მკვლელი დაავადება, რომელსაც ზედმეტი მარილის მოხმარება იწვევს - საქართველოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჭარბი მარილის მომხმარებელია - მშობლები

მკვლელი დაავადება, რომელსაც ზედმეტი მარილის მოხმარება იწვევს - საქართველოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჭარბი მარილის მომხმარებელია

2021-03-05 07:01:02+04:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 15% მარილის ზომაზე მეტად მოხმარების შედეგია. ამასთან, მილიონი შემთხვევა 70 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებზე მოდის.

მარილის ჭარბი მოხმარებისას, სამიზნე არა მხოლოდ გული და სისხლძარღვებია. ეს უკანასკნელი დაკავშირებულია ოსტეოპოროზის, კუჭის კიბოს, თირკმლის ქრონიკული დაავადების, ზოგადი სიმსუქნის განვითარებასთან. ამასთან, ნატრიუმის სიჭარბე კვების რაციონში ბრონქული ასთმის, მენიერის სინდრომის, ალც–ჰაიმერის დაავადებისა და დიაბეტის მიმდინარეობას ამძიმებს.

ყოველწლიურად, მარტის დასაწყისში, საკვები მარილის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კვირეული იმართება. მიმდინარე წელს, ღონისძიება 8–14 მარტს ჩატარდება. მისი ლოზუნგია (კვირეულის ინიციატორების „მსოფლიო მოძრაობა–მარილი და ჯანმრთელობა“ WASH მიერ წარმოდგენილი) „მეტი არომატი, ნაკლები მარილი“.

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 75% ყოველდღიურად რეკომენდირებულზე მეტ მარილს მოიხმარს.

მოძრაობის მიზანია, მსოფლიოში და რაღა თქმა უნდა, საქართველოშიც, მოსახლეობამ მეტი იცოდეს მარილის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული საზიანო შედეგების და ჰიპერტენზიის შესახებ. მაშინ, როდესაც მარილის დღიური გამოყენება 5 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, საქართველოს მოსახლეობაში თითქმის ორჯერ მეტს, 8,5 გრამს (STEPs 2016) მოიხმარენ. ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული კვლევებით, მოზრდილი მოსახლეობის 50%–ზე მეტი აღნიშნავს, რომ მარილს უკვე გამზადებული საკვების ულუფას ამატებს.

mshoblebi

რაც შეეხება ჰიპერტენზიას, ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

2016 წლის STEPs კვლევის მონაცემებით, ქართველ მოსახლეობაში, თითქმის 40%–შია გავრცელებული და მისი გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი რისკი–კვებითი ქცევა და სუფრის მარილის მიმართ დამოკიდებულებაა.

თუ ადამიანები მარილის რეკომენდირებულ დოზას მიიღებენ (დღეში 5გრამი), თავის ტვინის ინსულტის რისკი - 23%-ით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა კი 17%-ით შემცირდება.

არტერიულ ჰიპერტენზიის წარმატებული კონტროლისათვის, ზოგ შემთხვევში ე.წ. არამედიკამენტური მიდგომა, მათ შორის სუფრის მარილის შეზღუდვაც კმარა.

ჯანმოს რეკომენდაციით, წევრი ქვეყნების სამიზნე 2025 წლისთვის მარილის მოხმარების 30%-ით შეამცირებაა, რის შედეგადაც ყოველწლიურად 2.5 მლნ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი.

დალი ტრაპაიძე, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი:

- არტერიული ჰიპერტენზია, მომატებული არტერიული წნევა არის გულ-სისხლძარღვთა დაავადების ძირითადი რისკ-ფაქტორი. მისი ე.წ. საბოლოო წერტილები ანუ სისხლძარღვოვანი გართულებები თავის ტვინის ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, უეცარი კარდიული სიკვდილი, თირკმლის ქრონიკული დაავადება და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დაავადებების პროგნოზის შესაფასებლად.

mshoblebi

ჰიპერტენზია ჩუმი მკვლელია და ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. თუმცა, უსიმპტომობა არ ნიშნავს ჯანმრთელობას, რაც აუცილებლად უნდა გააცნობიეროს მოსახლეობამ. განსაკუთრებით საყურდღებოა, რომ ასიმპტომური პირები ექიმს პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად აკითხავენ. აქედან გამომდინარე, 75–80% ვიზიტებისა, უკვე დამდგარი ჯანმრთელობის პრობლემის გამოა.

არტერიული ჰიპერტენზია იშვიათად მიმდინარეობს იზოლირებულად. ამიტომაც საჭიროა ე.წ. პერსონალური გულ–სისხლძარღვთა რისკის შეფასება. ახალგაზრდა, უსიმპტომო ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს სიმსუქნე, მოიხმარდეს თამბაქოს, ჰქონდეს მაღალი წნევა და ის ტაქტიკურად საჭიროებდეს მედიკამენტურ მკურნალობას.

2016 წლის არაგადამდებ დაავადებათა რისკ–ფაქტორების STEPs კვლევის მიხედვით,18–69 წწ მოზრდილი პოპულაციის მესამედს აქვს 3 და მეტი რისკის ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალური რისკის პროფილი განსაზღვრავს ექიმის ტაქტიკას მათთან მიმართებაში.

რისკის ფაქტორების კორექცია დაავადების თავიდან აცილების საფუძველია. უკვე არსებული ჰიპერტენზიის შემთხვევაში კი ექიმის რეკომენდაციით რეგულარული მკურნალობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვასთან ერთად, არის გარანტია, ვიცხოვროთ ჰიპერტენზიით, გართულებების გარეშე.