სულ ცოტა ხნის წინ ფეისბუქში "ვეფხისტყაოსნის" გმირების ექაუნთები გამოჩნდა - 161-ე საჯარო სკოლის მე-10 (4) კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ნინო მალუტაშვილთან ერთად "ვეფხისტყაოსნის" სწავლისას საინტერესო მეთოდი გამოიყენეს. მათ სხვადასხვა პერსონაჟის სახელით ფეისბუკ ანგარიშები შექმნეს - ტარიელი, ავთანდილი, ნესტან-დარეჯანი და ა. შ. პროფილის ფოტოც შეურჩიეს და აღწერაც. წარმოიდგინეს, როგორი პროფილი ექნებოდა თითოეულ გმირს, ამ ეპოქაში რომ ცხოვრობდეს და სოციალურ ქსელს იყენებდეს. როგორც მასწავლებელი გვეუბნება, იდეა საგაკვეთილო პროცესში გაჩნდა, ბავშვებმა იხუმრეს, თუ როგორ გაუადვილდებოდა ტარიელს ნესტან-დარეჯანის პოვნა ფეისბუქის ეპოქაში, ბავშვები ამ იდეას აჰყვნენ და ინტერესიც გამოთქვეს. მოსწავლეები კი გვეუბნებიან, რომ "ვეფხისტყაოსნის" სწავლის პარალელურად, მსგავსი აქტივობა მათთვის კიდევ უფრო სახალისო და საინტერესოა. ნინო მალუტაშვილი გვიყვება, რა არის პროექტის მთავარი მიზანი და რაში დაეხმარება ეს მოსწავლეებს:

- უმთავრესი მიზანი არის სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ლიტერატურისა და ზოგადად, განათლების მიმართ. სახალისო დავალებების წყალობით მოსწავლეები ვალდებულებად აღარ ჩათვლიან ამა თუ იმ ტექსტის წაკითხვას და იძულების წესით კი არ ისწავლიან, არამედ ხალისითა და ინტერესით მიუდგებიან ამ ყველაფერს.

- რამდენად დიდი იყო ბავშვების მხრიდან ჩართულობა?
- სიმართლე გითხრათ, ეს იყო საცდელი ნაბიჯი ჩემი მხრიდან და გულის სიღრმეში ცოტა ეჭვი მეპარებოდა, რომ ამყვებოდნენ, რადგან სოციალური ქსელის გამოყენება ისედაც მათი ყოველდღიურობის ნაწილია და ალბათ, უკვე მობეზრდათ კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან დაინტერესდნენ, ხალისით შეხვდნენ ამ იდეას და უბრალოდ კი არ მოიწონეს იდეა, არამედ იმავე დღეს დაიწყეს განხორციელება.
- ზოგადად, რამდენად დიდი გამოწვევაა "ვეფხისტყაოსნის" სწავლება, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორ ცდილობთ ტექსტი უფრო მარტივი და გასაგები იყოს მოსწავლეებისთვის?
- გამოწვევა, ცხადია, უდიდესია, რამდენადაც საუბარია ყველა დროის საუკეთესო ქართულ ლიტერატურულ ტექსტზე, პოემაზე, რომელიც აერთიანებს უდიდეს იდეებს, საკითხებს, რომლებიც ყველა ეპოქაში საინტერესოა. ბავშვებმა იციან, რომ "ვეფხისტყოსანი" ქართველი ერის საგანძურია, "ქართული ლიტერატურის შუქურა" და სხვა ბევრი "ფრთიანი ფრაზა", მაგრამ ვფიქრობ, მთელი ღირსება ამ ტექსტის სწავლებისას ისაა, რომ ბავშვებმა გაიაზრონ, თუ რატომ არის ეს ტექსტი ამდენად დიდი მნიშვნელობის მქონე. მათ არ სჭირდებათ მზა მოცემულობები, რომ ეს ასეა და მორჩა. მათ აინტერესებთ, რატომ არის ასე, შესაბამისად, მცდელობა იმისა, რომ მოსწავლეებისთვის გასაგები, ხელშესახები და ადვილად აღსაქმელი იყოს, მრავალგვარია: დისკუსიები, წერითი და ზეპირი მსჯელობები, პარალელების ძებნა სხვა ლიტერატურულ ტექსტებთან და ა.შ.

- ადრე ბევრი მასწავლებელი თვლიდა, რომ "ვეფხისტყაოსნიდან" ძალიან ბევრი სტროფი უნდა დაეზეპირებინათ მოსწავლეებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ეს მიდგომა?
- მოდით, არ დავიწყებ "სუპერ თანამედროვე" მასწავლებლის როლის მორგებას და გულწრფელად გეტყვით, რომ ზეპირად დასწავლას მივესალმები, რადგან ეს გონების გავარჯიშების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა და ამავე დროს, ტექსტის ზედმიწევნით ცოდნა გვეხმარება მისი ესთეტიკური მხარის უკეთ დანახვაში, მაგრამ ამ ყველაფერში მთავარი, რა თქმა უნდა, გააზრებაა. საუბარია გააზრებულად სწავლაზე და არა, უბრალოდ, დაზეპირებაზე, ეს უკანასკნელი არც კი განიხილება. ამიტომ, გადავწყვიტე ამ კუთხით არჩევანის საშუალება მივცე, არც ავკრძალო და დავაკნინო ზეპირად სწავლა და არც დავაძალო.
- სხვა შემთხვევაშიც ხშირად იყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს ლიტერატურული ტექსტის განხილვისას? ამართლებს ეს მეთოდი მოსწავლეების დასაინტერესებლად?
- ტექნოლოგიების ეპოქაში ამას ვერ ავცდებით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მსგავს ხერხებს ხშირად მივმართავ; აი, მაგალითად, ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პედაგოგი ბავშვებთან ერთად ქმნის ხელნაწერ ტექსტებს, ცხადია, აქცენტი კლასიკურ ტექსტებზე კეთდება, პირველად "ვეფხისტყაოსანი" გადაწერეს, ახლახან დასრულდა "სიბრძნე სიცრუისა". მოსწავლეების მხრიდან ჩართულობა და ინტერესი ძალიან დიდი იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ მათი დაინტერესება და ლიტერატურასა თუ სხვა დარგებთან დაახლოება, არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით, არამედ ბევრი სხვა ხერხითაც შეიძლება. მთავარი, ალბათ, ამ ყველაფრის მიწოდების ფორმაა.

- თქვენი გამოცდილებით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მოსწავლეებს კითხვის პროცესს შეაყვარებს?
- არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ რამეს აძალებენ. ისინი თავისთავად უნდა იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ამისთვის სხვადასხვაგვარი მეთოდი არსებობს: წავიკითხოთ მათთან ერთად, გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება, მივცეთ საშუალება გაცვალონ აზრები და რაც მთავარია, მოვუსმინოთ თითოეულ მათგანს. ყველა მეთოდი გამართლებულია, თუკი ბავშვებს ტექსტებამდე საკუთარი სურვილით მივიყვანთ და თუ ეს ერთხელ მოხდა, ისინი თავად ნახავენ, რომ ლიტერატურა ცხოვრებაა და შეუძლებელია მისგან განცალკევება.

161-ე საჯარო სკოლის მე-10 (4) კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ "ვეფხისტყაოსნის" ამ ფორმით სწავლება აადვილებს და კიდევ უფრო აფერადებს პროცესს. ფიქრობენ, რომ "ვეფხისტყაოსანი" უნიკალური ნაწარმოებია, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო.
"მისი წაკითხვის შემდეგ სიამაყის გრძნობა დაგვეუფლა. რა თქმა უნდა, ყველა სიკეთესთან ერთად, ეს დიდებული ნაწარმოები რთულიც არის და ზუსტად ამიტომ ხდის ეს და მსგავსი ორიგინალური იდეები სწავლის პროცესს სახალისოს. თანატოლებსაც ძალიან მოეწონათ ეს იდეა და სურვილი გაუჩნდათ, ჩვენი მასწავლებლის მოსწავლეები გამხდარიყვნენ, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა ამ პროექტში. ვცდილობთ, ანგარიშები ყოველდღიურად ვმართოთ. შევქმნათ პოსტები , რომლებიც თანამედროვეც იქნება და ტექსტის შინაარსსაც შეესაბამება. ხანდახან, ძალიან შევდივართ როლში და საკუთარ თავს პერსონაჟების ადგილასაც ვაყენებთ, რადგან ბევრ მათგანთან გვაქვს რაღაც საერთო", - გვიყვებიან ისინი.
თამარ იაკობაშვილი