გერმანიის დასაქმების სააგენტოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც სეზონურ სამუშაოებზე, კონკრეტულად, მოსავლის აღებაზე, ქართველების ლეგალურ დასაქმებას ითვალისწინებს. რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო და პირველი აპრილიდან საქართველოს მოქალაქეები უკვე გერმანიაში უნდა იყვნენ. თუ არის განსაზღვრული კატეგორია, ვისაც პრიორიტეტი მიენიჭება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მსურველები, კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ:
- მსგავსი კატეგორია განსაზღვრული არ არის, უბრალოდ, პირველ ეტაპზე აირჩევიან ის კანდიდატები, რომლებმაც მიუთითეს, რომ ამ ეტაპზე სურთ წასვლა და დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც წინასწარაა გაწერილი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, გარდა ასაკის შეზღუდვისა და ჯანმრთელობის ცნობისა, აღნიშნულია ის პირობები, რასაც სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს:
უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდეა. სამუშაო დრო კი 5-6 დღე კვირაში; 8-10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი, როგორც აღნიშნულია, 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება საშემოსავლო გადასახადი. კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები არ იქვითება ხელფასიდან, თუმცა მათ ფარავს თავად დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/
თამარ იაკობაშვილი