- მამა, ნუ მომკლავ!.. - ლოცვები წაიკითხე! - გაუმეორა მატეომ საშინელი ხმით პროსპერ მერიმეს ეს კლასიკად ქცეული ნაწარმოები ალბათ უმეტესობას წაკითხული აქვს, თუმცა გავახსენებთ. მამისა და შვილის ეს საოცარი ამბავი მართლაც შთამბეჭდავი და დაუვიწყარია.
ჩრდილო-დასავლეთით პორტოვეკიოდან გზა მთებისკენ მიდის, და საკმარისია კაცმა სამი საათი იაროს მიხვეულ-მოხვეული ბილიკით, რომელსაც ალაგ-ალაგ კლდის ნაპრალები გადმოჰყურებს, ხოლო ალაგ-ალაგ თვალუწვდენელი ხრამები ჭრის, რომ ბოლოს ფართო ტევრს მიაღწიოს. აქ ცხოვრობენ კორსიკელი მწყემსები და ყველა ის ადამიანი, ვინც ვერ მოერგო მთავრობის მართლმსაჯულებას. უნდა ითქვას, რომ კორსიკელი გუთნისდედა ნაკელს არ ხმარობს, მხოლოდ ტყეს წვავს, სანამ მიწის დამუშავებას შეუდგება; არა უშავს რა, თუ ხანძარი მეტ მანძილს მოედო, ვიდრე განზრახული იყო; რაც უნდა მოხდეს, ფერფლით გაპოხიერებული მიწა კარგ მოსავალს იძლევა პურის მომკის შემდეგ, ხელუხლებლად დარჩენილი ხის ფესვები ხშირ ყლორტებს იყრის, ეს ყლორტები რამდენიმე წლის განმავლობაში ატეხილ შამბნარად იქცევა. აქ სხვადასხვა ჯიშის ხეები და ბუჩქები ერთმანეთში არიან გადახლართული და ადამიანს მხოლოდ წალდით თუ შეუძლია გზის გაკაფვა. ალაგ-ალაგ ეს ტევრი იმდენად ხშირი და გაუვალია, რომ გარეული ვერძიც ვერ გაატანს.
თუ კაცი შემოგაკვდათ, პორტოვეკიოს ტევრს შეაფარეთ თავი და იქ სრულიად უშიშრად იცხოვრებთ; მხოლოდ თოფი არ უნდა დაგიჟანგდეთ და ტყვია-წამალი არ შემოგაკლდეთ; არ დაგავიწყდეთ აგრეთვე კორსიკული კაპიუშონიანი წამოსასხამი: ლეიბადაც გამოგადგებათ და საბნადაც. მწყემსები რძეს, ყველს და წაბლს არ მოგაკლებენ. არც მართლმსაჯულებისა უნდა გეშინოდეთ და არც სისხლის აღებისა, სანამ ქალაქში ჩასვლა არ დაგჭირდებათ მარაგის შესავსებად.
მატეო ფალკონე ამ ტევრის მახლობლად ცხოვრობდა. როდესაც კორსიკაში ვიყავი 18... წელს, იგი საკმაოდ შეძლებულად ითვლებოდა, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, კეთილშობილად, თვითონ არაფერს აკეთებდა, თავს თავისი ცხვრის ფარითა და საქონლის ჯოგით ირჩენდა, რომელთაც მწყემსები ჰყავდათ მიჩენილი. როდესაც ის ორი წლის შემდეგ ვნახე იმ შემთხვევიდან, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მატეო 50 წლის კაცი იყო. წარმოიდგინეთ მომცრო ტანის ჯმუხი მამაკაცი კუპრივით შავი თმით, არწივისებური ცხვირით, თხელი ტუჩებით, დიდი, ცოცხალი თვალებით და სპილენძისფერი სახით. იგი სახელგანთქმულ მსროლელად ითვლებოდა თვით ამ ქვეყანაში, სადაც მრავალი კარგი მსროლელია. ღამით თოფს ისევე თავისუფლად ხმარობდა, როგორც დღისით.
თავისი მაღალი ხელოვნების წყალობით, მატეო ფალკონემ დიდი სახელი მოიხვეჭა. ისევე ნაღდ მეგობრად ითვლებოდა, როგორც საშიშ მტრად, მაგრამ, რადგან სულგრძელი და ხელგაშლილი იყო, ყველასთან მშვიდობიანად ცხოვრობდა პორტოვეკიოს ოლქში. თუმცა ამბობდნენ, რომ კორტაში, საიდანაც მან ცოლი მოიყვანა, შეუბრალებლად გაუსწორდა თავის მოქიშპეს, რომელიც საშიშ ადამიანად ითვლებოდა როგორც ბრძოლაში, ისე სიყვარულშიო; ყოველ შემთხვევაში მატეოს გასროლილად ითვლებოდა ის ტყვია, რომელმაც მოულოდნელად მისი მოქიშპე განგმირა, როცა იგი წვერს იპარსავდა ფანჯარასთან. როგორც კი ეს საქმე მიყუჩდა, მატეო დაქორწინდა. მისმა ცოლმა, ჯუზეპამ, ჯერ სამი ქალი აჩუქა, ხოლო ბოლოს ვაჟი, რომელსაც ფორტუნატო დაარქვა; ეს იყო ოჯახის იმედი და გვარის გამგრძელებელი. ქალები კარგად გათხოვდნენ. გაჭირვების დროს სიძეების ხანჯლები და კარაბინები მატეოს განკარგულებაში იქნებოდა. ვაჟი ათი წლისა გახდა, მაგრამ უკვე ეტყობოდა, კარგი ვაჟკაცი უნდა დამდგარიყო.
ერთხელ, შემოდგომაზე, მატეო ცოლთან ერთად ალიონზე წავიდა სახლიდან ტყის ნაკაფებში თავისი ჯოგის დასათვალიერებლად. პატარა ფორტუნატოსაც უნდოდა გაჰყოლოდა, მაგრამ საძოვარი შორს იყო და სახლის დატოვებაც არ შეიძლებოდა სრულიად უპატრონოდ. ამიტომ მამამ არ წაიყვანა.
უკვე რამდენიმე საათი გავიდა, რაც მატეო წავიდა; ფორტუნატო მზის გულზე იწვა, ლურჯ მთებს გასცქეროდა და ოცნებობდა - როგორ ეწვეოდა მომავალ კვირას სადილად ბიძია კაპრალს ქალაქში. უცებ მისი ოცნება თოფის ხმამ შეწყვიტა. წამოხტა და იქით გაიხედა, საიდანაც ეს ხმა მოისმა. თოფის სროლა უფრო და უფრო ახლო განმეორდა. ბოლოს ბილიკზე მამაკაცი გამოჩნდა; მას მთიელის წვეტიანი ქუდი ეხურა, გრძელი წვერი ჰქონდა და ძონძებში იყო გახვეული; თოფს ყავარჯენივით ეყრდობოდა, მაგრამ მაინც ძლივს მოაბიჯებდა: ეს-ეს იყო ტყვია მოხვედროდა ბარძაყში.
ეს კაცი ფირალი იყო. იგი ღამით ქალაქში წასულიყო ტყვია-წამლის საყიდლად, მაგრამ გზად კორსიკელი ჟანდარმერიის რაზმის საფარს წასწყდომოდა. განწირული შეტაკების შემდეგ მას თავი დაეღწია თავისი მდევრებისა და მათი ტყვიებისთვის და ისეთი ციცაბო კლდეები გადაელახა, სადაც მხოლოდ მთიელსა და გარეულ ნადირს შეუძლია სიარული, მაგრამ ჟანდარმები ფეხდაფეხ მისდევდნენ და ჭრილობაც არ აძლევდა საშუალებას გზა გაეგრძელებინა ტევრისკენ.
ის ფორტუნატოს მიუახლოვდა და ჰკითხა:
- მატეო ფალკონეს შვილი ხარ?
- დიახ.
- მე ჯანეტო სანპიეროს მეძახიან. ყვითელსაყელოიანები მომდევენ. სადმე დამმალე, მეტი სიარული აღარ შემიძლია.
- რას მეტყვის მამა, თუ მის ნებადაურთველად დაგმალავთ.
- გეტყვის, კარგი გიქნიაო.
- ვინ იცის?
- ჩქარა დამმალე, შორს აღარ არიან.
- დაიცა, სანამ მამა დაბრუნდება.
- როგორ თუ დავიცადო? ხუთ წუთში აქ იქნებიან, დამმალე, თორემ მოგკლავ.
ფორტუნატომ სრულიად გულგრილად უპასუხა:
- შენი თოფი დაცლილია, სამასრეში კი ტყვიები აღარ გაქვს.
- სატევარი ხომ მაქვს.
- ჰო, მაგრამ განა შეგიძლია დამეწიო?
ბავშვი განზე გადახტა რამდენიმე ფეხის ნაბიჯზე.
- არა, შენ მატეო ფალკონეს შვილი არ ხარ! ნუთუ ჩემს თავს შენი სახლის წინ დააჭერინებ?
ფორტუნატო, ცოტა არ იყოს, შეკრთა.
- რას მომცემ, რომ დაგმალო? - თქვა მან და ჯანეტოს მიუახლოვდა.
ფირალმა ხელი ჩაჰყო ტყავის ჩანთაში, რომლეიც სარტყელზე ჰქონდა ჩამოკიდებული და ხუთფრანკიანი ამოიღო. ეს ფული, ალბათ, თოფის წამლის საყიდლად ჰქონდა გადანახული. ვერცხლის ფულის დანახვაზე ფორტუნატომ გაიღიმა, ბრჭყვიალა ლითონს ხელი სტაცა და ჯანეტოს წასჩურჩულა:
- ნუ გეშინია.
მაშინვე შესაძრომი გააკეთა თივის ზვინში, რომელიც იქვე იდგა სახლის გვერდით. ფირალი შიგ შეძვრა, ბავშვმა თივა მიაფარა, მაგრამ პატარა სასუნთქი დატოვა ისე, რომ გარედან არაფერი ჩანდა. გარდა ამისა, პაწია ველური ადამიანის ოინს მიმართა: მოათრია კნუტებიანი კატა და ზვინზე დასვა, ბოლოს მიწა დააყარა სისხლის კვალს ბილიკზე და ისევ მზეზე წამოწვა სრულიად დამშვიდებული.
რამდენიმე წუთის შემდეგ მატეოს სახლთან ექვსი ყვითელსაყელოიანი ყავისფერტანისამოსიანი მამაკაცი გაჩნდა ათისთავის მეთაურობით. ეს ათისთავი ფალკონეს შორეული ნათესავი იყო, მას ტეოდორო გამბას ეძახდნენ, ძალიან ყოჩაღი გახლდათ, ფირალები დაშინებული ჰყავდა; მრავალი მათგანი დაეჭირა კიდეც.
- გამარჯობა, ძმისწულო, - უთხრა მან ფორტუნატოს, - როგორ გაზრდილხარ! აქ გავლილი კაცი ხომ არ დაგინახავს?
- მაინც თქვენოდენა არ ვარ, ბიძია, - უპასუხა ბავშვმა გულუბრყვილოდ.
- არა უშავს რა, გაიზრდები. მაშ, მითხარი, გზაზე ხომ არავინ დაგინახავს?
- ხომ არავინ დამინახავს?
- ჰო, მამაკაცი, რომელსაც შავი ხავერდის ქუდი ახურავს და წითელ-ყვითელი ძაფით ამოქარგული ხალათი აცვია.
- დღეს დილით ჭიშკართან მღვდელმა გაიარა, ცხენზე იჯდა. მკითხა, მამა როგორ არისო, მე ვუპასუხე...
- ეი, მატყუარავ, ნუ ეშმაკობ, ჩქარა მითხარი, საით წავიდა ჯანეტო. ჩვენ მას ვეძებთ და ნამდვილად ვიცი, რომ აქ გაიარა.
- საიდან იცი?
- როგორ თუ საიდან? ვიცი, რომ შენ დაინახე.
- განა ვინმეს დაინახავ, როცა გძინავს?
- შენ არ გძინებია, ეშმაკის ფეხო! თოფის ხმამ გაგაღვიძა. ეშმაკმა წაგიღოს, შეჩვენებულო ბიჭო! დარწმუნებული ვარ, რომ ჯანეტო დაინახე. შეიძლება დამალულიც გყავს. ამხანაგებო, - მიმართა ათისთავმა ჯარისკაცებს, - შედით სახლში და კარგად გაჩხრიკეთ, შეიძლება იქ იმალებოდეს. მას ერთი თათიღა დარჩა ჯანსაღი. იმ არამზადას იმდენი ჭკუა კი აქვს, რომ კოჭლობით გზას არ გაუდგეს ტევრისკენ. გარდა ამისა, სისხლის ნაკვალევი აქ თავდება.
- რას იტყვის მამა, როცა გაიგებს, რომ ჩვენს სახლში მის ნებადაურთველად შეხვედით?
- გარეწარო, - დაუყვირა ათისთავმა გამბამ და ყურში ხელი სტაცა. - თუ მოვისურვე, სხვანაირად აგამღერებ! საკმარისია, ოცჯერ ხმალი შემოგკრა სიბრტყით და სიმართლეს მეტყვი.
ფორტუნატო წინანდებურად იღიმებოდა.
- მამაჩემი მატეო ფალკონეა! - უთხრა ხმამაღლა.
- იცი თუ არა შენ, ჭინკავ, რომ შემიძლია ქალაქში ჩაგიყვანო? იქ ვუბრძანებ, ციხეში ჩაგსვან, ჩალაზე დაგაგდონ, ბორკილები დაგადონ და თავიც მოგჭრან, თუ არ მეტყვი, სად იმალება ჯანეტო სანპიერო!
ბავშვს ხარხარი აუტყდა ასეთი სასაცილო მუქარის გაგონებაზე, მან გაიმეორა:
- მამაჩემი მატეო ფალკონეა.
- ათისთავო, - თქვა ხმადაბლა ერთმა ჯარისკაცმა, - ნუ გადავიმტერებთ მატეოს.
გამბას აშკარად შეშფოთება ეტყობოდა. იგი ხმადაბლა ესაუბრებოდა ჯარისკაცებს, რომელთაც უკვე მთელი სახლი გაჩხრიკეს. ამას ბევრი დრო არ დასჭირვებია, რადგან ყოველი კორსიკელის ბინა ერთ ოთახს შეიცავს. მთელი მისი მოწყობილობა ერთი მაგიდის, ორიოდე სკამის, თახჩების, ზანდუკებისა და თოფ-იარაღისგან შედგება. ამ დროს ფორტუნატო კატას ეფერებოდა და როგორც ეტყობოდა, კმაყოფილი იყო თავისი ნათესავის და მისი ჯარისკაცების შეშფოთებით.
ერთი ჯარისკაცი თივის ზვინს მიუახლოვდა. კატას შეხედა და ხიშტი ჰკრა თივას, არაფერი განძრეულა და ბავშვის სახეზეც არავითარი მღელვარება არ გამოხატულა.
ათისთავმა და მისმა რაზმმა მოთმინება დაკარგეს, ისინი უკვე დაბლობისკენ იცქირებოდნენ, თითქოს უკან დაბრუნებას ფიქრობდნენ, მაგრამ უცებ გამბამ გადაწყვიტა, ალერსითა და საჩუქრებით მოენადირებია უშიშარი ბავშვის გული.
- ძმისწულო, - თქვა მან, - შენ ყოჩაღი ბიჭი ხარ, კარგი მომავალი გელის, მაგრამ შენი დღევანდელი ქცევა დასაძრახისია. ჩემი ნათესავის, მატეოს, გაბრაზების რომ არ მეშინოდეს, ეშმაკს ვფიცავ, თან წაგიყვანდი.
- ვაჰ!
- მაგრამ, როცა მატეო დაბრუნდება, ყველაფერს ვუამბობ, და ისე გცემს ტყუილის თქმისთვის, რომ სისხლს გადენს.
- თქვენ ასე ფიქრობთ?
- აი, ნახავ... მაგრამ მისმინე... თუ კარგად მოიქცევი, რაღაცას გაჩუქებ.
- მე კი, ბიძია, ერთ რჩევას გაძლევ. თუ კიდევ დააყოვნებ, ჯანეტო ტევრს შეაფარებს თავს და მაშინ კიდევ რამდენიმე თქვენისთანა ძმაბიჭი დაგჭირდებათ მის დასაჭერად.
ათისთავმა ჯიბიდან ძეწკვიანი ვერცხლის საათი ამოიღო და ხელში დაიჭირა. იგი ათი ეკიუ მაინც ღირდა. პატარა ფორტუნატოს თვალები გაუბრწყინდა.
- ეშმაკის ფეხო, შენ, ალბათ, ასეთი საათის ჩამოკიდება გინდა გულზე. ფარშავანგივით ამაყად გაივლიდი პორტოვეკიოს ქუჩებში; გამვლელები გკითხავდნენ: რომელი საათია, ფორტუნატო? შენც უპასუხებდი, დახედეთ ჩემს საათსო.
- როცა დიდი გავიზრდები, ქალაქელი ძია ისედაც მაჩუქებს საათს.
- ჰო, მაგრამ შენი ქალაქელი ბიძის ვაჟს უკვე აქვს საათი. ის კი შენზე პატარაა.
ბავშვმა ამოიოხრა.
- მაშ, გინდა თუ არა ეს საათი?
ფორტუნატომ ალმაცერად შეხედა ძვირფას ნივთს, ხელი არ გაუწვდია, მხოლოდ მწარე ღიმილით უთხრა:
- რად დამცინით?
- გეფიცები, არ დაგცინი! მხოლოდ მითხარი, სადაა ჯანეტო და საათი შენი იქნება.
ფორტუნატომ თვალი თვალში გაუყარა ათისთავს, ცდილობდა გამოეცნო, შეიძლება თუ არა მის სიტყვებს ვენდოო.
- ჯარისკაცის პატიოსან სიტყვას გაძლევ, - წამოიძახა ათისთავმა, საათს მოგცემ, ჯარისკაცები მოწმეები არიან, მე არ მჩვევია სიტყვის გატეხვა.
საათი სახესთან მიუტანა, თითქმის ეხებოდა ბავშვის გაფითრებულ ლოყას. ბავშვს სახეზე ეხატებოდა ბრძოლა, რომელიც მის სულში იყო გამართული საათის მიღების მძაფრ სურვილსა და სტუმართმოყვარეობის ვალდებულებას შორის. გაღეღილი მკერდი უთრთოდა, გული ყელში ებჯინებოდა. ამავე დროს საათი მის თვალწინ ტრიალებდა და რამდენჯერმე ცხვირის წვერს მოხვდა. ბოლოს ნელ-ნელა ხელი გაიწოდა საათისკენ, შეეხო მას... ციფერბლატი ცისფერი იყო, ახლად გაწმენდილი ვერცხლის სახურავი მზეზე ბრჭყვიალებდა... მეტად დიდი იყო ცდუნება.
ფორტუნატომ მარცხენა ხელი ასწია და ცერით მიუთითა უკან, ზვინისკენ, რომელსაც თვითონ იყო მიყრდნობილი. ათისთავი მაშინვე მიხვდა. ძეწკვს ხელი გაუშვა და ფორტუნატო საათის ერთადერთი მფლობელი გახდა. იგი ქურციკივით განზე გახტა. ჟანდარმები ზვინის დაშლას შეუდგნენ. თივა შეინძრა და თავი გამოჰყო სისხლში მოსვრილმა ხანჯლიანმა მამაკაცმა. მაგრამ, როცა ფეხზე წამოდგომა დააპირა, ძალ-ღონემ უღალატა და მიწაზე დაეცა. ათისთავი ეცა და სატევარი გამოჰგლიჯა. იგი მაშინვე მაგრად გაბაწრეს წინააღმდეგობის მიუხედავად.
ჯანეტო მიწაზე ეგდო, როცა ფორტუნატო მიუახლოვდა.
- არამზადავ! - უთხრა ფირალმა ზიზღით.
ბავშვმა უკან გადაუგდო ვერცხლის ფული, მაგრამ ფირალმა არავითარი ყურადღება არ მიაქცია. მან სრულიად დამშვიდებულად მიმართა ათისთავს:
- ძვირფასო გამბა, სიარული აღარ შემიძლია; ჩემი ხელით წაღება მოგიხდებათ ქალაქში.
- სულ ახლა ჯიხვის სისწრაფით გაგვირბოდი, - უთხრა ათისთავმა. - მაგრამ არა უშავს, მე ისე მიხარია შენი დაჭერა, რომ ზურგით გატარებ და დაღლილობას არც კი ვიგრძნობ.
სანამ ჟანდარმები ფუსფუსებდნენ, ზოგი წაბლის შტოების ტახტრევანს კრავდა, ზოგი ჯანეტოს ჭრილობას უხვევდა, ტევრისკენ მიმავალი ბილიკის მოსახვევში მატეო ფალკონე გამოჩნდა ცოლითურთ. დედაკაცი ქედმოხრილი მოდიოდა, ზურგზე წაბლით სავსე უზარმაზარი ტომარა მოეკიდებინა, ქმარი კი მსუბუქად მოაბიჯებდა; ერთი თოფი ხელში ეჭირა, ხოლო მეორე მხარზე ეკიდა, იმიტომ რომ ვაჟკაცს არ შეეფერება რაიმე ტვირთი ზიდოს, გარდა თოფ-იარაღისა.
ჯარისკაცების დანახვაზე მატეოს თავში აზრმა გაუელვა, ალბათ ჩემს დასაჭერად არიან მოსულიო. მაგრამ რატომ? განა მატეოს რაიმე უთანხმოება ჰქონდა პოლიციასთან? არა, მას არც მთავრობის, არც ხალხის თვალში სახელი არ ჰქონია გატეხილი; მაგრამ იგი კორსიკელი მთიელი იყო, კორსიკელ მთიელებს შორის კი იშვიათია ისეთი ვაჟკაცი, რომელსაც წარსულში რაიმე პაწია ცოდვა არ ჩაედინოს, ვინმესთვის თოფი არ ესროლოს ან სატევარი არ ჩაეცეს. მატეოს სხვებზე უფრო სუფთა სინდისი ჰქონდა, რადგან ათ წელიწადზე მეტია, მისი თოფი კაცისკენ არ მიმართულიყო; მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა, და ყოველი შემთხვევისთვის თავის დასაცავად მოემზადა.
- დედაკაცო, - უთხრა მან ჯუზეპას, - ტომარა მიწაზე დადე და მზად იყავი.
ცოლმა მაშინვე შეასრულა მისი ბრძანება. მატეომ ერთი თოფი ქალს გადასცა, მეორე გატენა და ნელი ნაბიჯით გაემართა სახლისკენ. იგი გზის პირად ჩამწკრივებულ ხეებს მიჰყვებოდა, რათა მტრული მოქმედების დაწყებისთანავე რომელიმე მსხვილ წაბლის ხეს ან წიფელას ამოფარებოდა და პასუხი გაეცა. ცოლი ფეხდაფეხ მისდევდა, ხელში სათადარიგო თოფი და სამასრე ეჭირა. ბრძოლის დროს კარგი დიაცის როლი იმაში მდგომარეობს, რომ თოფი დატენოს ქმრისთვის.
მეორე მხრით, არც ათისთავს ესიამოვნა, როცა ჩახმახშეყენებული თოფით მომავალ მატეოს მოჰკრა თვალი.
ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ მან ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო, პირდაპირ წასულიყო მატეოსკენ და ყოველივე ეამბნა, როგორც ძველი ნაცნობისთვის. მაგრამ მოკლე მანძილი, რომელიც მატეოსგან ჰყოფდა, დაუსრულებლად ეჩვენა.
- ეჰეი, ძველო მეგობარო! - დაუძახა მან, - როგორ ცხოვრობ? ეს მე ვარ, გამბა, შენი ნათესავი!
მატეო უსიტყვოდ გაჩერდა და თოფი ნელა ამართა, ისე, რომ, როცა ათისთავი მიუახლოვდა, პირი სწორედ მისკენ იყო დამიზნებული.
- გამარჯობა, ძმაო, - უთხრა ათისთავმა და ხელი გაუწოდა... - დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
- გაგიმარჯოს, ძმაო.
- გზად გამოვიარე შენი და ჯუზეპას სანახავად. დღეს კარგი ნადირობა გვქონდა და, თუმცა დავიღალეთ, დიდი ფრინველი დავიჭირეთ. ჯანეტო სანპიერო ჩავიგდეთ ხელში.
- მადლობა ღმერთს! - წამოიძახა ჯუზეპამ, - მეწველი თხა მოგვტაცა გასულ კვირას.
ეს სიტყვები ესიამოვნა გამბას.
- საბრალოს შიოდა და რა უნდა ექნა, - ჩაილაპარაკა მატეომ.
- იგი ლომივით იცავდა თავს, - განაგრძო ათისთავმა, ცოტა არ იყოს, ნაწყენი კილოთი, - ერთი ჯარისკაცი მოგვიკლა, ერთსაც ტყვიით ხელი დაუჩეჩქვა... შემდეგ ისე მიიმალა, ეშმაკიც ვერ იპოვიდა. შენი პატარა ფორტუნატო რომ არ ყოფილიყო, ვერც აღმოვაჩენდით.
- ფორუტნატო! - წამოიძახა მატეომ.
- ფორტუნატო! - გაიმეორა ჯუზეპამ.
- დიახ! ჯანეტო ამ ზვინში დაიმალა, მაგრამ ჩემმა პატარა ძმისწულმა გვიჩვენა მისი ბუნაგი. ქალაქიდან რაიმე საჩუქარს გამოვაგზავნინებ მისთვის. თანაც, შენი და მისი სახელი აღინიშნება მოხსენებაში, რომელსაც მთავარ მსაჯულს წარვუდგენ.
- შეჩვენებული! - ხმადაბლა წარმოთქვა მატეომ.
სამივენი სახლთან მივიდნენ. ჯანეტო საკაცეზე იწვა. როცა გამბას გვერდით მატეო დაინახა, უცნაურად გაიღიმა, სახლისკენ მიბრუნდა, ზღურბლს მიაფურთხა და თქვა:
- გამცემის სახლი!
მხოლოდ სასიკვდილოდ განწირული კაცი თუ გაბედავდა მატეოსთვის გამცემი ეწოდებინა. მაგრამ ახლა მატეომ მხოლოდ შუბლზე მოისვა ხელი, როგორც ადამიანმა, რომელიც განადგურებულია მომხდარი ამბით და ვერ გამორკვეულა.
ფორტუნატო მამის დანახვისთანავე სახლში შევიდა. ჩქარა დაბრუნდა, ხელში რძით სავსე დოქი ეჭირა, ჯანეტოს მიაწოდა, ისე, რომ მისთვის თვალი არ გაუსწორებია.
- გამეცალე აქედან! - დაიღრიალა დატყვევებულმა საშინელი ხმით.
შემდეგ ერთ ჯარისკაცს მიუბრუნდა და უთხრა:
- ამხანაგო, წყალი დამალევინე.
ჯარისკაცმა თავისი თასი მიაწოდა და ფირალმა წყალი მიიღო იმ ადამიანის ხელიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ ცხელ ტყვიებს სთავაზობდა. შემდეგ ითხოვა ზურგზე კი არა, გულზე შემიკარით ხელებიო.
სურვილი შეუსრულეს. ათისთავი გამოემშვიდობა მატეოს, რომელსაც პასუხი არ გაუცია და ჩქარი ნაბიჯით დაეშვა დაბლობისკენ.
ათმა წუთმა განვლო, სანამ მატეო კრინტს დაძრავდა. შეშფოთებული ბავშვი ხან დედას უცქეროდა, ხან მამას, რომელიც თოფს იყო დაყრდნობილი და თავშეკავებული გულისწყრომით უცქეროდა.
- კარგად იწყებ ცხოვრებას! - თქვა ბოლოს მატეომ დამშვიდებული ხმით, მაგრამ ვინც მას იცნობდა, ამ ხმაში მუქარას გაიგონებდა.
- მამა! - წამოიძახა ბავშვმა, თვალცრემლიანი მივარდა და დაჩოქებას აპირებდა.
- უკან დაიწიე! - შეჰყვირა მატეომ.
ბავშვი რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე გაქვავდა, იგი უხმოდ ქვითინებდა.
ჯუპეზა მიუახლოვდა ქმარ-შვილს. მან ფორტუნატოს ძეწკვი დაუნახა ხალათქვეშ.
- ვინ მოგცა ეს საათი? - ჰკითხა მკაცრად თავის შვილს.
- ჩემმა ბიძამ ათისთავმა.
ფალკონემ ხელი სტაცა საათს, ქვაზე დაანარცხა და ნამსხვრევებად აქცია.
- დედაკაცო, ეს ჩემი ბიჭია?
ჯუზეპას შავგვრემანი სახე შეუფაკლდა.
- რას ამბობ, მატეო? დაფიქრდი, ვის ეუბნები ამას.
- მაშინ ეს ბიჭი პირველი მოღალატეა ჩვენს გვარში.
ფორტუნატო კვლავ ცრემლებს ღვრიდა, ხოლო მატეოს ფოცხვერისებური თვალები მას მიშტერებოდა. ბოლოს მატეო მოტრიალდა, თოფი მხარზე გაიდო და ფორტუნატოს უბრძანა, უკან გამომყევი ტევრისკენო. ბავშვი უსიტყვოდ დაემორჩილა.
ჯუზეპა ქმარს უკან დაედევნა და სახელოში ჩაეჭიდა.
- ეს ხომ შენი შვილია, - შესძახა მან მთრთოლვარე ხმით და თვალებში ჩააცქერდა.
- თავი დამანებე! მე მამა ვარ! - უპასუხა მატეომ.
ჯუპეზამ ვაჟი გულში ჩაიკრა, აკოცა და ტირილით დაბრუნდა შინ. იქ ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაემხო და გულმხურვალედ ლოცვა დაიწყო. ამავე დროს მატეომ ორასიოდე ნაბიჯი განვლო ბილიკზე და პატარა ხრამის ნაპირას შეჩერდა. ნიადაგი მოსინჯა თოფის დუმით, რბილი აღმოჩნდა, ადვილი იყო მისი გათხრა. ეს ადგილი შესაფერისად ეჩვენა თავისი განზრახვის შესასრულებლად.
- ფორტუნატო, გაჩერდი იმ დიდი ლოდის მახლობლად!
ბავშვმა ბრძანება შეასრულა, შემდეგ მუხლებზე დაეცა.
- ლოცვები წაიკითხე!
- მამა, ნუ მომკლავ!
- ლოცვები წაიკითხე! - გაუმეორა მატეომ საშინელი ხმით.
ბავშვმა ცახცახით და ქვითინით წაიკითხა "მამაო ჩვენო" და "მრწამს". მამამ მტკიცე ხმით "ამინ" დაუმატა თითოეულ მათგანს.
- სხვა ლოცვები არ იცი?
- მამა, ვიცი კიდევ ქალწულის ლოცვა და ლიტანია, რომელიც ძალუამ მასწავლა.
- ეს გრძელია, მაგრამ არა უშავს, წაიკითხე.
ბავშვი სუსტი ხმით ამთავრებდა ლიტანიას.
- დაამთავრე?
- მამა, შემიბრალე. არასოდეს ამას აღარ ვიზამ! ბიძია კაპრალს შევეხვეწები აპატიოს ჯანეტოს!
იგი კიდევ რაღაცას ლუღლუღებდა. მატეომ თოფი დაუმიზნა და უთხრა:
- ღმერთმა გაპატიოს!
ბავშვმა სასოწარკვეთილად ძალა მოიკრიბა, უნდოდა წამომდგარიყო და მუხლებში ჩავარდნოდა მამას, მაგრამ გვიანღა იყო. მატეომ გაისროლა და ფორტუნატო უსულოდ დაეცა.
მატეოს გვამისთვის არ შეუხედავს, სახლისკენ გაემართა, რომ ნიჩაბი მოეტანა და საფლავი გაეთხარა. ორიოდე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, წინ ცოლი გადაეღობა, სროლის ხმას შეეშფოთებია.
- რა ჩაიდინე? - შეჰბღავლა ქალმა.
- მართლმსაჯულება შევასრულე დამნაშავის მიმართ.
- სად არის?
- ხრამის პირას, ახლავე დავასაფლავებ. მოკვდა როგორც ქრისტიანი, მღვდელს ვაწირვინებ. ჩვენს სიძეს, სეოდორო ბიანკის, უნდა შევუთვალოთ, ჩვენთან გადმოვიდეს საცხოვრებლად.
პროსპერ მერიმე