მას ყველაზე თანამედროვე სასულიერო პირად მოიხსენიებენ, მის მრევლში ბევრი ცნობილი სახეა, ხალხში პოპულარობით სარგებლობს მისი ლექსები, გამონათქვამები, "ფეისბუქის" პოსტები...
წლებია, პეტრე კოლხი მედიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სასულიერო პირია. ექვსი შვილის მამას თავისი განცხადებებით არაერთხელ ჩაუგდია შოკში საზოგადოება... ამჯერადაც ასეა - პეტრე კოლხმა ოჯახისგან მოშორებით, მარტო ცხოვრება არჩია და ერთაწმინდაში სახლი აიშენა... ამბობენ, რომ სასულიერო პირი ოჯახიდან წამოვიდა, ჩაიკეტა და საზოგადოებასთან ურთიერთობისგან თავს იკავებს, თუმცა სოციალურ ქსელში კვლავ ძველებურად აქტიურია.
რეალურად, რა ხდება დეკანოზის ცხოვრებაში და როგორია მისი ყოველდღიურობა მარტოობაში - ამაზე პეტრე კოლხი AMBEBI-სთან საუბრობს:
- ვერ ვხვდები რატომ გამოიწვია ასეთი ხმაური ჩემმა ერთაწმინდაში გადმოსახლებამ. ვფიქრობ, ყველა ნორმალური ადამიანი პერიოდულად გადის ქალაქიდან და ძალების აღსადგენად თავს აფარებს სოფელს. სოფელში დროებით თავის შეფარება და ბევრი რაღაცის გაანალიზება, ახალი ცხოვრების დაწყების საწინდარია.
ერთაწმინდაში მიწის ნაკვეთი მქონდა. შემდგომ მეგობრების და ძვირფასი ადამიანების დახმარებით მოვახერხე პატარა ქოხის ჩადგმა, სადაც თავი შევაფარე ახლა ერთდროულად რამდენიმე წიგნზე ვმუშაობ. უნდა გამოვცე ტერენტი გრანელის აქამდე უცნობი ლექსები, ძალიან მიდგას მხარში ემიგრანტი ქალბატონი, რომლის სურვილიც იყო ეს. ასევე ვმუშაობ ჩემი ლექსების კრებულზე, და ერთ-ერთი ტაძრის ისტორიაზე, რომლის წყაროებიც მოვიძიე და შემდეგ წიგნად უნდა გამოვცე. ამ ყველაფერში მხარში მიდგას ერთაწმინდა, აქ ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს. ნებისმიერ ადამიანს თუ აქვს იმპროვიზაციის ნიჭი და წერა შეუძლია, საკუთარ თავს უნდა შეუქმნას მყუდრო გარემო, სადაც ბედნიერი იქნება.
გულდასაწყვეტია, როდესაც სხვისი ბედნიერების გამო ატყდება ხოლმე აჟიოტაჟი. შურით და ბოღმით არ უნდა გასკდე და ადამიანს ძმრად არ უნდა ამოადინო. ეს პირველ რიგში საკუთარი ცხოვრებისთვის არის ცუდი, ყველაფერს რასაც სხვას უსურვებ, უკან გიბრუნდება ბუმერანგივით. ჩემი დილის ლოცვა ასე იწყება: ღმერთო, კარგად ამყოფე ყველა ჩემს გარშემო და ის ადამიანებიც, ვისაც არ ვიცნობ.
ღმერთს შევთხოვ ვინც მმტრობს, მოკეთედ მომიბრუნდეს. ასე რომ იცხოვრონ ადამიანებმა, იქნებ მოხდეს სასწაული და მათი ცხოვრებაც სასიკეთოდ შეიცვალოს. გულდასაწყვეტია ასეთი დაპირისპირება, შუღლი და მტრობა, ამას გამოვექეცი ქალაქიდან ამის გამო მქონდა პროტესტი. ვზივარ ახლა ბუხართან მყუდროდ, ვკითხულობ, ვლოცულობ ან ვწერ და ამით ხელი არავის ეშლება. გაზაფხულზე რამდენიმე წიგნის წარდგენას ვგეგმავ ჩემ სახლში, ეს იქნება საღამოები - "სტუმრად პეტრესთან". შევიკრიბოთ და ვისაუბროთ პოეზიაზე, ღმერთსა და ლიტერატურაზე. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანი სიყვარულით მეგობრობის ხელს გიწვდის?! თუ ამისთვის მზად არ ხარ, ქვების სროლა მაინც არ უნდა დაიწყო. უფალი შეეწიოს ყველას...