განვითარების ეტაპების დაყოვნების დიაგნოზთან საბრძოლველად საქართველოში მუსიკათერაპია უკვე ხელმისაწვდომია - მშობლები

განვითარების ეტაპების დაყოვნების დიაგნოზთან საბრძოლველად საქართველოში მუსიკათერაპია უკვე ხელმისაწვდომია

2021-02-01 10:59:12+04:00

ტექნოლოგიური თუ სამეცნიეო მიღწევებისა და წინსვლის მიუხედავად, თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ბავშვის ნორმალური განვითარების სხვადასხვა დარღვევები, ნორმიდან გადახრა რჩება. სულ უფრო და უფრო იმატებს სადიაგნოსტიკო ცენტრებში მიმართვიანობა ბავშვთა ნეიროგანვითარების შეფასების სურვილით, სადაც მოხდება ბავშვის ფუნქციონალური შეფასება და მდგომარეობის ნორმალური განვითარების კანონზომიერებებთან შედარება. სულ უფრო და უფრო იმატებს დასმული დიაგნოზიც - განვითარების ეტაპების დაყოვნება. რატომ ხდება ეს? – ამაზე ერთმნიშვნელოვანი და შეჯერებული პასუხი მეცნიერებს არ აქვთ, თუმცა საღი აზრის დონეზე, ბევრს მიაჩნია, რომ მიზეზი გარემოს მავნე ზემოქმედებაშია, რაც ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ბავშვთან დაკავშირებულ როგორც ბიოლოგიურ, ისე ფსიქო-სოციალურ ფაქტორებზე, შესაბამისად კი მათ განვითარებაზე. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს პანდემიით გამოწვეული სტრესი, სოციალური დისტანცირება, გაჯეტებზე მიჯაჭვულობა, საგანმანათლებლო დაწესებულებების ან წრეებისა და განმავითარებელი ჯგუფების ჩვეული ხელმისაწვდომობის არარსებობა.

გაზრდილი დიაგნოზების რიცხვის შესაბამისად ქვეყანაში არსებული თერაპიული ცენტრების და სხვადასხვა თერაპიული ფორმების საჭიროებაც იზრდება. არსებობს სხვადასხვა ტიპის ჩართულობა, რაც ეხმარებათ ბავშვებს და მათ მშობლებს პრობლემის დაძლევაში, სხვადასხვა თერაპიული თუ სარეაბილიტაციო ცენტრები. ცოტამ თუ იცის, რომ 2020 წლის შემოდგომიდან თბილისში გაიხსნა ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრი „ბეკარი“, სადაც საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალი მუსიკათერაპევტის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ცენტრის ერთ–ერთი დამუძნებელი გერმანიაში 16 წლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე მუსიკათერაპევტი ქალბატონი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილია, რომელიც ახლა თავად გვესაუბრება ცენტრისა და მუსიკათერაპიის შესახებ.

mshoblebi

– ქალბატონო მარინა, თქვენ ახლახან დაბრუნდით საქართველოში. როგორ შეადარებდით თქვენს ევროპულ გამოცდილებას იმას, რაც აქ დაგხვდათ?

– თითქმის ერთი წელია, საქართველოში ვიმყოფები. თუმცა ტელეთერაპიებს გერმანიაში ამჟამადაც ვაგრძელებ. ევროპაში სერვისები უფრო დახვეწილია, მეტი არჩევანია ინტერვენციის ფორმებს და ინტერვენციების სხვადასხვა ტიპებს შორის კომბინაციების არჩევის. გერმანიაში როგორც კი ბავშვი იბადება გარკვეული რისკებით ან დიაგნოზით, ან ონტოგენეზში რაიმე სირთულე გამოჩნდება, მაშინვე ამუშავდება მექანიზმი - ერევა პედიატრი, ადრეული განვითარების სპეცპედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, სოციალპედაგოგი და მათთან ერთად მუსიკათერაპევტი. კოოპერაცია ხდება სხვადასხვა ჩართულობებს შორის. მშობელს მიეწოდება ინფორმაცია, ტრენინგდება, ეძლევა რეკომენდაციები, ის კი თავად იღებს გადაწყვეტილებას რა ტიპის თერაპიებული ჩარევა განახორციელოს პრობლემის დასაძლევად. ვფიქრობ, ამ გამართული მექანიზმის დეფიციტია ჩვენთან და სხვადასხვა მულტითერაპიული ჩართულობის სერვისების მიუწვდომლობა. ასევე, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის დამკვიდრებული უამრავი თერაპიული მიდგომა, რაც შეიძლება წარმატებულად იქნეს გამოყენებული ინტერვენციის პროცესში.

- რა როლი აქვს მუსიკათერაპიას ფსიქიკური განვითარების შეფერხების დიაგნოზთან ბრძოლაში?

- მუსიკათერაპიული ჩართულობა აუმჯობესებს ბავშვის ზოგად ნეირობიოლოგიურ ფუნქიონირებას და შესაბამისად, დადებითად აისახება სხვადასხვა სფეროს ფუნქციონირების ხარისხზე. მუსიკათერაპია ეს არის მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში უკვე საკმაოდ კარგად და მყარად დამკვიდრებული თერაპიის ფორმა, რომელიც ეფუძნება პრაქტიკას, კვლევებს და მტკიცებულებებს. მტკიცებულებები კი მიუთითებენ დადებით გავლენაზე ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე. მაგალითად, მუსიკათერაპია გვევლინება მეტყველებითი უნარების მასტიმულირებლად. სწორად და პროფესიონალის მიერ წარმართული თერაპიული ჩართულობით სტიმულირდება როგორც მიმართული მეტყველება, ასევე ექსპრესიული მეტყველება და მეტყველების დარღვევების სხვადასხვა ფორმები, რაც ხშირად გვხვდება პრაქტიკაში განვითარების შეფერხებების დროს. ასევე, დადებითად აისახება ენისა და კომუნიკაციის, შემეცნებითი სფეროს განვითარებაზე, რაშიც სიმღერა-თამაშები გამოიყენება აქტიურად. დიდია გავლენა ფიზიკური, მოტორული უნარების განვითარების დადებით დინამიკაზე - როგორც მსხვილი მოტორიკის, ასევე წვრილი მოტორიკის გაუმჯობესების კუთხით. უნდა აღინიშნოს, დადებითი გავლენა პიროვნულ-სოციალურ და ემოციურ-ქცევით სფეროზე. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ სწორედ ამ სფეროების სირთულეები ზოგჯერ მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული განვითარების ეტაპების დაყოვნების დიაგნოზის დაძლევის პრობლემურობასთან და დროში გახანგრძლივებასთან. მაგალითად, ამ მდგომარეობის თანმხლები ქცევითი პრობლემები, ხშირად მდგომარეობის დაძლევისთვის მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად შეიძლება მოგვევლინოს და მეტიც, ერთგვარი შემანარჩუნებელი ფაქტორიც კი იყოს.

- ამ ცალკეული სფეროების განვითრებაზე მუშაობს ასევე განვითარების თერაპევტი, სენსორული თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ნეიროფსიქოლოგი და ა.შ. რაში მდგომარეობს მუსიკათერაპიის უპირატესობა და ბენეფიტები?

- როგორც წესი, განვითარების ეტაპების დაყოვნება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული გარკვეულ ნეგატივიზმთან, დაძაბულობასთან, კომპლექსთან, სტრესთან - რაც შესაძლოა განპირობებულია არასწორი ქცევითი მიდგომით მშობლების და ოჯახის წევრების მხრიდან, იგივე მოლოდინებს და მოთხოვნებს უყენებენ შეფერხების მქონე ბავშვებს, როგორსაც ტიპური მდგომარეობის შემთხვევაში, ადარებენ მათ სხვებს და სხვების გამოცდილებას, საყვედურობენ, არასწორი ფორმით აძლევენ შენიშვნებს, რაღაც რომ არ გამოსდით, ამცირებენ და ა.შ. ბავშვები კი ითრგუნებიან, ხშირია დეპრესიული გუნებ-განწყობა ასეთ დროს, უინიციატივობა და მოტივაციური სფეროს დეფიციტები, წარუმატებლობის დაძლევის სუსტი მექანიზმები, შიში და შფოთვა სიახლის და ახლის მიმართ და ა.შ. მუსიკალური იმპროვიზაციის პროცესი მნიშვენლოვნად ამცირებს სტრესს, დისტრესს, დაძაბულობასა და ნეგატივიზმს, რომელთანაც, როგორც წესი, განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე ბავშვებისთვის, დაკავშირებულია ახალი ინფორმაციის შემჩნევის, ათვისებისა და დასწავლის პროცესი. შესაბამისად, თერაპიის მიმღებს ხდის ღიას და მიმღებელს ახალი გამოცდილებების მიმართ, რაც განვითარების ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვენლოვანია.

mshoblebi

- სხვა თერაპიულ ჩართულობასთან ერთადაც განიხილება მუსიკათერაპიული ჩართულობა. რას გეუბნებათ პრაქტიკა, რომელ თერაპიულ ჩარევასთან კომბინაციაშია ყველაზე ეფექტური?

- მოხდება სხვა თერაპიასთან კომბინაციაში ჩართულობა თუ დაიწყება მხოლოდ მუსიკათერაპიული ჩარევა, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური სპეციფიკიდან გამომდინარე წყდება. საჭიროება უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური რესურსის და დეფიციტების მიხედვით. ბუნებრივია, სხვა თერაპიებთან კომბინაციით მნიშვნელოვნად იზრდება მიღებული შედეგების დროში ეფექტურობა. განსაკუთრებულ ეფექტს, მაგალითად, მეტყველების შეფერხების შემთხვევაში ლოგოპედიასთან ერთად იძლევა, განვითარების ეტაპების დაყოვნების, აუტიზმის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის შემთხვევაში – ნეიროფსიქოლოგიასთან კოოპერაციით და ა.შ. თუ ვხედავთ, რომ ჩვენს ცენტრში მოსული პირი საჭიროებს რომელიმე კომპეტენციის ჩართულობას, აუცილებლად გავცემთ რეკომენდაციას, რომ სასურველია კონკრეტული სპეციფიკის ჩართულობაც. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ერთ-ერთი ოცნებათაგანია, საქართველოში დამკვიდრდეს მსგავსი გამართული მექანიზმი, რომელზეც ვისაუბრეთ და შედგეს მულტიდისციპლინარული ინტერვიზიები. ჩვენს ცენტრს ნამდვილად აქვს ამის რესურსი, რომ უზრუნველყოს კონკრეტული თერაპიების მიმღების შემთხვევის გარშემო კონსილიუმისთვის საჭირო სივრცე და იმედია აქტიურად დავიწყებთ ამას. ეს ძალიან დადებით ასახვას ჰპოვებს თერაპიებით მიღწეულ შედეგზე და ხარისხზე. დამეთანხმებით, რომ რაც უფრო მეტი თავი ფიქრობს ერთ საკითხზე, მით უფრო ეფექტური იქნება შემუშავებული იდეა, სტრატეგია, გეგმა და შესაბამისად მიღწეული შედეგი.

- რა ასაკიდან შეუძლია მუსიკათერაპიული ჩართულობისთვის მოგმართოთ მშობელმა?

- მუსიკა ისეთი მოქნილი მედია, რომ ძალიან უადვილდება ბავშვს ამის აღქმა და ალბათ, ზრდასრულების უმეტესობა დამეთანხმება, რომ მუსიკას დიდი შეღწევადობის ძალა აქვს. ხშირ შემთხვევაში პირველი ჩარევის ფორმაცაა ხოლმე, არამხოლოდ ადრეული განვითარების სირთულეების დროს, არამედ ზრდასრულების შემთხვევაშიც. რაც ადრე მოხდება ჩართულობა, მით უფრო მარტივად მოხდება დეფიციტური სფეროების ამოქაჩვა და გაძლიერება. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს პრეცედენტები სხვადასხვა ნეიროგანვითრებითი დარღვევების და განვითარების შეფერხებების საპრევენციოდ მომართვიანობისა უკვე 3 თვიდან. ეს ძირითადად ისეთი შემთხვევებია, როდესაც მაღალია ფსიქოპათოლოგიების განვითარების რისკები სხვადასხვა მიზეზით, მაგ., პრობლემური ორსულობა, სამშობიარო ტრამვა, გენეტიკური წინასწარგანწყობა და ა.შ.

mshoblebi

– რა არის მუსიკის საიდუმლო, როგორ ახერხებს ის ამ ყველაფერს?

– არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ მუსიკა მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენია ადამიანის ფსიქო-სომატიკაზე. მისი ფლობის ცოდნისა და სწორად გამოყენების შემთხვევაში კი ძალიან ძლიერი იარაღია არამხოლოდ განვითარების ეტაპების დაყოვნების, ზოგადად, ნებისმიერი ასაკისა და მდგომარეობის მქონე, თითქმის ნებისმიერი სირთულის მქონე ადამიანთან. როგორ? მარტივად რომ ვთქვათ, ამას თავის ტვინის ზოგადი ინტეგრაციული მოქმედების გაუმჯობესებით ახერხებს.

- სად მდებარეობს თქვენი ცენტრი, სადაც მსურველებს მომართვა შეუძლიათ?

- ჩვენი ცენტრი მდებარეობს ქ. თბილისში, ვაკის პარკთან, ტიციან ტაბიძის 106 ნომერში. „ბეკარში“ მყუდრო, მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში, სადაც ზედმიწევნით ვიცავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს, ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის.