"როდესაც 1 წლის ბავშვი არ წარმოთქვამს ცალკეულ მარცვლებს და არ გამოხატავს ემოციას ჟესტებით, 2 წლისას არ შეუძლია ორსიტყვიანი წინადადების გამეორება - ეს უკვე საყურადღებოა..." - ნევროლოგის პასუხები აქტუალურ კითხვებზე - მშობლები

"როდესაც 1 წლის ბავშვი არ წარმოთქვამს ცალკეულ მარცვლებს და არ გამოხატავს ემოციას ჟესტებით, 2 წლისას არ შეუძლია ორსიტყვიანი წინადადების გამეორება - ეს უკვე საყურადღებოა..." - ნევროლოგის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

2021-04-12 07:11:11+04:00

სხვადასხვა ეტაპზე ბავშვის განვითარების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლის ვალია, იცოდეს, პირველად, როდის უნდა მიიყვანოს შვილი ნევროლოგთან და რისი შეფასება ხდება ამ დროს, რა არის ის საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა და რა შეცდომებს უშვებენ ხშირად, ამ მიმართულებით. აქტუალურ თემაზე Mshoblebi.ge-ს შეკითხვებს ბავშვთა ნევროლოგი, მედიციის დოქტორი, პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა ნვროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსისტეტის და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, ნინო ლალიანი პასუხობს:

mshoblebi

- ახალშობილის პირველი შეფასება სამშობიარო ბლოკშივე ხდება ნეონატოლოგის მიერ. მისივე მეთვალყურეობის ქვეშაა ახალშობილი სამშობიარო სახლში ყოფნის პერიოდში. ახალბედა დედა სწორედ ნეონატოლოგისგან იღებს პირველ რეკომენდაციებს ახალშობილის მოვლის ძირითადი პრინციპების შესახებ. ჯანმრთელი დროული ახალშობილი პედიატრთან პირველ ვიზიტზე სამშობიაროდან გაწერიდან 7-10 დღის შემდეგ მიდის. სიცოცხლის პირველი 6 თვის მანძილზე პედიატრთან ყოველთვიური ვიზიტი სასურველია. რაც შეეხება ნევროლოგს, რუტინულად ბავშვთა ნევროლოგთან ვიზიტი ხორციელდება 1, 3, 6 თვის და 1 წლის ასაკში. თუმცა, არსებობს გამონაკლისები.

გამონაკლისებში პირველ რიგში უნდა განვხილოთ რისკის ჯგუფის მქონე, ანუ დღენაკლი და სხვადასხვა პერინატალური პათოლოგიის შედეგად გადარჩენილი ახალშობილები. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაიზარდა მათი რაოდენობა, რამაც, თავის მხრივ, განვითარების პრობლემების სიხშირის ზრდა გამოიწვია. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ამ კონტიგენტის განსაკუთრებულ მეთვალყურეობას. ნეირომოტორული დარღვევების ადრეული დიაგნოსტიკა და ინტერვენცია ამცირებს უნარშეზღუდულობის ხარისხს და ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, მისი სრული პოტენციალის გამოვლენას და მაქსიმალური სოციალური თანასწორობის მიღწევას.

პირველი ვიზიტისას ნევროლოგი ახალშობილის შეფასებას დეტალური ანამნეზის შეგროვებით იწყებს. ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობის შესახებ. ამის შემდეგ უკვე ფასდება ახალშობილის ნეირომოტორული განვითარება და ნევროლოგიური სტატუსი.

1 თვის ჩვილს ხელები მიაქვს სახესთან, მუცელზე წოლის დროს თავს ატრიალებს, მზერას აფიქსირებს, შეუძლია თვალი გააყოლოს მოძრავ საგანს, რომელიც სახის შუა ხაზიდან დაახლოებით 15 სმ-ის მანძილზეა განთავსებული, განსაკუთრებით, მკვეთრი ფერის საგნები. რეაგირებს ხმაურზე, შეუძლია ამოიცნოს ნაცნობი ხმა - ატირებული ჩვილი დედის ხმაზე ჩუმდება, შეუძლია ასევე მზერა გადაიტანოს ნაცნობ ხმაზე.

- 1 წლამდე ასაკის ბავშვებში რა სიმპტომებსა და ნიშნებზე უნდა გაამახვილონ მშობლებმა ყურადღება, რა დროსაც აუცილებელია ნევროლოგთან ვიზიტი? ყველაზე ხშირად ამ ასაკში რა ტიპის ნევროლოგიური პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს?

- ნევროლოგთან 1 წლამდე ასაკში გეგმიურად 4 ვიზიტია გათვალისწინებული. ამ დროს ხდება ჩვილის უხეში მოტორიკის, ნატიფი მოტორიკის, მეტყველება-კომუნიკაციის და პიროვნულ-სოციალური უნარების შეფასება. გეგმიური ვიზიტები ისეა დაგეგმილი, რომ დროულად იქნება ამოცნობილი განვითარების ძირითადი ეტაპების დაყოვნება. მაგალითად, 6 თვის ასაკში ჩვილი ზის დამოუკიდებლად 30 წმ-ის განმავლობაში, ხელში იღებს სათამაშოს და გადააქვს ერთი ხელიდან მეორეში, ამბობს ცალკეულ მარცვლებს, შეუძლია აქტიური ემოციური კონტაქტის დამყარება. საყურადღებოა, როგორც ახალი უნარების გამოვლენის დაყოვნება, ასევე უკვე არსებული უნარების დაკარგვა. გარდა განვითარებითი დარღვევებისა, არსებობს გადაუდებელი მდგომარეობები, რომლებიც ექიმთან დაუყოვნებელ ვიზიტს საჭიროებენ, ასეთია გულყრა, უჩვეულო ძილიანობა, ჩვეულებრივზე ნაკლები მოძრაობა, ძლიერი ჭირვეულობა ან მოდუნება, ინტრაკრანიალური ტრავმა.

- 1 წლის შემდეგ რაზე უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება და რა შემთხვევაშია ნევროლოგთან ვიზიტი აუცილებელი?

- 1 წლის შემდეგ კვლავ მნიშვნელოვანია განვითარების ეტაპების მეთვალყურეობა, ძირითადი სფეროების მიხედვით.

მოტორული განვითარების მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ 18 თვის ასაკამდე ბავშვს შეეძლოს დამოუკიდებლად სიარული.

მეტყველების განვითარების მხრივ, 2 წლის ასაკში უნდა აწყობდეს ორსიტყვიან რამდენიმე წინადადებებას, ხოლო 3 წლის ასაკში - სამსიტყვიან წინადადებებს.

გასათვალისწინებელია, რომ მეტყველების განვითარების შეფერხება წარმოადგენს აუტიზმის ერთ-ერთ პირველ კლინიკურ ნიშანს, ამიტომ საჭიროა დროული ვიზიტი სპეიალისტთან.

საყურადღებოა, როდესაც 12 თვის ასაკში არ წარმოთქვამს ცალკეულ მარცვლებს და არ გამოხატავს ემოციას ჟესტებით, 16 თვის ასაკში არ ამბობს არც ერთ სიტყვას და 24 თვის ასაკში არ შეუძლია ორსიტყვიანი წინადადების გამეორება. ნებისმიერ ასაკში საგანგაშო ნიშანია უკვე არსებული მეტყველებითი და სოციალური უნარების დაკარგვა.

- საჭიროა თუ არა ნევროლოგთან ვიზიტი, როდესაც ბავშვს აღენიშნება დამახსოვრების პრობლემა?

- შემეცნებითი, ანუ კოგნიტური ფუნქცია მოიცავს ისეთ უნარებს, როგორებიცაა მეხსიერება, ზოგადი ინტელექტი, დასწავლა, მეტყველება, დროსა და სივრცეში ორიენტაცია, აღქმა, ყურადღება და კონცენტრაცია და განსჯის უნარი.

კოგნიტური დარღვევების მიზეზები მრავალგვარია, ის შეიძლება განპირობებული იყოს გენეტიკური ან ქრომოსომული დაავადებებით, ასევე მუცლადყოფნის და პერინატალურ პერიოდში განვითარებული სხვადასხვა პათოლოგიით, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებით, ასევე არასრულფასოვანმა კვებამ, გარემოს დაბინძურებამ ტოქსიური ნივთიერებებით და ზოგიერთი მიკროელემენტის (მაგ. იოდის) დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს კოგნიტური ფუნქციის დარღვევა. ამდენად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, პირველ რიგში, მიზეზის დადგენის მიზნით, რათა დაიგეგმოს სწორი მართვის ტაქტიკა.

- როდესაც ბავშვს ემართება კრუნჩხვა, იღებს თავის ტრავმას, რა ვადებშია ნევროლოგთან ვიზიტი რეკომენდებული?

- ბავშვთა ასაკში განვითარებული კრუნჩხვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.

რაც შეეხება თავის ტრავმებს, უმრავლეს შემხვევაში მცირე ტრავმები სერიოზულ გართულებებს არ იწვევენ, რაც ბავშვის ანატომიური თავისებურებებითაა განპირობებული - თავის ტვინის მოცულობა პატარაა, ქალას ღრუში უფრო მეტია თავზურგტვინის სითხის რაოდენობა, ქალას ძვლების ნაკერები დრეკადია და ტვინი უფრო დაცულია ამორტიზაციისაგან.

თუმცა, არსებობს ნიშნები, რომელთა გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებლის მივმართოთ ექიმს, ესენია: ცნობიერების შეცვლა, კრუნჩხვა, თავის ტკივილი, გულისრევა-პირღებინება, მხედველობის ან სმენის გაუარესება, სიარულის ან მეტყველების დარღვევა, ცხვირიდან ან ყურებიდან გამოჟონილი სისხლი ან გამჭვირვალე სითხე, ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა).

- ზოგჯერ, როდესაც ბავშვები სიარულს იწყებენ, ცერებზე დადიან. ამ დროს ამბობენ, რომ ნევროლოგთან კონსულტაციაა აუცილებელი. ეს მითია?

- სიარულის დაწყებისას თითის წვერებზე სიარული საკმაოდ ხშირია და უმრავლეს შემთხვევაში არ წარმოადგენს სერიოზული დაავადების მიზეზს. ეს არცთუ ისე დიდხანს გრძელდება და ბავშვები მალევე იწყებენ სრული ტერფით სიარულს.

კლინიკური კვლვებით გამოვლინდა, რომ თითის წვერებზე უფრო ხშირად დადიან ის ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან ჭოჭინით გადაადგილდებიან. გარდა იმისა, რომ ჭოჭინა ტრავმატიზაციის მაღალ რისკს შეიცავს, ის ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ტანადობისა და სიარულის მანერის ჩამოყალიბებაზე.

თუ ის 2 წლის ასაკის შემდეგ მაინც მუდმივად დადის თითის წვერებზე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგან აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ცერებრული დამბლის მსუბუქი ფორმა, კუნთოვანი დისტროფია, აუტიზმი და მისი სპექტრის აშლილობები, თანდაყოლილი მოკლე აქილევსის მყესი.

- ყველაზე ხშირად, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები და რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა?

- ჩემი აზრით, მთავარი შეცდომა მაინც გარშემო მყოფების აზრის მოსმენა და გათვალისწინებაა, მით უმეტეს, რომ ახალბედა დედა ჭკუის დამრიგებლების ნაკლებობას არ განიცდის. ბებიები, მეზობლები, მეგობრები და ზოგჯერ სრულიად უცნობი ადამინებიც კი არ იშურებენ ენერგიას, რომ საკუთარი "კომპეტენტური" აზრი მოახვიონ ისედაც დაბნეულ ქალს. ეს გარემოება შესაძლოა სერიოზული სტრესის მიზეზიც კი გახდეს. ჩემი რჩევა იქნება, არც ინერნეტთან იმეგობრონ დიდად ამ მიმართულებით, რადგანაც მეცნიერულად დადასტურებული და სარწმუნო ინფორმაცია თავისუფლად არ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სივრცეში და აქაც ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეხვდებიან. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი კომპეტენტურ ექიმთან კონსულტაციის გავლაა.

თამარ იაკობაშვილი

altროდის ითვლება ჯდომა, სიარული ან მეტყველება დაგვიანებულად და როდის აღარ უნდა დაელოდოთ პრობლემის "თავისით მოგვარებას"

alt4 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს მეტყველების პრობლემები აქვს