„ერთ დღეს ბავშვის ბალიშის ქვეშ კბილების მთელი გროვა დამხვდა... შიშისგან ხმაც არ მომივიდა, რომ დამეკივლა“ - დედის პოსტი - მშობლები

„ერთ დღეს ბავშვის ბალიშის ქვეშ კბილების მთელი გროვა დამხვდა... შიშისგან ხმაც არ მომივიდა, რომ დამეკივლა“ - დედის პოსტი

2021-04-06 09:06:58+04:00

ბავშვები სასწაულ ოინებს გვიწყობენ მშობლებს. ზოგჯერ ელდისგან გულს გადაგვიტრიალებენ ხოლმე, მაგრამ წლების შემდეგ ეს ამბავი ძალიან სასაცილოდ გვახსენდება. და ერთი ასეთი ისტორია მინდა გაგიზიაროთ.

მოგეხსენებათ, კბილების მოცვლის პერიოდი არც ისე მარტივად ჩაივლის ხოლმე. ტკივილი, შიში, ტირილი - ამის გაძლება ბავშვსაც უჭირს და მშობელსაც. ამიტომ კბილის ამოღება რომ მხოლოდ უსიამოვნებასთან არ ასოცირდებოდეს, წასახალისებლად კბილის ფერია გვევლინება ბავშვიან ოჯახებს. ანუ ვდებთ ამოღებულ კბილს ბალიშის ქვეშ, ღამით "მიაქვს" კბილის ფერიას და დილით კბილის ნაცვლად გვახვედრებს ფულს. ეს პრაქტიკა ყველასთვის ნაცნობია.

რა თქმა უნდა, ჩემი ქალიშვილიც არ იყო გამონაკლისი და პირნათლად იღებდა კბილის ფერიისგან ფინანსურ "კომპენსაციას", თუმცა ბევრს არა, 1 ან 2 ლარს კბილზე. ყველაფერი კარგად მიდიოდა, კბილის ამოღება აღარ ეზარებოდა და ყველანი მადლობლები ვიყავით კბილის ფერიის.

ერთ მშვენიერ დილას ლოგინის დალაგებისას ბალიში ავწიე და... ვერ ვიკივლე, იმიტომ რომ შიშისგან ხმაც არ ამომივიდა, დავიხავლე თუ რა დავარქვა იმ ბგერებს, არც ვიცი, რადგან ჩემი პატარა გოგოს ბალიშის ქვეშ კბილების მთელი გროვა დამხვდა. პირველმა შოკმა რომ გაიარა, წამოვკრიფე ეს კბილები, ინსტინქტურად გადავთვალე. ნამდვილად არ ემთხვეოდა უახლოეს ხანებში ამოღებული კბილების რაოდენობას. ამასობაში აზროვნების უნარიც მომეშველა და მივხვდი, რომ არც ყველა ზომა ემთხვეოდა ჩემი შვილის კბილებს.

მოკლედ, ჩემმა ქალბატონმა ყველაფერი გასაგებად ამიხსნა. თურმე უფიქრია, რომ ფერიას სათითაოდ კი არ დაახვედროს კბილები 1 და 2 ლარის მისაღებად, არამედ დააგროვოს და ერთად ბევრი ფული აიღოს. იმასაც მიხვდა, საკუთარი კბილები რომ არ ეყოფოდა "გასამდიდრებლად" და მეზობელი ბავშვებშიც მოუკითხია ზედმეტი კბილები, უფრო სწორად, გაუცვლია სხვადასხვა ნივთში და ეს "განძი" დაახვედრა კბილის ფერიას...

რა თქმა უნდა, ბავშვის დიდი იმედგაცრუება და საფუძვლიანი ეჭვი მოჰყვა იმ ფაქტს, რომ დილით ბალიშის ქვეშ ფული კი არა, ისევ კბილები დაგვხვდა, მაგრამ გამართლება მოვუძებნეთ - რომ არ ელოდა ფერია ერთდროულად ამდენ კბილს და იმ წუთას შეიძლება ამდენი ფული არც ჰქონდა. საბოლოოდ სათანადო მუშაობის შედეგად დავარწმუნეთ, რომ ფერია მხოლოდ კუთვნილ კბილებში იხდის ფულს და რომ ნიკოს კბილები ანას არ გამოადგება, არც მარის კბილი გამოადგება და არც თამუნასი... ასე გავარგძელეთ კბილის ფერიასთან ჰარმონიული თანამშრომლობა...