ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკაშია და მკურნალობს. როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.
"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!" - დაწერა კალაძემ.
მას შემდეგ რაც თბილისის მერმა აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები მას გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
ალეკო ელისაშვილი:
"პოლიტიკა პოლიტიკად მაგრამ პირველ რიგში, ადამიანები ვართ - ჰოდა, კახი კალაძეს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და ფიზიკურ მწყობრში მალევე ჩადგომას"
ელენე ხოშტარია:
"მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ"
ბაია პატარაია:
"კაცმა საკუთარი დიაგნოზი დაწერა და უამრავი ადამიანი წერს, არ გვჯერაო. პოლიტიკურად სულ არ მომწონს კალაძე, მაგრამ რაღაცას მაინც ვცეთ პატივი და ნუ დავკარგავთ სახეს, მეგობრებო. ძაან შხამიანი რამეა ეს ფეისბუქი. რეალურ ცხოვრებაში სულაც არ ვართ ასეთი შეუბრალებელი ადამიანები. "ენა უძვლოა" კი არა, ფეისბუქი ყოფილა რაც ყოფილა: უძვლოც, უგულოც და ხშირად უგონოც. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას".
რუსუდან ცხომელიძე:
"ადამიანმა დაწერა, დიაგნოზი და ის, რომ მკურნალობს. კომენტარებში ისეთი ხდება, შემეშინდა ასეთ გარემოში ცხოვრების... კორონავირუსი რას მივა ბოროტების, ღვარძლის და ცინიზმის იმ ვირუსთან, რაც შეგვეყარა... გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კახა კალაძეს!"
ცხომელიძის კომენტარებში თამუნა ბოდოკია იხსენებს, რომ კალაძე კლინიკაში ოჯახთან ერთად ნახა.
"გუშინ ვნახე ერთ კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. მივხვდი, რომ მის გამო იყვნენ იმ კონკრეტულ განყოფილებაში. სხვას ეს არ გაყვებოდა, საქმიდან და სამსახურიდან გამომდინარე. რაღაცნაირად ავერიდე და არც მივესალმე, თან ხალხი ყველა მაგათ უყურებდა და აღარ შევეჩეხე არც მას და არც მის დაცვას. ვიფიქრე, ნეტა ახლა თუ ვინმემ გადაუღო და ატვირთა ფბ-ზე, რა უნამუსობა იქნება-მეთქი.
დღეს თავად დაჭირდა ახსნა და დიაგნოზის დაწერაც. რამ გააბოროტა ან გაასულელა ასე ეს ხალხი, მართლა ვერ ვხვდები. სანამ ცოცხალია ადამიანი, ვხრავთ, ვღლიცინებთ, ვწყევლით. არ ვიცი ამას რა ქვია, ან სად ვართ საერთოდ? უიარაღო მკვლელებად იქცნენ ისეთი ადამიანები, ვერასოდეს რომ ვერ წარმოვიდგენდი მათ თუ ეს შეეძლოთ" - წერს თამუნა ბოდოკია. განაგრძეთ კითხვა