ხშირად აქვთ დედებს პრობლემა, როცა ბავშვს არ უყვარს ბანაობა და სერიოზულ ისტერიკებს აწყობს. პროცესში ხშირად მთელი ოჯახი ერთვება და პატარას "იძულებით" დაბანას ცდილობს. ახალბედა დედიკოსთვის ბანაობის რიტუალი შეიძლება რთული ამოცანა იყოს, მითუმეტეს, როცა პატარასთვის ეს პროცესი უსიამოვნოა. რა მიზეზით შეიძლება იქცეს ბავშვისთვის ბანაობა "ტანჯვად" და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ დაბანის პროცესი სახალისო გახდეს - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, NLP პრაქტიკოსი, კვებითი ქცევის სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი გვესაუბრა.
- როდესაც ბავშვის დაბანაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს პროცედურა მხოლოდ ჰიგიენის თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი. წყალი დადებითად მოქმედებს ბავშვის მშვიდ ძილზე, ასევე ფიზიკური კონტაქტი, რომელიც დგება მშობელსა და შვილს შორის დაბანის დროს: დედის ხელის შეხება, პირდაპირი მზერა, ღიმილი, საუბარი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის. დაბადებიდან წყალი ნაცნობი, სასიამოვნო გარემოა ჩვილისთვის, შედარებით მოზრდილ ასაკში კი შესაძლებელია ბავშვს საპირისპირო რეაქცია გაუჩნდეს და საკმაოდ მძაფრადაც კი გამოხატოს პროტესტი დაბანის დასაწყისშიც და პროცესშიც. ამ დროს აუცილებელია მოიძებნოს მიზეზი, რათა დავეხმაროთ ბავშვს. თუ დაბანის დროს ტირის, ეწინააღმდეგება და აღიქვამს დაბანას, როგორც საფრთხეს, ეს მხოლოდ მშობლის ან სხვა მომვლელის ქმედებას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ეს ქმედება შემთხვევითია და ამიტომაც საჭიროებს ეს პროცესი დიდ ყურადღებასა და დაკვირვებას უფროსის მხრიდან.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როგორ აბანაოს ახალშობილი, რომ ბანაობის პროცესი ბავშვისთვის სტრესული არ გახდეს და არ შეიძულოს?
- აუცილებელია მშობელმა გაითვალისწინოს ყველა მცირე დეტალიც კი, წყლის ტემპერატურიდან დაწყებული, საკუთარი განწყობის ჩათვლით. მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ წყლის რაოდენობა აბაზანაში, დაბანის დრო არ უნდა ემთხვეოდეს ბავშვის კვების ან ძილის დროს, ასევე გასათვალისწინებელია პროცედურის ხანგრძლივობა, რომელიც მინიმუმ 20-25 წუთი უნდა გრძელდებოდეს. მშობლის ქმედებაში უნდა იგრძნობოდეს თავდაჯერებულობა, რომ შეძლებს ბავშვის უსაფრთხოდ დაბანას. მისი სასიამოვნო და მშვიდი განწყობა ბავშვში დაცულობის შეგრძნებას იწვევს.
- შეიძლება იძულებით ბანაობამ უარყოფითი გავლენა იქონიოს ბავშვის ფსიქიკაზე?
- გასათვალისწინებელია, რომ თუ ბავშვი ჭირვეულობს, ტირის ბანაობის მომზადების წინ და ბანაობის დროსაც, ეს ნიშნავს რომ მას გარკვეული შიში ჩამოუყალიბდა ამ პროცესის მიმართ. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს კონკრეტულ არასასიამოვნო გამოცდილებას. მაგალითად, დაბანის დროს ჩაყლაპა წყალი ან გადავლების დროს სუნთქვა შეეკრა, მცირე წაბორძიკებამაც კი აბაზანაში, შესაძლოა ჩამოუყალიბოს შიში და თუ ამ დროს იძულებით შეეცდებით მის დაბანას (როდესაც ბავშვის პროტესტის მიუხედავად რომელიმე წევრი იჭერს, ან ეჩხუბება, უყვირის), ის იგრძნობს თავს დაუცველად ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, რამაც შეიძლება გაუჩინოს და ჩამოუყალიბოს უნდობლობის განცდა გარემოს მიმართ.
- უმეტეს შემთხვევაში რა ასაკში აწუხებთ ეს პრობლემა პატარებს?
- როგორც უკვე აღვნიშნე, დაბანის პროცედურის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება შესაძლოა უფრო მოზრდილ ასაკში გაჩნდეს (მაგ: 6 თვიდან ზემოთ). ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარების ეტაპები საშუალებას გვაძლევს დაბანა ვაქციოთ მისთვის საინტერესო და გასართობ პროცედურად.
- რა რეკომენდაციას მისცემთ მშობლებს, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ დაბანის პროცესი სახალისო გახდეს პატარასთვის.
- აბაზანაში ჩავულაგოთ შესაბამისი სათამაშოები, გავუკეთოთ მსუბუქი მასაჟი ღრუბლის დახმარებით, ვუმღეროთ, ვესაუბროთ, ან ჩავურთოთ მუსიკა. თუ ბავშვი 2-3 წლისაა, შევეცადოთ ავუხსნათ ბანაობის მნიშვნელობა, დავიხმაროთ აბაზანის მომზადების პროცესში. ვკითხოთ, რამდენად მოწონს წყლის ტემპერატურა. მივცეთ საშუალება თვითონ შეარჩიოს სათამაშო, რომელთან ერთადაც იბანავებს.
მერი ბლიაძე
თუ ბავშვმა ბანაობა შეიძულა - როგორ მოვიქცეთ
რა სიხშირით უნდა ბანაობდეს ბავშვი სხვადასხვა ასაკში
ჩვილის სწორად ბანაობის 5 მთავარი წესი