4 წლის ბავშვის განცდები, როცა სახლში დაიკო მიუყვანეს: "რად გვინდოდა ეს მტირალა ბავშვი?.. ვინ არის ამის დედა?" - მშობლები

4 წლის ბავშვის განცდები, როცა სახლში დაიკო მიუყვანეს: "რად გვინდოდა ეს მტირალა ბავშვი?.. ვინ არის ამის დედა?"

2021-06-06 18:35:50+04:00

მკითხველები ხშირად გვწერენ და გამოცდილებას გვიზიარებენ. ეს წერილიც ჩვენს მკითხველს ეკუთვნის, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:

"მშობლებს ძალიან უნდათ იცოდნენ, რას ფიქრობენ მათი მცირეწლოვანი შვილები, რა უტრიალებთ თავში და როგორ გაუგონ მათ. საუბარია 3-4 წლის ასაკზე, როცა ბავშვს არ შეუძლია უფროსებს აუხსნას საკუთარი ქცევის მიზეზები. მე არც ფსიქოლოგი გახლავართ და არც პედაგოგი. სამაგიეროდ ძალიან ადრეული ასაკიდან მაქვს მეხსიერება და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ აღვიქვამდი მოვლენებს 3-4 წლის ასაკში, როგორ მესმოდა ან არ მესმოდა უფროსების ნათქვამი, როგორ იმოქმედა ჩემზე უმცროსი დის დაბადებამ და რა შეცდომები დაუშვეს იმ პერიოდში ჩემმა მშობლებმა. ეს საკუთარ თავზე გამოცდილი მაგალითებია და იქნებ გამოგადგეთ მათ, ვისაც ახლა ჰყავს ამ ასაკის ბავშვი.

შეიძლება ითქვას, ძალიან ნებიერა ბავშვი ვიყავი. ძალიან მოსიყვარულე მშობლები მყავდა და მართლაც ბედნიერი ბავშვობა მქონდა, სანამ ჩემი დის დაბადების დრო არ მოახლოვდა და დედამ პატარა ბაიაზე ისტორიების მოყოლა არ დაიწყო...

ჭამის დროს ასეთი რიტუალი გვქონდა, დედა ზღაპრებს ან ამბებს მიყვებოდა. ერთხელაც მიამბო, როგორ მეყოლებოდა პატარა დაიკო, პატარა ბაია და როგორ შემიყვარდებოდა, რა ლამაზი და საყვარელი იქნებოდა, ერთად ვითამაშებდით და ა.შ. მითხრა, რომ მუცელში ჰყავდა, ხელს მადებინებდა, ყურსაც. მოკლედ, პატარა ბაიას ისტორიები ძალიან მომეწონა და ყოველდღე ამაზე ვლაპარაკობდით. თითქოს დედისგან სწორი საქციელი იყო წინასწარ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მკაფიოდ და გარკვევით არავის უთქვამს, რომ ეს ჭამის დროს მოგონილი ამბავი კი არა, ნამდვილი ამბავი იყო, მართლა მოიყვანდა დედა პატარას და ერთად ვიცხოვრებდით. შეცდომა იყო, რომ მხოლოდ ჭამის რიტუალის დროს მელაპარაკებოდა ამაზე, იმ დროს ხომ ათასნაირ გამოგონილ ამბავს ვყვებოდით.

ერთ დღესაც ჩემი საყვარელი დედიკო გაქრა. არსად არ იყო, არ დამინახავს, როდის ჩაიცვა და წავიდა, რომ გავიღვიძე, უკვე აღარ დამხვდა. დაღამდა - არ მოვიდა, გათენდა და ისევ არ იყო. დღესაც მიჭირს აღვწერო ის შიში და შოკი, რაც მაშინ განვიცადე. 4 წლის ვიყავი. თითქოს ირგვლივ დაბნელდა. როგორ ჩანს, დღე და ღამეც ამერია სტრესის ფონზე. ვეღარ ვარჩევდი ერთმანეთისგან განათებას და დაბნელებას. როცა უნდა დამეძინა, მაშინ მაცმევდა მამა და ბაღში მივყავდი. როცა თამაში მინდოდა, მაშინ მაძინებდნენ. მამა ყველაფერს სხვანაირად აკეთებდა, არ მომწონდა არც საჭმლის გემო, არც ის, რასაც მაცმევდა. ყოველ დილით ვუყურებდი არასწორად შეკრულ ღილებს ჩემს წითელ მანტოზე... ხან დეიდასთან მტოვებდნენ, ხან ბაღში დავყავდი. ვიყავი უბედური, მიტოვებული, შეშინებული და უდედო ბავშვი. საინტერესო ისაა, რომ ეს არანაირად არ მეტყობოდა ქცევაზე. არც ვტიროდი, არც ვჭირვეულობდი, ჩუმად ვიყავი, ყველას ვუჯერებდი. ეს კოშმარი რამდენიმე დღეს გაგრძელდა. სინამდვილეში დედა ამ დროს სამშობიაროში იყო და არავის მოსვლია აზრად, უბრალოდ ეთქვა ჩემთვის, რომ დედიკო წასულია, მაგრამ მოვა, აუცილებლად მოვა და პატარა ბაიას მოიყვანს, ნამდვილს, და ისევ ერთად ვიცხოვრებთ...

ერთ დღესაც დედა დაბრუნდა... ისევ განათდა სახლი... გამიცინა... ხელში რაღაც დიდი საჩუქარი ეკავა, თეთრი, ყუთს არ გავდა, მაგრამ ჩემთვის არ მოუცია, საწოლზე დადო. მაშინვე ვეცი და დავხედე. ბავშვი იყო საბანში გახვეული, პატარა ბაია... კიდევ ერთი შოკი. აი, როგორი იყო ჩემი ფიქრები სიტყვა სიტყვით: "პატარა ბაიას ამბავი ხომ ზღაპარი იყო, სინამდვილეში რად გვინდოდა ასეთი პატარა და მტირალა ბავშვი?.. ვინ არის ამის დედა?" რამდენიმე წუთში მივხვდი და კიდევ ერთი შოკი მივიღე - "ჩემი დედიკოა ამის დედა... ნახე, გახსნა, გამოუცვალა, უვლის, ბოთლით აჭამა... ჩემი დედიკო ამის დედიკო გახდა, მე დედა აღარ მყავს, უდედო ვარ". ისევ დაბნელდა ირგვლივ. არ მიტირია...

არც ვიცი, რამდენი ხანი ვფიქრობდი, რომ დედა აღარ მყავდა და კიდევ რამდენ ხანს ჩავთვლიდი თავს უდედოდ, ერთი შემთხვევა რომ არა: ხელი გავიჭერი. რა თქმა უნდა, მოვემზადე სატირლად, მგონი პირიც გავაღე, მაგრამ მაშინვე გამახსენდა, რომ ჩემს ტირილზე დედა არ მოვიდოდა. არც შემიხვევდა, მე ხომ დედა აღარ მყავდა. მოკლედ, მივჩერებივარ ამ სისხლიან თითს და უბრალოდ გამოსავალს ვეძებ, რა ვქნა, რა ვუყო ამ თითს... უცებ ასეთი აზრი მომივიდა: "ჯერ ვკითხავ, იქნებ ისევ არის ჩემი დედა, ან ცოტა ხანს ისევ გახდეს ჩემი დედიკო, შემიხვიოს და მერე ისევ ჩემი დაიკოს დედა გახდეს". გავიქეცი იმედმოცემული, თითი დამალული მაქვს ყოველი შემთხვევისთვის და დავდევ დედას, რომელიც ოთახში დაქრის და რაღაცებს ალაგებს. „დეე, შენ ახლა პატარა ბაიას დედიკო ხარ თუ ჩემი?“ დედამ ისე ჩვეულებრივად მიპასუხა, გეგონება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ იდგა: "ორივესი, შვილო, ორივესი" და უჯრაში რაღაცის ძებნა განაგრძო. ბედნიერმა გავუშვირე დასისხლიანებული თითი, რაღა შემაშინებდა, დედა ისევ მყავდა...

იმ მომენტში, რასაც ჰქვია, მეორედ დავიბადე... რა იქნებოდა, ბავშვის მოყვანისთანავე ეთქვათ ჩემთვის, რომ ახლა დედა ორივესია. ხომ ამცდებოდა ამხელა სტრესი, დედის დაკარგვის განცდა და მიტოვებული ბავშვის შიშები...

არ ვიცი, რამდენად გასაგებად გადმოგეცით და საერთოდ თუ გამოგადგებათ რამეში ეს ისტორია, მაგრამ გთხოვთ, ბავშვებს მოკლედ და გასაგებად, ძალიან მკაფიოდ უთხარით, რა ხდება, რატომ ხდება და მერე რა იქნება. 3-4 წლის ბავშვი დიდივით ვერ აღიქვამს მის ირგვლივ მოვლენებს, თავისით ვერ მიხვდება იმას, რასაც თქვენ ხვდებით. მას მისთვის გასაგებად უნდა უთხრათ სათქმელი. ამით ბევრი დარდისგან და ტკივილისგან დაიცავთ."

ელისო, 40 წლის

alt9 დღე უდედოდ - ფსიქიატრების საშინელი დღიური და ცოცხალი ექსპერიმენტი