"იტირებს და გაჩუმდება", "მოთმინებას ისწავლის", "ტირილი ხანდახან კარგია" - რა მოსდის ჩვილს, როცა მის ტირილზე გვიან რეაგირებენ - მშობლები

"იტირებს და გაჩუმდება", "მოთმინებას ისწავლის", "ტირილი ხანდახან კარგია" - რა მოსდის ჩვილს, როცა მის ტირილზე გვიან რეაგირებენ

2021-04-16 07:46:25+04:00

"რთული მშობიარობის გამო სამშობიაროში თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ვიწექი. ბავშვი ძალიან მტირალა იყო. ექთანმა გამომიცხადა, ნუ აქცევ ყურადღებას და მაშინვე ხელში ნუ აგყავსო. აცადე, ცოტა დაიღალოს ტირილითო. ზოგჯერ მოთხოვნილება აქვთ ტირილის და უნდა იტირონო. რა თქმა უნდა, სახლში გამოსვლის შემდეგაც გააგრძელა ტირილი და ჭირვეულობა. ნამდვილად ვერ დავუჯერებ ექთანს და ვერ გავიმეტებ სატირლად. მაშინვე ხელში ამყავს და ვასეირნებ. მაგრამ მამინტერესებს, რამდენად მართალია, რომ თუ მაშინვე არ აიყვან და ცოტა ხანს ტირილს აცლი, თანდათან გადაეჩვევა? ან უსაფრთხოა ბავშვისთვის ბევრი ტირილი?"

ნათია ბ. თბილისი

არსებობს მოსაზრება, განსაკუთრებით უფროს თაობაში, რომ ბავშვის ტირილზე სწრაფი რეაგირება საჭირო არ არის. თუმცა, სინამდვილეში, უგულებელყოფილი ტირილი ახლშობილისთვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს.

ბევრი ჩვილისთვის დაძინების მომენტი სტრესთან ასოცირდება. ბავშვი ტირის, მშობელი კი ამ ფაქტზე არ რეაგირებს და ცდილობს, პატარამ დამოუკიდებლად ისწავლოს დაძინება და პროცესს მიეჩვიოს. უბრალოდ, დაფიქრდით, ამდენი ცრემლი და ნერვიულობა, როგორ შეიძლება საზიანო არ იყოს ბავშვისთვის?

ტირილი ხომ კომუნიკაციის ერთადერთი ფორმაა ამ ასაკში, მას ხომ არ შეუძლია ლაპარაკი და ამ ფორმით გაგებინებთ ემოციას. თუ ეს მუდმივად უგულებელყოფილი იქნება, უარყოფითი ეფექტი შესაძლოა ზრდასრულ ასაკშიც კი გამოვლინდეს.

"იტირე, მაინც ვერავინ გიშველის". - ეს არის ყველაზე საშინელი და მკაცრი მესიჯი, რომელსაც ახალშობილი თქვენგან მისი ტირილის უგულებელყოფის დროს იღებს.

ბავშვი ტირის? ეს ახირება არ არის!

"ეს უბრალოდ ისტერიკაა, ახირება და მეტი არაფერი. თავად დამშვიდდება", "იყვირებს და გაჩუმდება, ამით არაფერი დაუშავდება"- მსგავსი აზრები ბავშვებთან დაკავშირებით ბევრ ოჯახშია გავრცელებული.

ზუსტად არ არის ცნობილი, რა ემართება ახალშობილს, როდესაც ტირის და ყურადღებას არავინ აქცევს. თუმცა, ერთი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: მსგავს სიტუაციაში სტრესის დონე განსაკუთრებით მაღალია, ბავშვს ადაპტაციაში ხელი ეშლება და ფსიქიკურმა პრობლემება შესაძლოა თავი ცხოვრების პირელივე თვეებიდან, ასაკის მატებასთან ერთად იჩინოს თავი.

ბავშვი ტირილით გვესაუბრება

პირველ თვეებში ბავშვი მშობელზე განსაკუთრებულადაა დამოკიდებული. მას არც მოთხოვნის შესაძლებლობა აქვს და არც ვერბალური კომუნიკაციის უნარი, რომ დედას გააგებინოს, რა სურს სინამდვილეში, რა სტკივა ან აწუხებს. ურთიერთობის ერთადერთი საშუალება ტირილია, რა დროსაც შესაძლოა შვილი მიგანიშნებდეთ, რომ შია, თავს არაკომფორტულად გრძნობს ან სითბოსა და მზრუნველობას ითხოვს.

ბავშვის ტირილის იგნორირებით, მას დახმარებაზე ვეუბნებით უარს. დროთა განმავლობაში, უყალიბდება განცდა, რომ მასზე არავინ ზრუნავს და ამ სამყაროში მარტოა. უგულებელყოფილი ტირილის დროს ის თავს დაუცველად გრძნობს. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ტირილი წყდება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მან დათმო.

დისკომფორტის დროს ორგანიზმში სტრესის ჰორმონი იზრდება, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. თუმცა, შფოთვა და სტრესი მხოლოდ ნაწილია იმ ყველაფრის, რაც შეიძლება ბავშვის ტირილის უგულებელყოფამ გამოიწვიოს.

ზიანი მთელი ოჯახისათვის

მსგავსი მეთოდის გამოყენებისას არა მხოლოდ ახალშობილი, არამედ მშობლები და ოჯახის სხვა წევრებიც მნიშვნელოვან გამოცდას გადიან. უყურო, როგორ ტირის ბავშვი გაუჩერებლად, ძალიან რთულია. ფსიქოლოგიურად, მშობლებს თვითკონტროლი ძალიან უჭირთ და ეს, რა თქმა უნდა, მთელი ოჯახისთვის დამატებითი სტრესია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დედა სიმშვიდეს შეინარჩუნებს, ეს ბავშვზეც გადავა. თუ მშობელს შვილის ტირილზე შესაბამისი რეაგირება ექნება, ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება.

მოვლა და სითბოს გამოხატვა - სიმშვიდის ფორმულაა

იმისათვის, რომ ცხადი გახდეს, რატომაა ახალშობილისთვის მშობლის ჩახუტება და ფიზიკური კონტაქტი, ექიმი ფაბენ ბეკერ-შტოლი, ბავარიის ბავშვთა პედაოგიკის დირექტორი გერმანულ გამოცემასთან ამბობს:

"ბავშვებს ფიზიკური სითბო სჭირდებათ. ამ ფორმით, მათ არა მხოლოდ მშობელზე დაყრდნობა, არამედ სტრესის დონის შემცირება შეუძლიათ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჯერ დედასა და შვილს, ხოლო შემდეგ გარშემომყოფებს შორის მჭიდრო კავშირი ჩამოყალიბდეს.

შესაბამისად, ბავშვისთვის მშვიდი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმულა ზრუნვა, ადამიანური სითბოსა და სიყვარულის გამოხატვაა. მისი ბედნიერებისა და ღიმილისთვის დედისა და მამის მხრიდან სიყვარულის გამოხატვა საუკეთესო საშუალებაა.