„რაც ანიკა დაიბადა, ერთი ღამე არ გვძინებია, არეული აქვს რეჟიმი... მარიანა კი ისეთი მავნეა, ყველაფერს აფუჭებს“ - როგორ უვლის სამ შვილს თამუნა მუსერიძე - მშობლები

„რაც ანიკა დაიბადა, ერთი ღამე არ გვძინებია, არეული აქვს რეჟიმი... მარიანა კი ისეთი მავნეა, ყველაფერს აფუჭებს“ - როგორ უვლის სამ შვილს თამუნა მუსერიძე

2021-01-26 15:37:57+04:00

თამუნა მუსერიძე 3 შვილის დედაა, სანდრო გურამ მაკალათიასთან, იმავე „გუფისთან“ ქორწინებიდან ჰყავს, მარიანა და ანიკა კი - სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის და თამუნას საერთო შვილები არიან.

თამუნას პირველი შვილი სანდრო 11 წლისაა, მარიანა - 2 წლის, ანიკა კი - 2 თვის. სამი სხვადასხვა ასაკის ბავშვი ერთ სახლში რამხელა ყურადღებასა და დროს მოითხოვს, გამოცდილმა დედებმა კარგად იციან. ყველას თავისი მოთხოვნები, სურვილები აქვს და მიდგომაც განსხვავებული სჭირდებათ. თამუნასთან ინტერვიუ სწორედ შვილების თემაზე ჩავწერეთ, როგორ უმკლავდება პანდემიას და სამ შვილს ერთად ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

- მართალია, ანიკა 2 თვის წინ დაიბადა და წესით მთელი ყურადღება მასზე უნდა იყოს გადატანილი, მაგრამ მარიანა არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. იმდენად უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, საკმარისია ოდნავ გადავერთოთ პატარაზე, რომ მაშინვე ეჭვიანობს. თან არ არის ისეთი ბავშვი, თავი დაიჩაგროს, ყველაფერს გააკეთებს, რომ ყურადღება მიაქციო. მე თუ არა, სანდროს მაინც უნდა ეცალოს მისთვის, ერთ-ერთი მაინც მის „განკარგულებაში “ უნდა ვიყოთ, სხვა გზას უბრალოდ არ გვიტოვებს.

mshoblebi

- ანიკას ოჯახში შემომატებამ ბუნებრივია, გაგიორმაგა საქმე, ჩვილს კიდევ სხვანაირი მოვლა უნდა, გაგიჭირდა კიდევ ერთ პატარაზე ზრუნვა?

- ძალიან. იმიტომ რომ სანდროც და მარიანაც კარგი გასაზრდელები იყვნენ, ერთი ღამე არ გამითენებია მათ გამო, არ იყო ამის საჭიროება, მარიანა 1 წლამდე უპრობლემო იყო საერთოდ, მერე გამოავლინა თავისი ხასიათი (იცინის). აი, რაც ანიკა დაიბადა, 1 ღამე არ გვძინებია, არეული აქვს რეჟიმი, დღე ძინავს, ღამე ღვიძავს. ხელში რომ გიჭირავს და დგახარ, ყველაფერი კარგადაა, საკმარისია, დაჯდე და იწყება კივილი. სრულად მის რეჟიმზე გადასვლა არ გამოგვდის, რადგან დღე დანარჩენ ბავშვებს უნდათ ყურადღების მიქცევა, ამიტომ ვმორიგეობთ მე და სანდრო. საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ.

- თამუნა, ძიძა არ გყავთ?

- ჩვენი ძიძა წასული იყო თურქეთში და დაგვიბრუნდა, ამით ისეთი ბედნიერები ვართ, ვერ აგიხსნით. მაგრამ, ამ უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებს ხშირად მოსვლას, კვირაში სამი დღე მოდის და ადრე მიდის, სახლში მისვლა რომ მიასწროს, თუმცა ჩვენთვის ესეც შეღავათია.

- შენი უფროსი შვილი, სანდრო, პატარების გარემოცვაში როგორ გრძნობს თავს, ამას პანდემია და ონლაინსწავლაც ემატება...

- სანდროს აღარ შეუძლია. მარიანა ძალიან „მაწაკი“ ბავშვია, შედის მასთან ოთახში, ერჩის, მივარდება, გადაუგდებს ტელეფონს, უბწკენს, უკბენს და გამოვარდება. სანდრო ვერ ხვდება, რომ პატარაა და არის მუდმივი კივილი (იცინის). ცალკე ეს ონლაინსწავლა გვიღებს ბოლოს, ძალიან დემოტივირებულია ბავშვი, სულ წევს, უყურებს რაღაცას, ვჩხუბობ, ადექი, ჩადი ეზოში. სად ჩავიდე, პანდემიაა - ესაა პასუხი, ხელზე დაიხვია ეს თემა. ამას რომ თავი დავანებოთ, ცივა და ყინვაში ძალით ვერ გავაგდებ სახლიდან. ამიტომაც არის ძირითადად სახლში, კომპიუტერთან ან ტელევიზორთან, ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ ყველა ასეთ დღეშია. სანამ დათბება, შევეშვი, აი მერე უკვე ეზოში გასვლის საკითხი მაინც მოგვარდება.

mshoblebi

- წიგნების თუ კითხულობს ამ პერიოდში? ბევრისგან მოვისმინე, რომ ის ბავშვებიც, რომლებიც კარგად კითხულობდნენ, ახლა პასიურობენ ამ საკითხში...

- ამაზე ცალკე ომია. წიგნებს რომ ვაძლევდი წასაკითხად, 2 დღეში გამოდიოდა და მეუბნებოდა, წავიკითხეო. თურმე ინტერნეტში ეძებდა იმავე დასახელების ფილმს, უყურებდა და შინაარსს ასე მიყვებოდა. ნუ, მთლად არაფერს ჯობს, ჩემს ბავშვობაშიც რომ ყოფილიყო ასეთი გამოსავალი, ბევრ სქელტანიან და ნაკლებსაინტერესო წიგნს მეც არ წავიკითხავდი, თუმცა წიგნის კითხვა რომ საჭირო და აუცილებელია, ამაზე არ ვდაობთ.

- ამასწინათ, ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ძალიან საინტერესო პოსტი გქონდა შვილებთან დაკავშირებით, სადაც წერდი, რომ სამი ბავშვის პირობებში, როცა ყველას სხვადასხვა სურვილი, მოთხოვნილება აქვს და სახლში სრული ქაოსია, ინარჩუნებ სიმშვიდეს, როგორ მიაღწიე ამ მდგომარეობას?

- სანდროს იმაზე ეშლება ნერვები, რომ მე შემიძლია მშვიდად ვუყურო ყველაფერს. ასეთი განწყობით იმიტომ ვარ, რომ უბრალოდ გაბრაზებას აზრი არ აქვს. აი, მაგალითად, წეღან მარიანამ ისროლა პულტი, ვეჩხუბე, გავამწესე ცალკე ოთახში დასჯის მიზნით. ცოტა ხანში გამოვიდა, დაჯდა ჩემს ზურგს უკან, უჭირავს დამტენი და უნდა, ესეც ისროლოს, მიყურებს და მამოწმებს, ვხედავ თუ არა. როგორც კი გავიხედე გვერდით, მაშინვე ისროლა. მავნეა, ნუ. ვხვდები, რომ ასე ბრძოლას აზრი არ აქვს, სანდრო თვლის, რომ დიახ, აქვს აზრი, უთხარი და აღარ გააკეთებსო, ვეუბნები, მაგრამ შედეგი? რა იცვლება, არაფერი! ამიტომ გადავწყვიტე, ვიყო მშვიდი. ოჯახში სანდროს აქვს დამრიგებლური ტონი და მე ნერვებს დიდად აღარ ვიშლი.

mshoblebi

- ანუ, სანდროს უნდა შენიშვნები მისცე და მორალი უკითხო ბავშვს?

- კი, კი. სანდრო ძალიან ჭკუის დამრიგებელი მამა გახდა, ეს არ გააფუჭო, ის არ გააკეთო, ის არ დააზიანოთ, ეს აიღეთ, ის დადეთ და ა.შ.

- ესე იგი ბავშვებისგან გამოწვეულ უწესრიგობას ვერ ეგუება...

- უწესრიგობა არაა ოჯახში ნამდვილად, ბავშვები რომ ურევენ, კუდში დავყვებით მე და ძიძა და ვალაგებთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მარიანა რაღაცებს აზიანებს, მაგალითად ხევს შპალერს. სახლში 2 წლის წინანდელი რემონტი მაქვს და რომ შემოხვიდე, გაოცდები, უკვე ისეთ დღეშია კედლები, 2 კედელზე შპალერი აღარ არის. სანდროს იმას ვერ ვუხსნი, რომ 2 წლის ბავშვს, რამდენიც არ უნდა ველაპარაკო, ვერ ვაგებინებ რა შეიძლება და რა - არა, არ ესმის.

- როცა სტუმრად მიგყავს, იქ როგორ იქცევა?

- სხვასთან ასე არ იქცევა, სხვა გარემოში რომ ხვდება, სხვა სათამაშოს ხედავს, ახალს და განსხვავებულს, ერთობა და ყურადღება ამაზე გადააქვს. ამას წინათ კინეტიკური ქვიშა ვუყიდე, სახლში კი იყო მეორედ მოსვლა, მაგრამ სამაგიეროდ, 4 საათი ბავშვი იჯდა ისე, რომ ხმა არ ამოუღია, ფორმებით და კინეტიკური ქვიშით თამაშობდა ჩუმად, თავისთვის, ძალიან გაერთო, მაგრამ მერე მალე მობეზრდა. 1 დღე ჰყოფნის ერთი ახალი სათამაშო, მერე ბეზრდება და აღარ აინტერესებს. თოჯინა ტასო რომ ვუყიდე, 3-4 დღე „გაგვიქაჩა“, ჟოზე ერთი 5 დღე გვყავდა, სულ სიახლე უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდად იყოს... რამდენი სათამაშო უნდა ჰქონდეს და რამდენი სათამაშო უნდა უყიდო, რომ ბავშვი გაართო, ან რა შემოსავალი უნდა გქონდეს ამისთანა, 3 დღეში ერთხელ ახალ-ახალი სათამაშო უყიდო? მარტო სათამაშო ხომ არ სჭირდება ბავშვს?!

- სანდრო ძალიან გეხმარება ყველა საქმეში და გვერდში გიდგას...

- კი, ძალიან. ჩართულია თავიდან ბოლომდე ყველაფერში. მარიანაზე კიდევ უფრო აქტიური იყო, ღამე დგებოდა, უცვლიდა, აჭმევდა. ახლა ის მომენტი აქვს, რომ მარიანა არ დაიჩაგროს და მასზეა გადართული მთლიანად. ჯერ მარიანაა და მერე ვართ ყველა დანარჩენები. თან, თვითონ ბავშვიც ისე ეფერება, ისე ეძახის, მამა, მოდი, ჩამეხუტე, შეუძლებელია არ მიხვიდე. დილით რომ იღვიძებს, თუ მამა არ უწევს გვერდით, თავზე გვაქვს ყველაფერი დამხობილი. წარმოიდგინე, ღამით რომ იღვიძებს, ბავშვი კივის, მამაო. ყველა ხომ დედას ეძახის, ეს მამას გაიძახის და სანდროც მირბის ეგრევე, ჩაეხუტება, ეფერება და დნება ჩვეულებრივად.

- თამუნა, სანამ ძიძა არ გყავდა, ბავშვების დატოვების და თუნდაც რამდენიმე საათით სახლიდან გასვლის საკითხი როგორ იყო? ამასაც მორიგეობით აკეთებდით შენ და სანდრო?

- კი, სხვა გზა ფიზიკურად არ არის. მანქანა გაგვიფუჭდა, დავაყენეთ ელიავაზე, ძიძა ვერ მოვიდა ეს დღეები და ასე უპატრონოდ გვყავს მიგდებული, იმიტომ, რომ ვერ გავიდვართ. ერთი ადამიანი საკმარისი არ არის ბავშვებთან, ანიკას ცალკე ყურადღება უნდა, ცალკე მარიანას ერთი ადამიანი სჭირდება. მხოლოდ ერთი ადამიანი არ ჰყოფნის ორივეს.

- თამუნა, ბევრი შვილი ყოველთვის გინდოდა, თუ უბრალოდ ასე გამოვიდა, რომ 3 შვილის დედა ხარ?

-არა, ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ეს მინდოდა იქიდან გამომდინარე, რომ სანდრო, ჩემი პირველი შვილი იყო იდეალური გასაზრდელი, ღამით ხომ არ გამიღვიძია მის გამო, დღისითაც ძალიან მშვიდი და უპრობლემო იყო. 2 თვიდან სამსახურში დამყავდა. ახლაც 11 წლისაა, გამოვა, თავისით გაიმზადებს, შეჭამს, მიხედავს თავს. მთავარია, შენ არ შეაწუხო, რამე არ სთხოვო, რომ კვდებოდე, არ უნდა უთხრა, წყალი მომიტანეო, ყველაფერი ეზარება და შენც არ გაწუხებს, უვლის თავს. სანდროსგან გამომდინარე, მეგონა, ყველა ასეთი იქნებოდა, მაგრამ მარიანამ გადაგვდგა, სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა უნდა, ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება.

- ამ გადმოსახედიდან კიდევ გააჩენდი ერთ შვილს?

- რომ არა ძალიან რთული მესამე მშობიარობა, კი. სადაც ამდენი, იყოს კიდევ ერთიც, დაიზრდებიან. სანდრო გადადგება ჭკუიდან, თორე მე რა?! (იცინის). ანიკა ჩემი მესამე საკეისრო იყო და ძალიან რთულად გადავიტანე, ცალკე რეაბილიტაციის პროცესი გამიჭირდა, იმდენად რთულად ვიყავი, ექთანი მეუბნებოდა, გამაყუჩებლის მაქსიმალური დოზა გაგიკეთე, კიდევ რომ დაგიმატო, გული გაგიჩერდებაო, არადა ისე მტკიოდა ყველაფერი, ვკიოდი.

mshoblebi

- მიუხედავად ასეთი რეჟიმისა და ყოველდღიურობისა, მაინც ახერხებ ფორმაში იყო, მოუარო საკუთარ თავს...

- მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვერკვევი თავის მოვლის პროცედურებში და არ მაქვს თავის მოვლის მრავალსაფეხურიანი რუტინა, მომწონს, როცა მოწესრიგებული ვარ. ტუში და ტუჩსაცხია ჩემი ყოველდღიური თავის მოვლის მთელი ამბავი. სახეზე რაიმე განსაკუთრებულ პროცედურებს არ ვიტარებ, მთელი ცხოვრება 3,50 ლარიან კრემს ვიყენებდი სახეზე და გადაწკრიალებული მქონდა. გავწევრიანდი ქალების ჯგუფში, ავყევი ამ სკრაბებს, ტონერებს, ტონიკებს და ათას პროცედურას, ისე გამიღიზიანდა კანი, მივხვდი, ეს ყველაფერი ჩემთვის არ არის. თუ რამეს ვიკეთებ, ეს იქნება ფილერი, თმის დაგრძელება და ა.შ., ამ პროცედურებს მჩუქნიან. ალბათ რომ არ მჩუქნიდნენ, არც გავიკეთებდი. ისეთი ფასები აქვს, ვერ გავიმეტებდი პროცედურებში ამდენ თანხას. საბედნიეროდ, გენეტიკურად მაქვს კარგი კანი და ბევრი არაფერი მჭირდება, ერთადერთი რასაც ვებრძვი, შუბლის ნაოჭია, ვისწორებ ბოტოქსით, ესაა და ეს.

- თამუნა, დასასრულისკენ შენი ბიოლოგიური მშობლების შესახებ გკითხავ, როგორც ვიცით ძებნას აგრძელებ, რამე სიახლე ხომ არ გაქვს?

- მე და ჩემმა მეგობრებმა, რომელთაც ერთი ტკივილი და ერთი პრობლემა გვაერთიანებს, შევქმენით ჯგუფი სახელწოდებით „ვეძებ“, სადაც ვეხმარებით ერთმანეთს მშობლების, შვილების, ნათესავების მოძებნაში. ამ ჯგუფში არა მარტო ვაზიარებთ პოსტებს იმის შესახებ, რომ ადამიანები ეძებენ ახლობლებს, არამედ ჩართულები ვართ მთლიანად პროცესში და ვეხმარებით მოძიებაში, რა თქმა უნდა, სრულიად უანგაროდ. გარდა ამისა, დავარეგისტრირეთ უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ და ვეცდებით, მეტად დავეხმაროთ ერთმანეთს.

ციცი ომანიძე