"პედაგოგებს ბევრს ჰქონდა მასთან კონტაქტი" - ინფიცირებული მასწავლებლების გამო კლასიკური გიმნაზია და 173-ე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის - მშობლები

"პედაგოგებს ბევრს ჰქონდა მასთან კონტაქტი" - ინფიცირებული მასწავლებლების გამო კლასიკური გიმნაზია და 173-ე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

2020-10-14 19:17:36+04:00

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან გამომდინარე, სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 21 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის დირექტორი თამარ კაპანაძე ავრცელებს.

„მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სკოლის პედაგოგს, დაუდასტურდა Covid 19.

პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა. ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს! თუმცა, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე. პირადად მე არ მქონია შეხება პედაგოგთან!“, - აცხადებს სკოლის დირექტორი.

სკოლაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა 173-ე სკოლაც. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სასწავლო დაწესებულებაში დაუდასტურეს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" სკოლის დირექტორი ლია თუშური აცხადებს, სკოლა დღეს ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა და ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმი ხვალიდან 12 დღის განმავლობაში, გაგრძელდება.

"კორონავირუსი დაუდასტურდა ჩვენი სკოლის პედაგოგს, ორსულადაა და უკვე მკურნალობს. რეკომენდაცია იყო კონტაქტში მყოფი პირები გარკვეული ვადით უნდა გადაგვეყვანა თვითიზოლაციაში. პედაგოგებს ბევრს ჰქონდა მასთან კონტაქტი, სწორედ ამიტომ 12 დღით გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, სრულად მთელი სკოლა", - განაცხადა ლია თუშურმა.