"ყველა ქალი დედობით ვერ იღებს სიამოვნებას, ბუნებრივი კვების პროცესი ვიღაცისთვის ტანჯვა და დეპრესიის მიზეზია" - როგორ უნა მოიქცეს დედა, რომელსაც ბავშვის აღზრდა უჭირს - მშობლები

"ყველა ქალი დედობით ვერ იღებს სიამოვნებას, ბუნებრივი კვების პროცესი ვიღაცისთვის ტანჯვა და დეპრესიის მიზეზია" - როგორ უნა მოიქცეს დედა, რომელსაც ბავშვის აღზრდა უჭირს

2020-12-13 07:09:40+04:00

დედის ალტერნატივა არ არსებობს, თუმცა რა დროს ჯობია, ბავშვის აღზრდის პროცესში ძიძა ჩაერთოს - ამ თემასთან დაკავშირებით აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის დირექტორი და ფსიქოლოგი ნინო ბუაძე საუბრობს:

"ბავშვის აღზრდაში დედის როლი უალტერნატივოა, მისი ჩამნაცვლებელი არ არსებობს, მაგრამ ყველა ქალი არ არის ემოციურად ანთებული შვილის აღზრდის პროცესით. ყველა ქალი აღზრდით და დედობით ვერ იღებს სიამოვნებას, მაგალითად არიან დედები, რომლებსაც ბედნიერებას ანიჭებთ ბუნებრივი კვების პროცესი, ვიღაცისთვის კი ეს შესაძლოა იყოს ტანჯვა და დეპრესიის გამომწვევი.

თუ დედა არის ჩამქრალი, აღარაფერი აღარ უხარია, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სამსახური და ახლა არჩევანის წინაშე დადგა, შვილის გამო იძულებულია, რომ სახლში იყოს, არის გამოფიტული, მაშინ, რასაკვირველია, სჯობს, ბავშვის აღმზრდელი იყოს ძიძა, რომელიც ამ დროს შესაძლოა, უფრო დადებითი ემოციებით, უფრო შემოქმედებითად და ხალისით მიუდგეს ამ პროცესს.

mshoblebi

არცერთ ქალს არ ვაკნინებ ამით. ლოგიკურია, რომ ქალი უნდა იყოს პროგრესული, განვითარებაზე ორიენტირებული, უბრალოდ ვიღაცაში ეს არის მეტი დოზით, ვიღაცაში ნაკლებად. ქალისთვის დედობა ერთადერთი როლი არ არის, შესაძლოა, ქალთა ერთი კატეგორია ამ როლში ბედნიერია, მეორე ნაწილი - არა.

როდესაც დედა მუშაობს, აკეთებს საქმეს, რომელიც მას უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს, როდესაც ის თავის თავს რეალიზებულად მიიჩნევს, უფრო მეტად დადებითი ემოცებით დამუხტული ბრუნდება თავის შვილთან, ვიდრე სახლში ჯდომის დროს, როდესაც, პირდაპირ თუ ირიბად, აგრესია გადადის ბავშვზე, რომ „აი, მე შენს გამო ვზივარ სახლში, საკუთარი საქმის გარეშე“. რა თქმა უნდა, ამ დროს, ჯობია, ძიძის დახმარება გამოიყენოს," - ამბობს ნინო ბუაძე.