"რაც უფრო მეშლებოდა მასთან, მით უფრო კეთილშობილი..."- თეონა კონტრიძის გულწრფელი პასუხები მეუღლეზე და პირველი შვილის ბიოლოგიურ მამაზე - მშობლები

"რაც უფრო მეშლებოდა მასთან, მით უფრო კეთილშობილი..."- თეონა კონტრიძის გულწრფელი პასუხები მეუღლეზე და პირველი შვილის ბიოლოგიურ მამაზე

2021-04-19 11:45:13+04:00

მომღერალმა თეონა კონტრიძემ გადაცემაში "ნოესთან" ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ძალადობაზე ბავშვობაში, დედის გარდაცვალებაზე, საკუთარ პირად ცხოვრებასა და მისი პირველი შვილის ბიოლოგიურ მამაზე, იური ტიტოვზე.

mshoblebi
თეონა თავის მეუღლეს იური ტიტოვთან დაშორების შემდეგ შეხვდა

- რეალურად, არასდროს, არც წიგნში, არც კინემატოგრაფში, არც პირად ნაცნობობაში არ შემხვედრია ასეთი კეთილშობილი მამაკაცი. ამ ბიჭმა ჩემი ყველა უჯრა გააღო, ყველანაირი ძალადობის გარეშე. რაც უფრო მეშლებოდა მასთან, მით უფრო კეთილშობილი და ღვთისნიერი იყო. არასდროს გაუკეთებია აკრძალული დარტყმა, არასდროს დაუწევია რაინდობის გრადუსი. მე იმიტომ ვარ მისი ცოლი.

- პირველი გმირობა გამოიჩინა მაშინ, როცა შენ ორსულად იყავი და მაშინ, როდესაც რედის ბიოლოგიურ მამასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტე. ასეთ მომენტში გვერდში დაგიდგა. შენმა შვილმა თავისი ბიოლოგიური მამის შესახებ მალახოვის შოუდან გაიგო...

- დიახ, ფაქტობრივად, ტელევიზორის საშუალებით კარი ფეხით გაგვინგრია. თავის ცხოვრებაზე იჭორავა. არ ველოდით ამას. ბავშვს მარმელადის და ზეფირის ცხოვრება ჰქონდა და უცებ დაეცა თავს ინფორმაცია, რომელიც საერთოდ არც სჭირდებოდა არც მას და არც მე. საომარ მდგომარეობაში მოვხვდით, ჩემს შვილს რომ არ დაეხურა ეს თემა. 12 წლის ბავშვმა მითხრა: "დე, ამ წიგნს მე დროებით ვხურავ და თაროზე ვდებ, როცა მომინდება, გადავშლი." მერე გარკვეული პერიოდი ფსიქოლოგების, თერაპევტების დახმარება დაგვჭირდა. თუმცა, ბიოლოგიურ მამასთან ერთი შეხვედრა გვქონდა. ამის მერე დახურა ჩემმა შვილმა ეს თემა.. ჯერ ერთი, მამას ვერ უღალატა. ამ ბიჭს იმხელა ამაგი, სიყვარული აქვს და იმდენად არც ერთს და არც მეორეს არანაირი ეჭვი არ აქვთ, რომ მათი დუეტის გარდა, კიდევ ვიღაც არსებობს მესამე ადამიანი, ვისაც უფლება აქვს, რომ ჩაეჩაროს მათ ურთიერთობაში, რომ ჩემი ძალისხმევა და დაბალანსება საერთოდ არ სჭირდებოდათ. ჩვენ გავიმარჯვეთ.

- როგორ მოხდა, რომ შენს ცხოვრებაში უცებ ასეთი რეალობა აღმოჩნდა?

- თავი ვანდე ადამიანს, 19 წლის ბიჭს, არამდგრადს, სულელს. თავად 27 წლის ვიყავი. კაცური კონტენტი, რაც უნდა ჰქონდეს მამაკაცს, შინაგანი თვისებები, ბაზური კომპლექტიდან, ალბათ 10% აქვს. ჩემი რეზულტატია, რაც მე დამემართა. ამასწინათ, ვნახე ფურცელი, სადაც აწერია: "ორსულობის 12 კვირა". ეს ფურცელი არის სულ ყვითლად ჩაბურცული, ანუ სულ ცრემლშია.