რა შეიძლება და რა - არა, კორონავირუსის აცრამდე და აცრის შემდეგ - სპეციალისტის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე - მშობლები

რა შეიძლება და რა - არა, კორონავირუსის აცრამდე და აცრის შემდეგ - სპეციალისტის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე

2021-05-13 18:00:04+04:00

რა უნდა იცოდეთ კორონავირუსზე აცრის წინ და შემდეგ - ექიმი მაკა ბულეიშვილის განმარტებები

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. ბევრი ადამიანი უკვე სრულადაა აცრილი, ზოგი კი თავის რიგს ჯერ კიდევ ელოდება. ჯანდაცვის სპეციალისტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-თერაპევტი მაკა ბულეიშვილი გვიყვება, რა უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინაციამდე, პრეპარატებისა და ალკოჰოლის გამოყენებისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა გვერდითი მოვლენა შეიძლება ახლდეს აცრას:

- ძალიან კარგია, რომ ასეთი დაინტერესება და სურვილია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი. სინოფარმთან დაკავშირებით ძალიან დიდი აქტივობა შეინიშნება. მის ანოტაციაში წერია, რომ ტრადიციული ვაქცინაა და სწორედ ამის გამო გამოთქვა უამრავმა ადამიანმა აცრის სურვილი. ამ ვაქცინას 18 წლიდან 60 წლამდე უფრო მაღალი ეფექტურობა აქვს. დაახლოებით, 79%-80%. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს დაცულობის მექანიზმი ამ პროცენტული მაჩვენებლით აქვს. ასევე, დაინფიცირების შემთხვევაშიც, გამოსავალი კეთილსაიმედოა. როგორც ვთქვი, სინოფარმი და ასევე სინოვაკი ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინებია და კარგია. მაგრამ ასაკოვან ჯგუფებში ასტრაზენეკასა და ფაიზერთან შედარებით, უფრო დაბალია დაცულობის პროცენტული მაჩვენებელი, რაც კვლევებითაა დადასტურებული.

ვაქცინაციის წინ აუცილებელია, რომ მშვიდად ვიყოთ. კონკრეტული დაავადება არ უნდა იყოს გამწვავებული. მაგალითად, თუ ადამიანს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს და ვაქცინაციის წინ პროცესი გამწვავებულია, ჯობს, ჯერ დარეგულირდეს პროცესი და შემდეგ აიცრას. ასევე, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, გლუკოზის დონის გაკონტროლება მნიშვნელოვანია. თუ ვაქცინაციამდე რამდენიმე დღით ადრე გვაქვს მწვავე რესპირატორული ვირუსი, ტემპტერატურა, გამოხატული ალერგია, თვალებიდან ცრემლდენა, კონიუნქტივიტი, გამონაყარი, ჰაერის უკმარისობა, ხველა, ,,მოხრჩობის სინდრომის“ მსგავსი სიმპტომი, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა ჩავიცხროთ და შემდეგში მივიდეთ აცრაზე. მენსტრუაციის დროსაც არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამ დროს ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს. თუ ვიცით, რომ ჭინჭრის ციება, ალერგიული ბრონქული ასთმა გვქონდა ცოტახნის წინ, აქაც ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებაა საჭირო. თუ ვიცით, რომ ჰიპერლიპიდემია, ღვიძლის პათოლოგიები, არტერიული ჰიპერტენზია გვაქვს, აქაც ვაქცინაციამდე პროცესები გამწვავებული არ უნდა იყოს. ასევე, თუ პაციენტს გაფანტული სკლეროზი, ნევროლოგიური პათოლოგიები, ეპილეფსია აქვს, ნევროლოგთან და ოჯახის ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია.

- ვაქცინაციამდე თუ შეიძლება გარკვეული მედიკამენტების მიღება?

- რა თქმა უნდა, ის მედიკამენტები, რასაც პაციენტები სხვადასხვა დაავადების დროს ჩვეულებრივ იღებენ, ვაქცინაციის დღესაც შეუძლიათ მიიღონ. არც წნევის წამალზეა პრობლემა. მაგრამ, ვაქცინაციის დღეს თუ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ წამლებსა და ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს არ მივიღებთ, უკეთესია.

- ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით უამრავ ადამიანს აქვს შეკითხვა, როდის შეიძლება ან არ შეიძლება მისი მიღება?

- გეთანხმებით, ეს ყველაზე აქტუალური შეკითხვაა. ვაქცინის გასაკეთებლად ადამიანი ნაბახუსევი არ უნდა მივიდეს. უკეთესია, თუ ვაქცინაციამდე 1-2 დღე ალკოჰოლი არ გვექნება მიღებული. ვაქცინაციის შემდგომ 4-5 დღე მაინც არ უნდა გამოიყენოთ ალკოჰოლური საშუალებები. ზოგადად, ორი კვირა თავშეკავებაა მიზანშეწონილი. ვაქცინაციის შემდგომ შეიძლება ელემენტარული გართულებები წარმოიშვას, მაგალითად, ეს იყოს თავის ტკივილი, შემცივნების შეგრძნება, თავბრუსხვევა, შიშის ფონზე ტაქიკარდია, აცრის ადგილის გაწითლება, ტემპერატურის მომატება, თუმცა ეს ყველაფერი მალევე გაივლის. რაც სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყო, არცერთ პაციენტს მოუმართავს ჩივილით, ასტრაზენეკასა და ფაიზერის დროს ჰქონდათ გარკვეული ჩივილები, თუმცა უმნიშვნელო.

- ბავშვების შემთხვევაში გვინდა გკითხოთ, ამბობენ, რომ ახლა მათ ასაკობრივ კატეგორიაში განსაკუთრებით გავრცელებულია და შედარებით მძიმედაც მიმდინარეობს. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და ამ პირობებში, რამდენადაა მიზანშეწონილი სკოლებისა და ბაღების გახსნა?

- ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გახშირდა, თუმცა, საბედნიეროდ, შედარებით უფრო მარტივად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ მოხერხდა ყველა რეკომენდაციის დაცვა. ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, პედიატრთან კონსულტაცია აუცილებელია. რაც შეეხება სკოლებისა და ბაღების გახსნას, ამ საკითხს მე არ ვწყვეტ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალიასწინებით ხდება სხვადასხვა შეზღუდვის დაწესება ან შემსუბუქება. გააწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იღებს. თუმცა, აუცილებელია სკოლებმაც და ბაღებმაც მაქსიმალურად დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც მიწოდებული აქვთ და პრევენციული ღონისძიებები კიდევ უფრო გაამკაცრონ.

თამარ იაკობაშვილი