"დღემდე შუაში ვუწევარ 8 და 4 წლის შვილებს, ცოლ-ქმრული ურთიერთობა ვიღას ახსოვს" - რას ფიქრობენ მშობლები შვილებთან ერთ საწოლში ძილზე - მშობლები

"დღემდე შუაში ვუწევარ 8 და 4 წლის შვილებს, ცოლ-ქმრული ურთიერთობა ვიღას ახსოვს" - რას ფიქრობენ მშობლები შვილებთან ერთ საწოლში ძილზე

2021-06-28 08:23:49+04:00

დედებს შორის ხშირია კამათი იმაზე, უნდა ეძინოს თუ არა ბავშვს მშობლებთან ერთად. ერთი ნაწილისთვის თუ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მეორე ნაწილს სრულიად არაჰიგიენურად და არაკომფორტულად ეჩვენება. რა არგუმენტები აქვთ ბავშვის მშობლებთან ძილის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს და მოქმედებს თუ არა ეს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე. გთავაზობთ მშობლების მოსაზრებებს, რომლებიც მათ სოციალურ ქსელში დააფიქსირეს.

  • "საამაყოდ რომ მიაჩნიათ, წამით არ წოლილა ბავშვი ჩემთანო, ეს არ მესმის. ერთი ღამე არ შემიძლია გავძლო მის გარეშე. რომ გაიზრდება, მოგენატრებათ მისი სუნი, მოფერება, მასთან ძილი... ისე გავა წლები, ვერც გაიგებთ, რა ბაქტერიებზე და ჰიგიენაზე საუბარი, სითბო და სიყვარული დღეც საჭიროა და ღამეც..."
  • "არაჰიგიენური კი არა, ეს არის სიყვარულის, დაცულობის, სიხარულის და ბედნიერების ყველაზე მაღალი გამოხატულება, რაც კი შეიძლება ბავშვმა და მშობლებმა განიცადონ, ასე რომ, ჩაეხუტეთ თქვენ შვილებს და დაიძინეთ ბედნიერად".
  • "მესამეს ვზრდი ჩემს საწოლში. ლოგინიც აქვთ, "კალიასკაც", მაგრამ თავად ვეღარ ვისვენებდი, გულთან ახლოს რომ არ მყოლოდა და მათი სუნი არ მეგრძნო. დღემდე შუაში ვუწევარ 8 და 4 წლის ბავშვებს. ცოლქმრული ურთიერთობა ვის ახსოვს, მგონი მთლად დამიქვეითდა ჰორმონები".
  • "პირადად ჩემთვის ის წლები, როცა გვერდით მიწვნენ და მეხუტებოდნენ, იყო ყველაზე ტკბილი და განუმეორებელი. ახლა თუ ხასიათზე არ არიან, ვერც აკოცებ".
  • "უკაცრავად და პირველი რომ გაზარდეთ საწოლში, მერე დანარჩენი შვილებიც ხომ იმავე საწოლში ჩაისახნენ... აღარ ჩავუღრმავდები მიკრობების: კანდიდოზის, ქლამიდიას, სტაფილოკოკის, სტრეპტოკოკის, ენტერებიოზის, ასკარიდოზის არსებობას საწოლის თეთრეულზე".
  • "არც ერთი დღე არ წოლილან ჩემთან. არაჰიგიენურია და ვთვლი, რომ სიზარმაცის ბრალია, როდესაც ბავშვი დედასთან წევს. ორი შვილი გავზარდე და ორივე ბუნებრივი კვებით".
  • "მოფერება და სითბო ისედაც შეიძლება მშობელმა გამოხატოს".
  • "ორი შვილი ისე გავზარდე, არც ერთს არ ვიწვენდი ჩემთან. მთელი ღამე ფეხზე ვიდექი. ძუძუს ვაწოვებდი ორივეს, არც კი მიფიქრია, ჩემთან დამეწვინა. ვთვლი, რომ არა ჰიგიენურია და საწოლში დაწოლით არც ზრუნვა და არც სიყვარული არ განისაზღვრება".
  • "ბიჭი 11 წლის ძლივს გავაგდე ჩვენი ოთახიდან. ქმარიც დიდად არ წუხდა, პირიქით, გოგოც (12წლის) ჩვენთან მოჰყავდა, იყვნენ, თორემ გავა დრო და ეგ ყველაფერი მოგვენატრებაო. ცოლ-ქმრულ ურთიერთობას რაც შეეხება, აღარც მახსოვდა, წელს აღვიდგინე".
  • "სამშობიაროდან გამოსვლის დღიდანვე ჩემთან ვიწვენდი, მაგრამ ქმარი მპარავდა დაძინებულ შვილს და ბავშვის ოთახში მიარბენინებდა. ასე დაარბენინებდა ყოველ საღამოს. ჰოდა, როგორც კი აიდგა ფეხი, თავისით დაგვტოვა და გადაბრძანდა თავის რეზიდენციაში".
  • "მშობლებს თვითონ აქვთ მოთხოვნილება ბავშვის ახლოს ყოფნის. არიან ბავშვები, ვინც ყოველ ნახევარ საათში იღვიძებს და ტირის. ამიტომ ზოგჯერ შეუძლებელია ბავშვის ყოველ ნახევარ საათში აქეთ-იქით პორწიალი. ყველა ბავშვს თავისი კუთხე და სივრცე უნდა ჰქონდეს და იცოდეს, რომ ეს მისია. მაგრამ როცა უნდა, მოვა და მშობლებთან იქნება".
  • "ქალებს ეცინებათ, ქმრები გაგდებული გვყავს და ცოლქმრული ურთიერთობა სასაცილოდ არ გვყოფნისო, აი, ეგ ქმრები რომ გიღალატებენ და საყვარლებს გაიჩენენ, მერე დაიწყებთ მოთქმას, მაგრამ გვიან იქნება. შვილსაც და ქმარსაც თავისი ადგილი აქვს".
  • "წავიკითხე გოგოების კომენტარები და ძალიან გული დამწყდა, რომ ასეთი ცუდი ურთიერთობა აქვთ ქმრებთან და ცალ-ცალკე ძილი პრობლემად არ მიაჩნიათ. ყველაფერს უნდა მოფრთხილება, მათ შორის ურთიერთობებსაც. ნურავინ იტყვის, მე ჩემი შვილი სხვა დედებზე მეტად მიყვარსო".
  • "მყავს სამი ბიჭი. ყველას ცალ-ცალკე ოთახი აქვს, იძინებენ თავიანთ საწოლებში, მაგრამ დილით რომ ვიღვიძებთ, სამივე ჩვენთან გვხვდება. რა დროს შემოიპარებიან, ვერც ვიგებთ. ურთიერთობას რაც შეეხება, ვასწრებთ".
  • "ჩემი ორივე შვილი ბრიტანეთში დაიბადა და მირჩევდნენ, რაც შეიძლება მეტ კანი-კანზე კონტაქტს, რაც ასევე საწოლის გაზიარებასაც მოიცავდა. ერთადერთი მიზეზი, თუ იქაური ექიმები ბავშვის ცალკე დაწვენას გირჩევენ ისაა, რომ არ დაგეძინოს და არ გასრისო ბავშვი".
  • "დღემდე მახსენდება, როგორ მინდოდა დედა ან მამა მომწოლოდა. განა მეშინოდა?! არა, მაგრამ რაღაცნაირად მინდოდა. დედა სამსახურიდან შინ მოსული გვიანობამდე ლაგება-კეთებაში იყო. მამა გვიან მოდიოდა სამსახურიდან. ჰიგიენას რაც შეეხება, თუ გადამდები დავადება არ სჭირს მშობლებს, არაფერია საშიში".
  • "ზუსტადაც რომ ცალკე უნდა ჰქონდეს საწოლი პატარას, ჰიგიენის გამო. ასე ვზრდი დაბადებიდან თავის ნივთებში, თავის თეთრეულში და დამოუკიდებლად ძილს ვაჩვევ"
  • "რა ვქნა, ვერც ერთი ვერ ჩავაწვინე თავის საწოლში. არ ეძინათ და ტიროდნენ. რა მექნა, მთელი ღამე ეტირათ ბავშვებს? ჩემთან მშვიდადაც იყვნენ და გემრიელადაც ეძინათ. ასე რომ, ზოგი ბავშვი წვება ზოგი - არა. რას ვიზამთ, უნდა გვყავდეს ჩვენთან".
  • "გააჩნია, რამდენად თბილი ურთიერთობა აქვს ცოლ-ქმარს. ბავშვი რომ დაიძინებს, მერეც შეიძლება ურთიერთობა მეორე ოთახში".
  • "იყო პერიოდი, სახლიდან ვიპარებოდით ცოლ-ქმარი ურთიერთობის გადასარჩენად".
  • "შუაღამით რომ მოგადგებიან 3-4 წლის ბავშვები ოთახში, დედა, შენთან გვინდაო, იმას ხელი როგორ უნდა ჰკრა".
  • "ჩემმა ქმარმა თვითონ გადაწყვიტა ცალკე ოთახში წოლა. არ უნდოდა, ეტყობა, ბავშვის ტირილის მოსმენა. ძალიან ამერია ურთიერთობა. ძლივს დავლაგდით".
  • "შეგიძლიათ ე. წ. ცოლ-ქმრული ურთიერთობისთვის სხვა საწოლი გამოიყენოთ, ერთად ძილისთვის კი (დედა+მამა+შვილები) სხვა საწოლი და ყველა ბედნიერი იქნება".
  • "ჩვენი წინაპრები ერთ დიდ ტახტზე დაიზარდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ, ცხრა ძმა ხერხეულიძე ცხრა საძინებელში გაიზარდა? "
  • "მგონი, ზოგი მხოლოდ იმიტომ ოჯახდება ვიღაცაზე, რომ ბავშვი გააჩინოს და მორჩა, აღარც ქმარი უნდათ და აღარც სექსი. ახლა გასაგებია, უმეტესობას საყვარელი რატომ ჰყავს. დღეც ვეფერებოდით ერთმანეთს და ღამე როგორ დავწვებოდი მის გარეშე. ასე მგონია, ეს ქალები ყველა უსიყვარულოდ და ვნების გარეშე გათხოვდა და ქმრები მხოლოდ ოჯახის სარჩენად უნდათ".
  • "ურთიერთობა როგორ უნდა გააფუჭოს შვილმა, სულ რომ შუაში იწვეს, არ ვიცი. როგორც დედას უყვარს, ისე მამას უყვარს შვილი, მაგრამ ბევრი კაცია, რომელსაც ცოლი არ უყვარს და ურთიერთობის გაფუჭებაში შვილს ადანაშაულებს. მასეთ ეგოისტთთან არც უნდა იცხოვრო".
  • "არასდროს წოლილა მთელი ღამით შუაში, არასდროს. ცოლ-ქმარს შორის შუაში შვილიც ზედმეტია. აქვს თავის საწოლი და იძინებს იქ. ყოველთვის ასე იყო და იქნება." იხილეთ სპეციალისტების მოსაზრებები ამ თემაზე:

alt"მიუღებელია იმ საწოლში ბავშვის ჩაწვენა, სადაც მშობლებს სქესობრივი ცხოვრება აქვთ" - რას ამბობენ სპეციალისტები ბავშვის მშობლების საწოლში ძილზე

alt"ცოლ-ქმარს 4 წლის ბავშვთან ერთად გვძინავს და ეს არცერთხელ გვინანია... სასაცილოა, თითქოს ინტიმურ ცხოვრებაში ხელი გვეშლება"