„როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე“ - საბავშვო ბესტსელერის მესამე წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა - მშობლები

„როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე“ - საბავშვო ბესტსელერის მესამე წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა

2020-10-26 13:28:32+04:00

მშობლები გამუდმებით დაეძებენ წიგნებს, რომლებსაც ბავშვები ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე, სიამოვნებით წაიკითხავენ. ასეთი წიგნების პოვნა რთულია, ისევე, როგორც თანამედროვე ბავშვებში ინტერესის აღძვრა. დიახ, ნამდვილად რთულია, თუმცა არა შეუძლებელი, რადგან არაერთმა თანამედროვე ავტორმა შეძლო ძალიან კარგად მორგებოდა პატარა მკითხველის გემოვნებასა და სურვილებს. ბრიტანელი მწერლის, კრესიდა კოუელის ბესტსელერი „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“ სწორედ ასეთი აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ, წიგნის მიხედვით, სრულმეტრაჟიანი მულტფილმიც გამოვიდა, კინოთეატრებთან რიგები დადგა, წიგნის მილიონობით ეგზემპლარი კი თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

„ბევრი წიგნი წამიკითხავს, მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნების ჩამოთვლისას, ძალიან ცოტას ვასახელებ ხოლმე. თავიდან, არც მეგონა, რომ „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“ ჩემი საყვარელი წიგნი გახდებოდა. ვფიქრობდი, ალბათ ბიჭებს უფრო მოეწონებათ-მეთქი. მაგრამ ისეთი სასაცილო, გულისამაჩუყებელი და საყვარელი პერსონაჟები ვიპოვე, მივხდი, სულ ერთია, გოგო წაიკითხავს თუ ბიჭი, ყველას ძალიან მოეწონება. თან ნახატებიც ახლავს და ამითაც ერთობი კითხვის დროს, არ მოგწყინდება. მიხარია, რომ კარგ წიგნებს შემდეგ გაგრძელებებიც აქვთ. „როგორ მოვარჯულოთ დრაკონის“ უკვე მესამე წიგნი გამოვიდა, სერიალივითაა და გული არ გწყდება, რომ მთავრდება“, - ამბობს 13 წლის ანი.

კრესიდა კოუელის „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“ არის წიგნი ბავშვურ და დიდურ სამყაროზე, სიკეთესა და მამაცობაზე, მეგობრობასა და თავდადებაზე - ეს ყველაფერი მართლაც რომ ფრთებს შეასხავს ბავშვის ფანტაზიას.

დღეს იგი მილიონობით ეგზემპლარს ითვლის. წიგნების თაროს ასეთი ვარსკვლავები არც ქართველ გამომცემლებს „ეპარებათ“ და ცდილობენ, პატარა მკითხველს შესთავაზონ.
mshoblebi
ცოტა ხნის წინ, ბესტსელერის მესამე წიგნი "როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე" ითარგმნა და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში უკვე ხელმისაწვდომია.

„კრესიდა კოუელის "როგორ მოვარჯულოთ დრაკონი" წარმოადგენს წიგნს, სადაც ბავშვებს ადვილად შეუძლიათ საკუთარი თავი პერსონაჟების, როგორც ადამიანების, ისევე დრაკონების როლში წარმოიდგინონ. ვფიქრობ, ეს წიგნი საშუალებას მისცემს პატარებს, ერთხელ კიდევ ისწავლონ, რომ აღიარებისთვის საჭიროა მუხლჩაუხრელი შრომა და სირთულეებისთვის თვალის გასწორება. ეს წიგნი ასწავლის ბავშვებს, რომ შიში არ არის სირცხვილი და არც დანაშაული. მთავარია, გააკეთო ის, რისი მოვალეც ხარ. ამასთან, წიგნი ბავშვებს აცნობს წარსული ეპოქების, ვიკინგების ყოფა-ცხოვრებას და მათ წეს-ჩვეულებებს და კულტურულ გარემოს პოპულარული ენით გადმოსცემს. სახალისო ილუსტრაციები წიგნის კითხვას კიდევ უფრო ცოცხალ და გასართობ პროცესად აქცევს. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ გამომცემლობა "პალიტრა L-მა" ბავშვებს მართლაც ძალიან კარგი საჩუქარი მიუძღვნა ამ წიგნის თარგმნით“, - აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში წიგნის მთარგმნელი არჩილ რაჭველი.