საუკეთესო ნახევრად ფენოვანი ცომი ხაჭაპურისთვის, ლობიანისთვის, კრუასანისთვის და ა. შ. - უნიკალური რეცეპტი - მშობლები

საუკეთესო ნახევრად ფენოვანი ცომი ხაჭაპურისთვის, ლობიანისთვის, კრუასანისთვის და ა. შ. - უნიკალური რეცეპტი

2021-02-24 06:44:58+04:00

ეს არის საოცრება ცომი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მოამზადოთ ძალიან ბევრი საინტერესო კერძი, დესერტი თუ სამხარი: ფენოვანი ხაჭაპური⁣, ნახევრად ფენოვანი ხაჭაპური⁣, ფენოვანი ღვეზელი⁣, დარიჩინის რგოლები⁣, კრუასანი⁣, კურნიკი⁣, ხორცის ღვეზელი⁣, ფენოვანი ლობიანი⁣.

ინგრედიენტები

თბილი წყალი - 250 მლ საფუარი - 1 სკ მარილი - 1 ჩკ შაქარი - 1 სკ ძმარი - 1 სკ არაყი - 1 სკ ზეთი - 1 სკ კვერცხი - 1 ც ფქვილი - 3 ჭიქა (250-იანი) მარგარინი - 250 გ

აქვე ვიტყვი, რომ ამ ცომის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში 3-4 დღის განმავლობაში და საყინულეში - 3 თვემდე⁣.

1. თბილ წყალში ჩავყაროთ საფუარი და შაქარი, დავტოვოთ 10-15 წუთის განმავლობაში სანამ საფუარი არ დაიწყებს რეაქციას. შემდეგ ამ წყალში დავამატოთ კვერცხი, მარილი, ძმარი და არაყი, მოვურიოთ და დავუმატოთ ფქვილი.მოვზილოთ რბილი ცომი.⁣ 2. შევაზილოთ ზეთი, ჩავდოთ ცომი პარკში და დავასვენოთ მაცივარში 25-30 წუთი. ცომი აფუვდება.⁣ 3. შემდგომ აფუებული ცომი გავაბრტყელოთ, წავუსვათ მარგარინის 1/3, ჩავკეცოთ ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და შევდგათ საყინულეში 30 წუთით.⁣ 4. დროის ამოწურვის შემდეგ გავიმეოროთ მარგარინის წასმა, ისევ ჩავკეცოთ და ისევ შევდგათ საყინულეში 25-30 წუთით⁣ 5. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს ყველა მანიპულაცია მესამე ჯერზეც, ისევ ვდებთ საყინულეში, და 15-20 წუთში ცომის გამოყენება შესაძლებელია. ⁣ ცომის წონა 1200 გ⁣