"ბავშვს 3 ძირითადი კვება და 1-2 წასახემსებელი სჭირდება" - როგორ უნდა იკვებოს ბავშვმა ყოველდღიურად - მშობლები

"ბავშვს 3 ძირითადი კვება და 1-2 წასახემსებელი სჭირდება" - როგორ უნდა იკვებოს ბავშვმა ყოველდღიურად

2020-11-02 06:53:28+04:00

ბავშვისთვის სწორად შერჩეული პროდუქტებით დაბალანსებულ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი რაციონი მრავალფეროვანი და ჯანსაღი უნდა იყოს. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვთა კვებაში, როგორ უნდა გადანაწილდეს პროდუქტები მათ რაციონში, ასაკის მიხედვით და პანდემიის პირობებში, რას ენიჭება უპირატესობა - თემაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება:

- სათანადო კვება აუცილებელია ბავშვისთვის. ეს უზრუნველყოფს მის ჯანსაღ ზრდას, იმუნური სისტემის გაძლიერებას და აუმჯობესებს გონებრივ განვითარებას. ეს ასევე ამცირებს ჭარბი წონის ან სიმსუქნის, ინფექციური დაავადებების ან მომავალში ქრონიკული პათოლოგიის განვითარების რისკს.

პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვების უზრუნველყოფა 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. რანდენიმე რჩევა ასაკის მიხედვით:

განაგრძეთ ძუძუთი კვება

ექვსი თვის ასაკამდე ძუძუთი რძე უზრუნველყოფს ყველა იმ ნუტრიენტს, რაც ბავშვს სჭირდება და იცავს სხვადასხვა დაავადებისგან. ჩვილებს არ სჭირდებათ დამატებითი სითხეები და საკვები, პირიქით, ეს შეიძლება საზიანო იყოს. ექვსი თვის ასაკიდან ძუძუთი რძე აღარ არის საკმარისი და საჭიროა მრავალფეროვანი, მყარი საკვების დაწყება ძუძუთი რძის "შევსებისთვის", დამატებითი კვების სახით. ამასთან, ძუძუთი კვების გაგრძელება იმუნიტეტის უზრუნველსაყოფად და ასევე, როგორც საკვები ნივთიერებების წყარო, კვლავ აუცილებელია. ამიტომ, ორ წლამდე ან უფრო მეტ ასაკამდე მისი გაგრძელება უმჯობესია.

უზრუნველყავით მრავალფეროვანი საკვები და რეგულარული კვება

ექვსი თვის ასაკიდან ბავშვებმა ყოველდღე უნდა ჭამონ მინიმუმ ოთხი საკვები ჯგუფიდან, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, ცხოველური და რძის პროდუქტები და ძირითადი საკვები, მაგალითად ბრინჯი, კარტოფილი.

6-8 თვეს შორის, ბავშვებს მიართვით დღეში ორ-სამჯერ მყარი საკვები. მოამზადეთ მარტივი რბილი ფაფები და დაუმატეთ ხილი და ბოსტნეული, კვერცხი, მოხარშული ხორცი. შესაძლებელია შესთავაზოთ შესაბამისი საკვები საერთო მაგიდიდანაც. ახალი საკვების გემომ შეიძლება გააკვირვოს თქვენი შვილი. მიეცით დრო, რომ შეეჩვიოს ახალ საკვებსა და არომატს. იყავით მომთმენი და ნუ დააძალებთ ჭამას.

გაითვალისწინეთ ნიშნები, რომ ისინი უკვე დანაყრდნენ და შეწყვიტეთ კვება

9-11 თვის ასაკში, ბავშვებს დღეში სამ-ოთხჯერ შესთავაზეთ მყარი საკვები. ბავშვები ახლა იწყებენ საკვების ღეჭვას. ასე, რომ, მათ შეუძლიათ ჭამონ საკვები, რომელიც დაჭრილი აქვს პატარა ნაჭრებად. ასევე, საოჯახო სუფრიდან მიღებული საკვები კარგი არჩევანია.

12-24 თვის ასაკში ბავშვებს შეუძლიათ დაიწყონ ოჯახისთვის მომზადებული საკვების მიღება და თვითონ ჭამონ საკუთარი თეფშიდან.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩვენ უფრო მეტ დროს ვატარებთ სახლში, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. მაგრამ ამან აიძულა ოჯახები დაერღვიათ ცხოვრების ჩვეული წესი. შეცვლილი, გაიოლებული სამუშაო გრაფიკი, ეკრანთან გატარებული მეტი დრო, კვებისთვის მეტი დროის დათმობა, მიუწვდომელი სავარჯიშო დარბაზები და ფიზიკური აქტიურობა კიდევ უფრო ართულებს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ნორმალური წონის შენარჩუნებას.

- რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობა და წახემსება რამდენად კარგია?

- წასახემსებელ საჭმელებს შეუძლიათ შიმშილის გრძნობის შემცირება, თუმცა აქაც არჩევანი უნდა გაკეთდეს ჯანსაღ საკვებზე. უმჯობესია განსაზღვრული გქონდეთ ძირითად და წასახემსებელი საკვების სიხშირე და დრო. ბავშვებს 3 ძირითადი კვება და 1-2 წასახემსებელი საჭმელი შესთავაზეთ ყოველდღე. როდესაც ჭამის დრო დადგება, სთხოვეთ ბავშვებს დასხდნენ სასადილო მაგიდასთან და არა ტელეეკრანის წინ. ამ გზით, ბავშვები ყურადღებას ამახვილებენ საკვებზე და ნაკლები რისკია, რომ ზედმეტი საკვები მიიღონ ტელევიზორთან გართობის გამო.

- რისი მომზადება შეგვიძლია, რომ რაციონი მრავალფეროვანი გავხადოთ?

- გახადეთ თქვენი სახლი ჯანსაღი კვების ზონა. ყურადღება გამახვილეთ შემდეგზე:

ხილი და ბოსტნეული. ახალი, რა თქმა უნდა, უმჯობესია, მაგრამ თუ გაყინული ან დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული გადაწყვიტეთ, შეარჩიეთ ის პროდუქტი, სადაც არ არის დამატებული მარილი, შაქარი, სიროფები და სოუსები. დაიმახსოვრეთ: ახალი ხილი ბავშვისთვის საუკეთესო არჩევანია და არა ტკბილი საჭმელები, როგორიცაა ფუნთუშები, ნამცხვარი და შოკოლადი. მთელი მარცვლეული, როგორიცაა მთელი მარცვლეულისაგან დამზადებული ხორბლის პური, ჭვავი, წიწიბურა, შვრია, ყავისფერი ბრინჯი. ცილებით მდიდარი საკვები, როგორიცაა უცხიმო ხორცი, ხმელი ან დაკონსერვებული ლობიო, კვერცხი.

- რა ტიპის საკვებზე უნდა თქვან უარი ბავშვებმა?

- ჩიფსები, ფუნთუშები და ნაყინი კარგია ხანდახან, მაგრამ არა ყოველდღე. ეცადეთ, არ გქონდეთ ასეთი საკვები სახლში, რათა ბავშვებმა არ მოითხოვონ ისინი.

ტკბილი გაზიანი სასმელები, როგორიცაა ლიმონათი, ხილის წვენები, ხილის წვენების კონცენტრატები და სიროფები, არომატული რძეები და იოგურტის სასმელები, ტკბილიჩაი- მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. მის ნაცვლად შესთავაზეთ წყალი და რძე.

შეფუთული საკვები და წინასწარ მომზადებული კერძები მოსახერხებელია, მაგრამ მათში შეიძლება ბევრი ცხიმი, შაქარი და კალორია იყოს. შეამოწმეთ საკვების ეტიკეტები და აირჩიეთ ჯანმრთელი ვარიანტები.

შეუზღუდეთ ბავშვს მარილისა დაშაქრის მიწოდება. მარილის რაოდენობა- ყოველდღიურად 5 გრამზე ნაკლები (დაახლოებით, 1 ჩაის კოვზი) და გამოიყენეთ იოდიზირებული მარილი.

mshoblebi

- პანდემიის პირობებში, რამდენად აქტიურები უნდა იყვნენ ბავშვები?

- წაახალისეთ თქვენი შვილები, რომ იყვნენ აქტიურები, ყოველდღე მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ურჩიეთ ეზოში გასვლა და თამაში. ისეირნეთ, ირბინეთ, იარეთ ველოსიპედით ან ითამაშეთ ფეხბურთი, კალათბურთი. გახსოვდეთ, რომ როდესაც გარეთ ხართ,სულ მცირე 2 მეტრი დისტანცია უნდა დაიცვათ იმ ხალხისგან, ვისთანაც არ ცხოვრობთ. 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა უნდა ატარონ ნიღაბი ან ქსოვილის სახის საფარი, თუ სხვებისგანგან ცალკევებით ვერ იმყოფებიან.

ცივ ან წვიმიან დღეებში შეარჩიეთ ბავშვების სახლში აქტიურობის გზები. სცადეთ ცეკვა, იოგა, სავარჯიშო ვიდეოები. გარდა ამისა,

საკმარის ძილს ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს და ბავშვებს ჯანმრთელი წონის შენარჩუნებაში ეხმარება. დაეხმარეთ თქვენს ბავშვებს დროულად დაიძინონ და ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს გაიღვიძონ. გამოტოვეთ დღის ძილი უფროსი ბავშვებისთვის და გამორთეთ ყველა ეკრანი დაძინებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე.

ძილის საჭიროებები განსხვავდება ბავშვისგან. მაგრამ, შეეცადეთ გაითვალისწინოთ:

1-დან 3 წლამდე ასაკი: 11–14 საათი, დღის ძილის ჩათვლით. 3-6 წლის ასაკის ბავშვები: 10-13 საათი, დღის ძილის ჩათვლით. სკოლის ასაკის ბავშვები და მოზარდები: 9–12 საათი, ღამით. თინეიჯერები: 8-10 საათი, ღამით.

თამარ იაკობაშვილი