"მინდა შვილები გავაჩინო, მაგრამ მეურვე მამისგან დაორსულება აკრძალული მაქვს... სპირალს მისი თანხმობის გარეშე არ ამომიღებენ" - ბრიტნი სპირსის 13-წლიანი ცხოვრება მამის კონტროლის ქვეშ - მშობლები

"მინდა შვილები გავაჩინო, მაგრამ მეურვე მამისგან დაორსულება აკრძალული მაქვს... სპირალს მისი თანხმობის გარეშე არ ამომიღებენ" - ბრიტნი სპირსის 13-წლიანი ცხოვრება მამის კონტროლის ქვეშ

2021-06-25 08:16:39+04:00

"როდესაც მსოფლიოს ვუთხარი: "კარგად ვარ და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს", ტყუილი იყო. დეპრესიაში ვარ და ყოველ დღე ვტირი."- განაცხადა ბრიტნი სპირსმა სასამართლოზე და მეურვეობის გაუქმება მოითხოვა.

უკვე 13 წელია, რაც ბრიტნი სპირსს საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვა არ შეუძლია. ის მამის მეურვეობის ქვეშაა. კაცი კი ყველაფერს აკონტროლებს, პირადი ცხოვრებიდან დაწყებული, ფინანსური თუ მკურნალობის საკითხებით დამთავრებული.

2007 წელს ბრიტნი სპირსს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. განქორწინება, მშობლობის უფლების ჩამორთმევა, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი - ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო.

სპირსი ორჯერ მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში. მეურვედ კი მამა დაუნიშნეს. მას შემდეგ მისი ცხოვრების დაუღალავი კონტროლი გრძელდება. მამის ნებართვის გარეშე ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლია.

mshoblebi

წინა წელს ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, ისევ დამოუკიდებლად წარემართა საკუთარი ცხოვრება, თუმცა უარი უთხრეს. მან კვლავ გადაწყვიტა საკითხზე სასამართლოში იდაოს.

"როდესაც მსოფლიოს ვუთხარი: "კარგად ვარ და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს", ტყუილი იყო. ვფიქრობდი, თუ ასე ვიტყოდი, მართლა ბედნიერი გავხდებოდი. მაგრამ, ტრავმირებული ვარ. ახლა სიმართლეს ვამბობ. ძალიან უბედური ვარ. დეპრესიაში ვარ და ყოველ დღე ვტირი."- თქვა მომღერალმა სასამართლოზე.

ბრიტნი სპირსმა ასევე განაცხადა, რომ მეურვე მას მუშაობასა და კონცერტების გამართვას, ფინანსურ სარგებელს აიძულებდა, თუმცა მას დასვენება სურდა.

mshoblebi

"სამი დღის შემდეგ, როცა ვეგასში შოუში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, ჩემმა თერაპევტმა ოთახში დამსვა და მითხრა, რომ მამაჩემს მილიონობით ზარი შესდიოდა ტელეფონზე, რომ მე რეპეტიციებში არ ვმონაწილეობდი და არც წამლებს ვსვამდი. ეს კი ტყუილი იყო. მეორე დღეს წამალი, რომელსაც უკვე 5 წელია ვსვამ, უფრო ძლიერით შემიცვალა. იმდენად ცუდად ვიყავი, ვერავის ვეკონტაქტებოდი. ამ წამლის დიდხანს მიღება არ შეიძლება." - ჰყვება მომღერალი.

ბრიტნი სპირსმა გაიხსენა, თუ როგორ დაუნიშნა თერაპევტმა 6 ექთანი. ისინი მთელი დღეების განმავლობაში აკვირდებოდნენ მის ქცევას და ერთი თვე სახლიდან გასვლა აკრძალული ჰქონდა. სპირსი ამბობს, რომ ყველაფერი, რაც დაემართა, მამამისის ბრალია.

ბრიტნი სპირსმა სასამართლოზე ისიც გაიხსენა, რომ სულ აკვირდებოდნენ ისე, რომ ოთახის კარის გაღებაც არ შეეძლო. გარდა ამისა, მომღერლის თქმით, მამამ სპირალის ჩადგმა აიძულა, რომ არასდროს დაორსულებულიყო. ასევე, დაქორწინებაც აუკრძალა.

mshoblebi

"მინდა წინ წავიდე, დავქორწინდე და შვილები გავაჩინო. სპირალის ამოღება მინდა, მაგრამ მამაჩემის თანხმობის გარეშე, ამას არავინ გააკეთებს. მას კი არ სურს, რომ შვილი მყავდეს. ეს უდიდეს ზიანს მაყენებს. ვგრძნობ, როგორ ძალადობენ ჩემზე, როგორ ცდილობენ, მარტოსული ვიყო. დავიღალე... მეც მაქვს ყველა ის უფლება, რაც ჩვეულებრივ ადამიანს დაბადებიდან აქვს."- ამბობს ბრიტნი სპირსი.