რა არის ანაფილაქსია, ყველაზე მძიმე წამლისმიერი გართულება და რა საფრთხეს გვიქმნის ის - მშობლები

რა არის ანაფილაქსია, ყველაზე მძიმე წამლისმიერი გართულება და რა საფრთხეს გვიქმნის ის

2021-03-18 14:53:33+04:00

ახალციხეში კოვისაწინააღმდეგიო ვაქცინაციის დროს ახალგაზრდა ექთანს მძიმე გვერდითი მოვლენა განუვითარდა. წინასწარი შესაფასებით, ექიმები ფიქრობენ, რომ ეს ანაფილაქციური რეაქცია იყო. 27 წლის ექთანი ვაქცინის შეყვანიდან დაახლოებით 30 წუთში გახდა ცუდად. მისი მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, რის გამოც ინტუბირებულია და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

ბუნებრივია, ბევრს გაუჩნდა შეკითხვა, რას წარმოადგენს ანაფილაქსია და ყოვეთვის ასე მძიმედ მიმდინარეობს თუ არა.

გვესაუბრება საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ინტენსიური თერაპია-რეანიმაციის ექიმი, რეანიმატოლოგი თამაზ ფოცხვერია .

- ანაფილაქსიური შოკი ანუ ანაფილაქსია ელვისებური ალერგიული რეაქციაა, რომელიც ვითარდება ორგანიზმის მგრძნობელობის მკვეთრი მომატების ფონზე ალერგენის (ცილის, შრატის, მედიკამენტის, მწერის შხამის და სხვა) განმეორებითი შეჭრის დროს. ანაფილაქსიური რეაქცია წამლისმიერი ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა, რომელიც ათიდან 1-2 შემთხვევაში სიკვდილით მთავრდება. სიკვდილის უშუალო მიზეზებია:

სასუნთქი გზების გამავლობის დარღვევა (ყველაზე ხშირად); არტერიული წნევის მყარი დაქვეითება; თავის ტვინის შეშუპება. ანაფილაქსია მაშინ ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს განსაკუთრებულ ანტისხეულებს, რომლებიც საჭიროა იმ დაავადებების (იმ რეაქციების) წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომლებსაც იწვევს ორგანიზმში სრულიად უვნებელი ნივთიერებების მოხვედრა, მაგალითად, კვების გზით. საინტერესოა, რომ ამ ნივთიერებებთან პირველი კონტაქტის დროს ალერგიული რეაქცია შეიძლება არ აღიძრას, მაგრამ ორგანიზმი მაინც გამოიმუშავებს ანტისხეულებს, ამავე ნივთიერებასთან მეორე კონტაქტის დროს კი ანტისხეულები მოქმედებას იწყებენ და დიდი რაოდენობის ჰისტამინს წარმოქმნიან. სწორედ ჰისტამინი მიიჩნევა ანაფილაქსიის მიზეზად. ანაფილაქსიური შოკი ძალიან სწრაფად ვითარდება, როგორც წესი, ალერგენთან კონტაქტის შემდეგ რამდენიმე წამში ან წუთში (მაქსიმუმ 2 საათში). საინტერესო ის გახლავთ, რომ არც ალერგენის დოზას და არც ორგანიზმში მისი შეჭრის გზას (ჩასუნთქვით, კანზე თუ კანქვეშ მოხვედრით) ანაფილაქსიური შოკის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ანაფილაქსია შეიძლება ალერგენის უმნიშვნელო დოზამაც გამოიწვიოს. თუმცა აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ რომელიმე პრეპარატის დიდი დოზა შოკის სიმძიმესა და მიმდინარეობის ხანგრძლივობას საკმაოდ ზრდის.

ანაფილაქსიური შოკის სიმპტომები

პირველი სიმპტომი და, შეიძლება ითქვას, ანაფილაქსიური შოკის განვითარების წინმსწრები (მაუწყებელი) ნიშანი - ეს გახლავთ ორგანიზმის მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია იქ, სადაც ალერგენი მოხვდა (მაგალითად, მწერის ნაკბენის ან ინექციის ადგილას): უჩვეულო მკვეთრი ტკივილი, ძლიერი შეშუპება, შესივება და სიწითლე, კანის ძლიერი ქავილი, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელ კანზე (გენერალიზებული ქავილი). თუ ალერგენი ორგანიზმში საკვებთან ერთად მოხვდა, პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს მუცლის მკვეთრი, მჭრელი ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, პირის ღრუსა და ხორხის შეშუპება. ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს სწრაფად ერთვის ხორხის შეშუპება, ბრონქოსპაზმი და ლარინგოსპაზმი (ხორხის ლორწოვანი გარსის სპაზმი), რომელსაც სუნთქვის მკვეთრი გაძნელება მოჰყვება. სუნთქვის გაძნელებას გახშირებული, ხმაურიანი, ხრინწიანი ("ასთმური") სუნთქვა მოსდევს. ვითარდება ჰიპოქსია (მდგომარეობა, როცა ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის). ავადმყოფი ფერს კარგავს, ტუჩები, ხილული ლორწოვანი გარსები და კიდურების დისტალური ბოლოები (თითები) შეიძლება ციანოზური (მოლურჯო ფერის) გახდეს. ანაფილაქსიური შოკის დროს არტერიული წნევა მკვეთრად ეცემა და ვითარდება კოლაფსი (გულის მუშაობის დროებითი, უეცარი სისუსტე და სისხლძარღვთა ტონუსის დაცემა, რასაც თან ახლავს არტერიული წნევისა და ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება). პაციენტმა შეიძლება გონა დაკარგოს ან გული წაუვიდეს.

განაგრძეთ კითხვა