"ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი მწერდა - 13 წლის ბიჭი... და მაფრთხილებდა..." - ამბავი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

"ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი მწერდა - 13 წლის ბიჭი... და მაფრთხილებდა..." - ამბავი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2020-11-07 11:37:58+04:00

ჟურნალისტი, მწერალი, მრავალშვილიანი დედა ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში იხსენებს ამბავს, რომელიც ბევრ მოზარდს და მშობელს დააფიქრებს. მის პოსტს მისივე ნებართვით გთავაზობთ:

„ნან, ძალიან ვღელავ იოზე“ - ასეთი შეტყობინება მომივიდა ამ ზაფხულს მესინჯერში - ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი მწერდა - 13 წლის ბიჭი. თურმე აღმოაჩინა, რომ მის მეგობარს, ანუ იოს ონლაინ გაუჩნდა პატარა პრობლემა, რაში დახმარებასაც თვითონ ვერ შეძლებდა და გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ჩავეყენებინე საქმის კურსში.

შედეგი: პრობლემა მოგვარდა ისე, რომ იოს საერთოდ არ გაუგია, ვიცი თუ არა ამის შესახებ რამე.

ალტერნატიული შედეგი: შეიძლება, პრობლემა ძალიან გართულებულიყო.

რატომ ვწერ ამ ამბავს: ამ ასაკში ბავშვები პრობლემის შექმნის დროს თითქმის არ აყენებენ მშობლებს საქმის კურსში. მით უმეტეს - ერთმანეთის მშობლებს და ამას „არჩაშვებას“ ეძახიან. შედეგები, სამწუხარო, მათ შორის - ტრაგიკული - ბევრი ვიცით...

რატომ იყო ამ ბავშვის მესიჯი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი: „ძალიან ვღელავ იოზე“: ეს იყო პირველ რიგში ნამდვილი ღელვა და ზრუნვა მეგობარზე, მეორე რიგში - ნდობა ჩემდამი, და მესამე რიგში: სწორი და კარგი აღზრდის შედეგი! სიჯანსაღის ნებისმიერი ასეთი გამოვლინება ბავშვში, მოზრდილში, დიდში - მე პირადად მზრდის და მამშვიდებს, იმედიანად მამყოფებს.

არაჩვეულებრივ დედასთან ერთად, ამ პატარა, ჩემთვის უსაყვარლეს ბიჭს, მე ვიტყოდი, ჩემს ნამდვილ მეგობარს, არაჩვეულებრივი მამა ჰყავდა, რომელიც, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მხოლოდ მისალმებით ვიცნობდი, მაგრამ სამუდამო კადრებად ჩამრჩება მეხსიერებაში, როგორ აკითხავდა სკოლაში თითქმის ყოველდღე, როგორ მოდიოდნენ მამა-შვილი დიდი კაცებივით - სერიოზულ საუბარში გართულები... დარწმუნებული ვარ, ასეთ და მსგავს თემებზე ესაუბრებოდა მამა ამ დროს და უხსნიდა, როდის როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ ყოფილიყო კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი, კარგი შვილი....

არ მინდა ხაზგასმა იმაზე, რომ ეს კაცი უცხოელი იყო - კარგ მამობას და დედობას ეროვნება არ აქვს.

ამ ჩემს პატარა მეგობარს დღეს დაბადების დღე ჰქონია- ფეისბუქმა ამომიგდო, და უცებ მომინდა, საჯაროდ მომეყოლა ეს ამბავი: ამბავი პატარა დიდ ადამიანზე, რომელმაც მე ერთი მტკაველით გამზარდა ამ ზაფხულს..."