ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, სიმშვიდე შეინარჩუნონ, გაჩუმდნენ და არ ჩაერიონ ვისაც ორი ან მეტი შვილი ჰყავს, ეს პრობლემა ყველასთვის აქტუალურია. სქესს არ აქვს მნიშვნელობა – დებმა შეიძლება იმაზე უარესად იჩხუბონ, ვიდრე ძმებმა ან და-ძმამ. ბევრი ფიქრობს, რომ ამის გამო ღელვა არ ღირს, გაიზრდებიან და დაწყნარდებიან. თუმცა ხშირად, იზრდებიან და ჩხუბის ძალაც მატულობს ამასთან ერთად.
პირველ რიგში, უნდა გავერკვათ მიზეზებში, რატომ ჩხუბობენ ბავშვები და მერე გავიგოთ, რა უნდა ქნას ამ დროს მშობელმა.
• ბავშვები ხშირად იმიტომ ჩხუბობენ, რომ მშობლების ყურადღება მიიპყრონ. ამას ვერც აცნობიერებენ, მაგრამ მიზეზი ეს არის. განსაკუთრებით იმ ოჯახებში, სადაც ბავშვს აკლია პოზიტიური ყურადღება – ანუ მას ძირითადად შენიშვნებს აძლევენ, უყვირიან, აკრიტიკებენ.
• ზოგიერთი ბავშვი იმიტომ ჩხუბობს, რომ თავისი ძალა და უპირატესობა დაუმტკიცოს თავის დედმამიშვილს, ან მშობლებს. დაამტკიცოს, რომ "მაგარია".
• ასევე არის მიზეზი შური, თუ ერთ რომელიმეს მშობლები მეტად აქებენ, ან სამაგალითოდ ჰყავთ, მეორეს ყოველთვის შურს და ეჭვიანობს. ეს კი აგრესიასა და ჩხუბში გადაიზრდება ხოლმე. ან უმცროსს მშობლები მეტად იცავენ, უფროსს ეჩხუბებიან მის გამო, ის კი ჩხუბით პასუხობს.
• ზოგიერთი უსაქმურობისგან ჩხუბობს, რომ არ იცის, სად წაიღოს დაგროვილი ენერგია, განსაკუთრებით, ბიჭებს ახასიათებთ ეს. ასეთი ბავშვები მშობლებმა რაიმე სპორტის სახეობით უნდა დააკავონ, რომ დაგროვილი ენერგია იქ დაცალოს.
• და რასაკვირველია, აგრესიული თამაშები – ისინი ბაძავენ ტელევიზორში ან კომპიუტერში ნანახ გმირებს.
მშობლებმა ჯერ კარგად უნდა გააანალიზონ, რატომ ჩხუბობენ ბავშვები და მხოლოდ ამის მერე ჩაერიონ ჩხუბში, მერე კი – მის თავიდან აცილებაზე იზრუნონ.
უშუალოდ ჩხუბის დროს, ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, სიმშვიდე შეინარჩუნონ, გაჩუმდნენ და არ ჩაერიონ, თუ ძალიან "დაძაბული" ვითარება არ არის. არც უყურონ, სრული იგნორირება გაუკეთონ და ან თავად გავიდნენ სხვა ოთახში, ან ბავშვები გაუშვან, სანამ ჩხუბს არ დაასრულებენ. ან ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინონ.
რაც ნაკლებ ემოციას გამოავლენს მშობელი ამ დროს (ფარულად კი, მაშინ, როცა არ ჩხუბობენ, ჩხუბის მიზეზებს ებრძვის), მით მეტად შემცირდება ჩხუბიც. ბავშვები ამას ძირითადად მაყურებლისთვის – მშობლისთვის აკეთებენ, მისი ემოციების "გამოსაწვევად". როცა ამ შედეგს ვერ მიიღებენ, დაწყნარდებიან.
თუ არ გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა იჩხუბონ, ეცადეთ:
• არ გააღვივოთ მეტოქეობა ბავშვებს შორის და გამუდმებით არ შეადაროთ ერთმანეთს. შეადარეთ საკუთარ თავს. ნაცვლად ფრაზისა: "შეხედე შენს ძმას, როგორი მოწესრიგებულია", უთხარით: "გუშინ გაცილებით წესიერად იქცეოდი".
• არ დასცინოთ ბავშვს და შეურაცხყოფა არ მიაყენოთ, განსაკუთრებით სხვების თვალწინ.
• ეცადეთ, ნაკლებად უყურონ აგრესიულ ფილმებსა და მულტფილმებს.
• მეტად მოეფერეთ შვილებს, წაახალისეთ, ემეგობრეთ.
ჩხუბს მხოლოდ გააღვივებთ, თუ:
რომელიმეს გამოესარჩლებით; ძალით ეცდებით მათ შერიგებას; ორივეს თანაბარ პირობებში არ ჩააყენებთ; უყვირებთ ან თქვენც ფიზიკურად შეეხებით მათ, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად.