რამდენად საშიშია ბავშვის ჩაბჟირება და იწვევს თუ არა მომავალში ეპილეფსიურ გულყრებს - ნანა ტატიშვილის განმარტება - მშობლები

რამდენად საშიშია ბავშვის ჩაბჟირება და იწვევს თუ არა მომავალში ეპილეფსიურ გულყრებს - ნანა ტატიშვილის განმარტება

2021-02-11 09:01:34+04:00

ბავშვის ჩაბჟირება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ჩაბჟირება საშუალოზე მეტ ხანს გრძელდება, ბავშვი სუნთქვას აჩერებს და ზოგჯერ უნებლიე მოძრაობებიც აქვს. ეს მოვლენა ბევრ დედას აშინებს, რადგან ერთი შეხედვით კრუნჩხვას, ეპილეფსიურ გულყრას ჰგავს. ზოგს ეშინია, რომ ასეთი მოვლენები შესაძლოა მომავალში ეპილეფსიის განვითარების მიზეზი გახდეს.

არსებობს თუ არა ამის საფრთხე? ამის შესახებ ბავშვთა ნევროლოგმა, პროფესორმა ნანა ტატიშვილმა გადაცემა "პირად ექიმში" გააკეთა განმარტება. მისი თქმით, თქმით, ჩაბჟირება არანაირ კავშირში არ არის ეპილეფსიურ გულყრასთან.

„არანაირი კავშირი აქვს, თუნდაც ჩაბჟირება განვითარდეს ფერის შეცვლით, გონების დაკარგვით და ხანდახან ხანმოკლე დაჭიმულობებით ან რამდენიმე ბიძგით სხულში. ეს მოვლენები ძალიან ჰგავს ეპილეფსიურ გულყრას, მაგრამ სულ სხვა მექანიზმით ვითარდება. ეს ხდება სუნთქვის ხელოვნური შეჩერებით, ბავშვი აკეთებს ჩასუნთქვას, მაგრამ ტირილის, სიბრაზის გამო ამოსუნთქვას ვერ აკეთებს, სანამ რეფლექსურად არ მოხდება სუნთქვის პროცესის აღდგენა. იმ წუთას არავითარი საფრთხე არ ემუქრება ბავშვის სიცოცხლეს და არც შემდგომში ქმნის ეპილეფსიის განვითარების რისკს. 10 ჯანმრთელი ბავშვიდან 1-2 მთგანს ეს მდგომარეობა აქვს და ძირითადად, ასაკზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი გაივლის სკოლის ასაკამდე, უფრო ხშირად 3 წლამდე და აღარც ახსოვთ, თუ რაიმე პრობლემა იყო ამ მხრივ“ - ამბობს ნანა ტატიშვილი.