გადაეცემათ თუ არა საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები და როდის შეძლებენ მათ წაღებას - ბაღების სააგენტოს პასუხი - მშობლები

გადაეცემათ თუ არა საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები და როდის შეძლებენ მათ წაღებას - ბაღების სააგენტოს პასუხი

2020-12-16 07:01:34+04:00

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია "ბარამბომ" გაიმარჯვა და 60 ათასამდე ბავშვი კუთვნილ საჩუქარს მიიღებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ერთი სასაჩუქრე ნაკრების ღირებულება შვიდი ლარი და 30 თეთრია, ჯამში კი 430 ათას ლარამდე დაიხარჯება.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიამ 11 დეკემბერს იმ სასაჩუქრე ნაკრების ნიმუში წარადგინა, რაც აღსაზრდელებისთვისაა გათვალისწინებული:

შოკოლადის მინი ფილა 13 გრ-იანი ბარამბინო - 3 ცალი; ვაფლი ბატონი ხრაშუნა 30 გრ - 1 ცალი, ვაშლის ბატონი ტრიუფელი 30 გრ - 1 ცალი; შოკოლადის ბატონი ბარამბინო რძე 20 გრ - 1 ცალი, შოკოლადის ბატონი ბარამბინო კაკაო 20 გრ - 1 ცალი; შოკოლადის კანფეტი - 5 სახეობა, ჯამში 100 გრ; კარამელის კანფეტი - 4 სახეობა სხვადასხვა შიგთავსით, ჯამში 170 გრ ; ჟელეს კანფეტი - ჯამში 50 გრ; აუცილებელი მოთხოვნაა, რომ პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვკითხეთ, როდის ან რა ფორმით შეძლებენ მშობლები ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩუქრის წაღებას, სადაც განგვიცხადეს:

"იმისათვის, რომ ბაგა-ბაღებში არ შეიქმნას ხალხმრავლობა, მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების წაღება შეეძლებათ ახალ წლამდე, თბილისის მერიის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტით გათვალისწინებულ პროდუქტებთან ერთად", - გვითხრეს სააგენტოში.

თამარ იაკობაშვილი