17 წლის ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა - "სპორტმა ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება" - მშობლები

17 წლის ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა - "სპორტმა ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება"

2020-12-10 16:00:59+04:00

17 წლის კატო ფიფია მოჭადრაკეა და მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ტურნირი ორ ეტაპად მიმდინარეობდა და მან მეორე ეტაპზე გადასული 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამბობს, რომ ჭადრაკი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმ უნარებს, რაც ამ სპორტით განუვითარდა, ხშირად იყენებს ცხოვრებში. ყველას ურჩევს, ისწავლონ თამაში, თუნდაც მოყვარულის დონეზე. კატო საკუთარ წარმატებასა და გეგმებზე გვყვება:

- ჭადრაკის თამაში 7 წლის ასაკიდან დავიწყე. აქამდე ოთხჯერ ვიყავი საქართველოს ვიცე- ჩემპიონი და თბილისის მრავალგზის ჩემპიონი. ვარ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, შარშან ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა, სადაც წარმატებით ვიასპარეზეთ. ასევე, მრავალი ტურნირის გამარჯვებული ვარ.

- ჩემპიონატზე რომ მოგვიყვეთ, ვინ ატარებდა, რამდენი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და როგორ გაიგეთ ამის შესახებ?

- მონაწილეობას 38 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. 40 საუკეთესო მოთამაშე უნდა შერჩეულიყო და მეორე ეტაპზე გაგვეგრძელებინა შეჯიბრი. ტურნირის ორგანიზატორი International School Sport Federation იყო. სულ 9 ტური გაიმართა, დროის კონტროლი 3 წუთი 2 წამის დამატებით იყო. აქიდან 7 პარტია მოვიგე, 2 ყაიმით დავასრულე, საბოლო ჯამში 9-დან 8 ქულა ავიღე და ერთი ქულით გავუსწარი მეორე ადგილზე გასულ ირანელ მოჭადრაკეს. მესამე ადგილზე ასევე ქართველი მოჭადრაკე გავიდა. ჩემპიონატის შესახებ სპორტის ფედერაციიდან გავიგე. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ უნდოდათ, საქართველოს სახელით მეთამაშა. მეც დავთანხმდი. ფინალში უკვე კამერების, მიკროფონის ჩართვა და ეკრანის გაზიარება იყო საჭირო. მსაჯები ონლაინ გვაკვირდებოდნენ.

mshoblebi

- ტურნირი ონლაინ იყო, რაიმე სირთულე შეგიქმნათ თუნდაც იმ ფაქტმა, რომ პირდაირ ვერ ხედავდით მოჭადრაკეს?

- სირთულე იყო ის, რომ კარგი ინტერნეტი უნდა გქონოდა, რადგან პატარა დროის კონტროლი იყო, თუმცა ამ კონტროლით ხშირად მითამაშია და გამოცდილი ვარ.

- რა არის აუცილებელი გამარჯვებისთვის, სპორტში წარმატებისთვის?

- ყველაზე მთავარია შრომა. ასევე, რაღაც დოზით იღბალი და გამართლება. როგორ წარიმართება თამაში და როგორ ფორმაში იქნები, ბევრი რამაა დამოკიდებული ამაზე.

- როგორ ახერხებთ, რომ თან ისწავლოთ და თან დიდი დრო დაუთმოთ სპორტს, როგორ ანაწილებთ დროს?

- მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არც ერთს მოვაკლო ყურადღება. ცოტა რთულია, მაგრამ თუ მოინდომებ, მაინც შესაძლებელია. ჭადრაკზე მაქვს ძირითადი აქცენტი, მაგრამ არც სასკოლო პროგრამას ჩამოვრჩები.

- რამდენად მნიშვნელოვანია ჭადრაკის თამაში, რაში გეხმარებათ ცხოვრებაში?

- სპორტმა ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება იმიტომ, რომ სულ სხვანაირი ხასიათი და დამოკიდებულება გიყალიბდება. უფრო მებრძოლი და მიზანდასახული ხდები. ჭადრაკის გარდა, ამ უნარებს ცხოვრებაშიც ვიყენებ. ეს თამაში ლოგიკას ავითარებს და შრომისმოყვარეობას გაჩვევს.

- აბიტურიენტი ხართ, სამომავლოდ თუ გეგმავთ სპორტის ამ მიმართულებით განვითარებას ან ახალი პროფესიის არჩევას?

- 19 დეკემბერს ახალგაზრდული ნაკრები საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში ვიღებთ მონაწილეობას. ეს არის უახლოესი ტურნირი, რომელზე თამაშსაც ვაპირებ და ვფიქრობ, ჭადრაკი იქნება ჩემი ძირითადი პროფესია. თუმცა, ვგეგმავ, რომ მეორე პროფესიაც მქონდეს და პროგრამირება ვისწავლო.

- ბოლო დროს პოპულარულია სერიალი ჭადრაკზე, რომელსაც ბევრი განიხილავს და ზოგიერთმა ადამიანმა ჭადრაკის თამაშიც კი ისწავლა ამ სერიალის ნახვის შემდეგ. თუმცა, გულისწყრომაც გამოიწვია ბევრში, რადგან ნონა გაფრინდაშვილის შესახებ არც ისე სწორმა ინფორმაციამ გაიჟღერა. თუ გაქვთ ნანახი ეს სერიალი და რა კომენტარს გააკეთებთ მასზე და მის პოპულარობაზე?

- თავად სერიალი ძალიან მომეწონა იმიტომ, რომ ქალის ძლიერებაზეა აქცენტი გაკეთებული. ერთადერთი, რაც არ მომეწონა არის ის, რომ ნონა გაფრინდაშვილზე არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა. ფემინისტური სერიალია და ერთი ქალის ასამაღლებლად, მეორე არ უნდა დაეკნინებინათ. მაგრამ ის, რაც ითქვა, რეალობას არ შეესაბამებოდა.

თამარ იაკობაშვილი