1 წლის ბავშვი ვერც წყალს სვამდა და ვერც მყარ საკვებს იღებდა - ძლივს გადაარჩინეს ექიმებმა და დედა ახლა სხვებს აფრთხილებს - მშობლები

1 წლის ბავშვი ვერც წყალს სვამდა და ვერც მყარ საკვებს იღებდა - ძლივს გადაარჩინეს ექიმებმა და დედა ახლა სხვებს აფრთხილებს

2021-01-17 06:22:33+04:00

კელჰემ ჰილმა დიდი ბრიტანეთიდან, შენიშნა, რომ მის 11 თვის გოგონას რაღაც აწუხებდა. ჩვეულებრივ ჯანმრთელი და ხალისიანი ბავშვი უარს ამბობდა მყარ საკვებზე და მხოლოდ პიურეს და ფაფის სახით მიცემულ საკვებს ყლაპავდა. უარს ამბობდა წყალზეც. დროდადრო სუნთქვის პრობლემებიც ექმნებოდა.

რამდენჯერმე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, დაჰყავდა ექიმებთან, თუმცა ვერავინ ხვდებოდა მიზეზს. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ვირუსული ინფექცია იყო, ან ტონზილიტი, თუმცა სოფია უკეთ არ ხდებოდა.

მხოლოდ რამდენიმე თვის წინ აღმოჩნდნენ ბავშვთა საავადმყოფოში, ბრისტოლში, სადაც ბავშვს რენტგენი გაუკეთდა და აღმოაჩინეს, რომ პატარა ელემენტი ჰქონდა გაჭედილი საყლაპავ მილში. ოთხი თვის განმავლობაში დაჟანგულიყო და მოესწრო, სერიოზული ზინი მიეყენებინა საყლაპავი მილის ქსოვილებისთვის. ერთადერთი შვება ის აღმოჩნდა, რომ ელემენტი დაცლილი იყო, როდესაც გადაყლაპა - მუშა ელემენტს კიდევ მეტი ზიანის მიყენება შეეძლო.

სოფიას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, რომელიც ორ საათს გაგრძელდა. უკვე თვეებია, კვლავ საავადმყოფოშია და მკურნალობას გადის. ექიმები არ ელოდნენ, რომ მალე ექნებოდათ შედეგი, თუმცა გოგონა უკვე ნელ-ნელა უკეთ ხდება და დამოუკიდებლად იღებს თხევად საკვებს.

mshoblebi

ბავშვის დედა ამბობს, რომ ვერაფრით ხვდება, როგორ აღმოჩნდა ელემენტი ბავშვის ხელში და თავს იდანაშაულებს მომხდარში. ახლა თავის ამბავს ყვება და სხვა მშობლებს აფრთხილებს ამ საფრთხეზე. ასეთი ტიპის პატარა ელემენტი ხშირად არის სხვადასხვა ელექტრო სათამაშოების კომპლექტში და აუცილებლად უნდა მიადევნოს მშობელმა თვალი, რომ ბავშვისთვის არ გახდეს მისაწვდომი.

mshoblebi

სოფია მამასთან ერთად