ქალებისთვის მკერდის სიმსივნის პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს საყურადღებო ნიშნები, რა დროსაც სპეციალისტს აუცილებლად უნდა მიმართონ და შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტარონ. რომელია საყურადღებო სიმპტომები, რა პრობლემები შეიძლება შექმნას მკერდის არასწორმა მასაჟმა ან რძის გაშრობამ და ზოგადად, რა ჩივილებით მიდიან ყველაზე ხშირად პაციენტები მამოლოგთან, თემაზე ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე გვესაუბრება:
- ყველაზე ხშირად ქალები სარძევე ჯირკვალში ტკივილისა და დისკომფორტის ჩივილით მოდიან. ძუძუში მტკივნეულობას მასტალგია ჰქვია. ის შეიძლება დაკავშირებული იყოს პრედმენსტრუალურ სინდრომთან - ციკლის წინა პერიოდთან.
- ონკოლოგიური პრობლემები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ არის ნიშნები, რომლებიც გასათვალისწინებელია: კვანძის არსებობა, კანის გასქელება და ე.წ. ლიმონის ქერქი, სისხლიანი გამონადენი ძუძუს დვრილიდან. რეპროდუქციული ასაკის ქალებს ვურჩევთ, ციკლის დამთავრებიდან მე-5-მე-7 დღეზე სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა მოხდეს. ყურადღება უნა მიექცეს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს. შემდეგ უნდა გაისინჯოს იღლიის ფოსო და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის შემთხვევაში, მიმართონ სპეციალისტ-მამოლოგს, მაგრამ თუ ქალს ციკლი არ აქვს და კლიმაქტერულ პერიოდშია, თვითგასინჯვა თვეში ერთხელ ხდება - სასურველია, ერთსა და იმავე კალენდარულ რიცხვში.
- სიმსივნის განვითარების რისკფაქტორებია: ადრეული მენარხე, გვიანი მენოპაუზა, გვიანი მშობიარობა, ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით პირველი ხაზის ქალბატონებში - დედა და დეიდა.
- მასტიტი ძუძუში მიმდინარე ანათებითი პროცესია, რომლის გამომწვევი შეიძლება იყოს რომელიმე მიკრობი ან ბაქტერია. ის შეიძლება იყოს ლაქტაციური, ძუძუს წოვასთან დაკავშირებული, და არალაქტაციური. გრანულომატოზური მასტიტი ხშირად აუტოიმუნური პროცესის პროვოცირების ფონზე მიდის.
- სანამ ქალი იმშობიარებს, ორსულობის ბოლო თვეებში ძუძუს დვრილის (თავის) მომზადება ექიმის რჩევის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ძუძუს თავი ჩაბრუნებულია, ახალშობილს წოვა უჭირს, რაც სადინარში რძის დაგროვებას იწვევს და რასაც მოჰყვება ტკივილი და დისკომფორტი სარძევე ჯირკვალში, სიმაგრე და კანის სიწითლე, მაღალი ტემპერატურა. ძუძუს წოვა სასურველია 1 წლამდე - ან წელიწადი და 2 თვემდე. როცა ქალი გადაწყვეტს, რომ შეწყვიტოს ლაქტაცია, სასურველია, ძუძუს რძისგან დაცლა მოხდეს. როცა გათავისუფლდება სარძევე ჯირკვალი, პაციენტი ექიმის მიერ დანიშნულ პრეპარატს მიიღებს, რომ დროულად მოხდეს რძის გაშრობა. ზოგჯერ ეს პროცესი ბუნებრივად დგება და საჭირო არ არის მედიკამენტოზური ჩარევა. მკერდის არასწორი მასაჟი ძუძუს ტრავმას იწვევს, ზოგჯერ რძის შეგუბება და კაფსულირება ხდება (გალაქტოცელე), რომელიც არ გაიწოვება და ძუძუში როგორც კვანძი, ისე ისინჯება.
- ლაქტაციის დროს სასურველია, ორივე სარძევე ჯირკვლის რძისგან დაცლა მოხდეს, რომ სადინარში რძე არ დაგროვდეს და ანთებითი პროცესის წინაპირობა არ გახდეს.
- თუ გენეტიკა დატვირთულია (დედა და დეიდა), ასეთმა ქალბატონებმა ჩივილების დაწყებამდე უნდა მიმართონ ექიმ-მამოლოგს და ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევები . 20-35 წლამდე ექოსკოპია, 35 წლის ზემოთ ექოსკოპია და მამოგრაფია. თუ რაიმე საეჭვო პროცესი იქნება, მამოლოგი თავად გადაწყვეტს, არის თუ არა დამატებითი გამოკვლევები საჭირო.
- ბიუსტჰალტერი ქალმა უნდა ატაროს, ოღონდ, მორგებული უნდა იყოს (ზომა ზუსტად უნდა შეირჩეს) ნატურალური ფაქტურის და რკინის გარეშე.
- რაც უფრო ადრეულ სტადიაზე იქნება დადგენილი და აღმოჩენილი ძუძუს კიბო, მით მაღალია განკურნების მაჩვენებელი. თავის დაზღვევის ყველაზე კარგი საშუალება თვითგასინჯვა და სკრინინგია. წელიწადში ერთხელ ქალმა სამივე ჰორმონალური ორგანო, ძუძუ, საშვილოსნო და ფარისებრი ჯირკვალი უნდა გადაამოწმოს. რაც უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ ჩვენს ჯანმრთელობას, ადრეულ ეტაპზევე შევძლებთ დაავადების აღმოჩენას და კიბოს რისკსაც შევამცირებთ.
თამარ იაკობაშვილი