ ეს სტრესული იქნება, თუმცა ჩვენი პატარების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ რეგულაციების შესრულება საჭიროა.

- იყო მშობლების პროტესტი თერმოსკრინინგთან დაკავშირებით. როგორ მოგვარდა ეს პრობლემა?

-შევეცადეთ, რომ ყველასთვის აგვეხსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს თერმოსკრინინგს. ნებისმირი უცხო ნივთი, მათ შორის, პირადი თერმომეტრი, ბაღში არ შეიძლება. თუ თერმოსკრინინგმა დააფიქსირა ტემპერატურა, სპეციალურად შევქმენით ე.წ. დასაყოვნებელი, საიზილაციო სივრცეები და ბავშვი გადადის ამ სივრცეში, საიდანაც მშობელმა უნდა გაიყვანოს. თუ ეს ვერ ხერხდება, მივმართავთ 112-ს და უკვე სხვა რეგულაცია ერთვება. თუ ბავშვს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობისას აღმოაჩნდა სიცხე, ამ შემთხვევაშიც ექთანთან ერთად გადადის საიზოლაციო სივრცეში, მშობელს ეცნობება და ვთხოვთ, რომ გაიყვანოს გონივრულ ვადაში. ეს რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამის გარდა კიდევ სხვა წესებიც არსებობს.

- როგორია საწოლების განლაგება ან შეიცვალა თუ არა კვების რაციონი?

- კვების რაციონი არ შეიცვალა, თუმცა შეიცვალა ჭურჭლის რეცხვის წესი. ასევე, შემოვიდა ერთჯერადი ჭიქები ბავშვებისთვის. აიკრძალა საკუთარი ბოთლის სახლიდან წაღება. ჭურჭლის რეცხვის წესი შეიცვალა, რისთვისაც მთელი რიგი ინფრასტრუქტურის ცვლილება, დამატებითი ნიჟარების შეძენა და დამონტაჟება დაგვჭირდა როგორც სამზარეულოში, ასევე ბავშვების ოთახებში, სადაც ჭურჭელი ირეცხება. კვების პროდუქტები შეტანის წესიც შეიცვალა და მაქსიმალურად უსაფრთხო გახდა. შეიცვალ ასევე თეთრეულის რეცხვის წესი. კვირაში ერთხელ ეთხოვებოდათ ბაღებს, რომ გაერეცხათ თეთრეული, ახლა უკვე ორჯერ ხდება ეს ყველაფერი და გავაკეთეთ გარე კონტრაქტები სამრეცხაოებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პაკეტირებას და ისე მოტანას. დაახლოებით, 6 მილიონით გაიზარდა ჩვენი ხარჯები, თუმცა ეს იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბავშვების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. საწოლების დისტანცირება ძალიან რთული ამოცანაა, ბავშვები დაწვებიან საპირისპიროდ, სახით კონტაქტი რომ არ განხორციელდეს და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ სადაც ამის შესაძლებლობაა საძნებელ ოთახებში დისტანცირება მომხდარიყო. სათამაშო ოთახებში შემოვიღეთ შემდეგი რეგულაცია: ძირითადად ოთხი ცენტრი იქნება, სადაც ბავშვები გაიყოფიან და განთავსდებიან, ოთახის ოთხი კუთხიდან გამომდინარე. ასევე, თანამშრომლები პირბადეებით იქნებიან და არ იქნება ისეთი სათამაშოები, რომლის რეცხვაც შეუძლებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გახლავთ, ესაა ბავშვების ინდივიდუალური ჩანთები, სადაც განთავსებული იქნება ყველა საკანცელარიო მასალა, რომელიც მეთოდოლიგიისთვის სჭირდება ბავშვის აღზრდას. თითოეულ ჩანთას ბავშვის სურათი აქვს დაკრული, რომ მან ადვილად მიაგნოს და სხვა ბავშვის ნივთები არ გამოიყენოს. ეს წესები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უსაფრთხოების ზომები გავზარდოთ.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბაღში ტემპერატურა ან კოვიდის შემთხვევა დაფიქსირდება, ვინ იღებს შემგდომი ნაბიჯების გადაწყვეტილებას?

-გადაწყვეტილებას იღებს ბაღის ადმინისტრაცია. როდესაც ბაღში დაფიქსირდება ტემპერატურა, როგორც ვთქვი, აუცილებლად ეცნობება მშობელს და ის მოდის გონივრულ ვადაში, ვრეკავთ 112-შიც. თუ აღმოჩნდა კოვიდის შემთხვევა, თავისთავად, გადავდივართ თვითიზოლაციის რეჟიმზე და უკვე სხვა წესები შემოდის, ბაღების დახურვიდან გამომდინარე.