"მშობლებო, თავისუფლად გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ შენიშვნა არ მისცეთ შვილებს და არ აღზარდოთ... რასაც ვუყურებ, გადარეული ვარ..." - მშობლის წერილი - მშობლები

"მშობლებო, თავისუფლად გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ შენიშვნა არ მისცეთ შვილებს და არ აღზარდოთ... რასაც ვუყურებ, გადარეული ვარ..." - მშობლის წერილი

2021-06-26 06:16:02+04:00

"მოგესალმებით... გწერთ ძალიან შეწუხებული და შეშფოთებული მშობელი. რამდენიმე დღეა, ერთ-ერთ კურორტზე მყავს ბავშვები ჩამოყვანილი და სრული შოკი მივიღე, რასაც აქ ვხედავ. აქამდე ძირითადად ჩემი უმცროსი შვილის ბაღის და მეორე შვილის სკოლის ბავშვებთან და მშობლებთან მქონდა ურთიერთობა, და იქ ასე ტოტალურად არ იყო პრობლემები გამოკვეთილი... ეტყობა, რაღაც ვაკუუმში ვიყავი მოქცეული....

რას ვხედავ და რამ გამაოგნა? ეზოს გარდა, ასევე მესმის (სამწუხაროდ, თხელი კედლების გამო) მეზობელი სახლებიდან ხმები. ბავშვების დიდ ნაწილს ფაქტობრივად აღზრდა არ აქვს. მხოლოდ აჭმევენ, ასმევენ, აცმევენ. აღზრდის შესახებ თითქოს არც გაუგონიათ ან ეს "თავისუფლად აღზრდის" მეთოდი ჰგონიათ, არ ვიცი. საერთოდ არ აძლევენ შენიშვნებს. მხოლოდ მაშინ იჩენენ ძალისხმევას, როცა ბავშვმა უნდა ჭამოს და მთავარია, ეს რიტუალი შესრულდეს აუცილებლად, ამისთვის ყირაზეც დადგებიან და არ ვიცი, რას არ აკეთებენ. სხვა შემთხვევებში, ბავშვმა რომ სახლი აიღოს ყვირილით, კივილით, ბრაგუნით და დაგამხოს თავზე ყველაფერი, არ არსებობს, რამე უთხრან. გასაგებია, რომ ბოლო დროს ადამიანებისთვის საერთოდ სულ ერთი გახდა, სხვა წუხდება თუ არა იმით, რასაც შენ აკეთებ. გასაგებია, რომ სხვას არ უფრთხილდებიან ამ დროს, როცა ღამის 12 საათზე ან დილის 7 საათზე ბავშვები ყვირიან, კივიან და ანგრევენ სავარაუდოდ, ნაქირავებ ბინებს და წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში ტოვებენ მერე იმ ბინებს. მაგრამ ის მიკვირს, თავად არ წუხდებიან ამით? ან ეზოში რომ მათი შვილი იგინება, სხვას ჩაგრავს, ან ისეთ ისტერიკას აწყობს, არა ერთხელ, არამედ დაუსრულებლად, რომ შეუძლებელია იქ სხვა გაჩერდეს, ეს ნორმალურია? ან სადაც შეჭამს, იქ რომ ყრის ნაგავს და მერე იმ ნაგავში ისევ მან უნდა ითამაშოს. ან ძლივს აშენებულ სათამაშო მოედანს განადგურებულს რომ ტოვებს?

რას ვიღებთ ბოლოს? მოქალაქეს, რომლისთვისაც ყველაფერი სულ ერთია, მისი პირადი სურვილების გარდა. რომლისთვისაც უცხოა თანაგრძნობა, შემწყნარებლობა, თავშეკავება, ზრდილობა...

რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ცელქობს, ხმაურობს, ყვირის, ჩემებიც ცელქობენ და თამაშობენ, მაგრამ რაღაც ზღვარი არსებობს მათთვისაც და ჩემთვისაც. ყოველთვის ვცდილობ, მათი თამაშით და ხმაურით არ შეწუხდეს სხვა და მით უმეტეს, არ დაზარალდეს. სადაც დავდივართ, ყველგან ვუფრთხილებდით სახლსაც და ეზოსაც, ვასწავლი, რომ პატივი სცენ სხვა ადამიანებს, ბუნებას, ქალაქს, ქვეყანას. ამით იმის თქმა სულ არ მინდა, რომ მე კარგი დედა ვარ. ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს და არც ის ვიცი, მომავალში ჩემი შვილი როგორი იქნება. მაგრამ ეს მასობრივი ისტერია იმაზე, რომ მთავარია თავისუფლება და "მე მინდა", და უკვე ასე აღზრდილი ბავშვები, რომლებსაც არაფერს უშლიან, ოღონდ აკეთონ ის, რაც მათ უნდათ, არ მგონია, კარგ შედეგებამდე მიდიოდეს.

თავისუფლად გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ შენიშვნა არ მისცეთ შვილებს და არ აღზარდოთ... ფსიქოლოგებიც ამბობენ, რომ აკრძალვა, გარკვეული საზღვრების დაწესება, სხვა ადამიანების პატივისცემის და საკუთარი გარემოს დაცვის სწავლება აუცილებელია. შეიძლება, ეს აღზრდის მეთოდიც არაა და უბრალოდ ეზარებათ ბავშვებისთვის რაღაცის სწავლება, ურჩევნიათ, ის თავისთვის იყოს და დაიმხოს თუნდაც ყველაფერი, ოღონდ მათ არ შეუშალოს ხელი ჩათაობაში, ჭორაობაში თუ არ ვიცი, კიდევ რაში.

არ ვიცი, ძალიან ვარ შეწუხებული და მომინდა, ეს გამეზიარებინა. მინდა, სხვა მშობლების აზრიც გავიგო. და დიდი იმედი მაქვს, მე მოვხვდი უცებ ამ გარემოში და ყველგან ასე არ ხდება..."

ნინო, 34 წლის