ვისთვის არ შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება და როდის არის შედეგიანი - სპეციალისტის რჩევები - მშობლები

ვისთვის არ შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება და როდის არის შედეგიანი - სპეციალისტის რჩევები

2021-07-12 18:41:51+04:00

ლაზერული ეპილაცია განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულის სეზონზეა. მას ბევრი ადამიანი იყენებს. მათ შორის, მოზარდებიც არიან. რამდენად უსაფრთხოა ლაზერული ეპილაცია, რა სახეები არსებობს და რა სხვაობაა მათ შორის, ასევე, შესაძლებელია თუ არა ამ გზით თმის სრული გაქრობა, აქტუალურ შეკითხვებს Mshoblebi.ge-ს მკითხველისთვის დერმატო-ვენეროლოგი, დერმატო-კოსმეტოლოგი, ლაზეროთერაპევტი ეთერ ერაძე პასუხობს:

- ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოცილების უსაფრთხო და საკმაოდ სწრაფი საშუალებაა. აღნიშნული მეთოდი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. დღესდღეობით გამოიყენება: ალექსანდრიტის, დიოდის, ნეოდიმის ლაზერები. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ტალღის სიგრძითა და მშთანთქმელი ქრომოფორით. ცალსახად იმის თქმა, თუ რომელი ლაზერია ეფექტური, საკმაოდ რთულია, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თითოეულს სჭირდება კონკრეტულად მასზე მორგებული მკურნალობის გეგმა. გასათვალისწინებელია კანის ფოტოტიპი, თმის ტიპი, ფერი, სტრუქტურა, მათ შორის თმის ღერის სისქე, ჩაუტარებია თუ არა აქამდე ლაზერული პროცედურები. როგორი შედეგი ჰქონდა და სხვა მრავალი ფაქტორი.

- ვისთვის არის რეკომენდებული ლაზერული ეპილაცია და რამდენად გამართლებულია მისი გამოყენება მოზარდებში?

- ლაზერული ეპილაცია დასაშვებია ყველა ადამიანისათვის, განურჩევლად სქესისა. ვაჟებისათვის რეკომენდებული ასაკია 14-15 წელი. გოგონების შემთხვევაში - მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 2 წლის შემდგომ. უკუჩვენებებია: ორსულობა, ლაქტაცია, სიმსივნური დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, შეფარდებითი უკუჩვენებაა უახლოეს დროში ჩატარებული პილინგი, დერმაბრაზი, შემავსებლები და სხვა.

- რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ლაზერულ ეპილაციას?

- ლაზერული ეპილაციის განვითარება ბოლო ათწლეულებს ითვლის და აღნიშნული პერიოდის მანძილზე ჩატარებული რანდომიზირებული გამოკვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ აღნიშნულა.

- შესაძლებელია თუ არა ლაზერული ეპილაციით თმის საბოლოოდ გაქრობა?

- როგორც ვიცით, თმა ჩვენი ბუნებრივი საფარველია. ადამიანებში კოდირებული გენი განსაზღვრავს, რა რაოდენობის თმა უნდა გვქონდეს. ლაზერული ეპილაციით გენეტიკური კოდის ცვლილება არ ხდება, ჩვენ თმის ბოლქვი გადაგვყავს მთვლემარე პოზიციაში, რომლის გარკველი პროცენტული წილი წლების შემდგომ კვლავ აქტივირდება და საჭიროებს განმეორებით მკურნალობას.

- რამდენად ეფექტურია ლაზერული ეპილაცია ჭარბთმიანობის დროს?

- ჭარბთმიანობის უამრავი მიზეზი არსებობს: ორსულობა, სტრესი, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, გინეკოლოგიური დარღვევები, გარკვეული მიკროელემენტების დეფიციტი და სხვა.ლაზერული ეპილაცია სასურველ შედეგს გვაძლევს იმ შემთხვევაში, როდესაც პროცედურები ძირითადი დაავადების მკურნალობასთან თანხვედრაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეფექტი დროებითი იქნება.

- რა შემთხვევაში არ არის ეფექტური ლაზერული ეპილაცია?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ჰორმონალური დისბალანსი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლავთ. საკმაოდ არაპროგნოზირებადია შედეგები 12-18 წლამდე ასაკის პირებში. ასევე, მნიშვნელოვანია, ვიზიტების რაოდენობა და პროცედურებს შორის ინტერვალი.

- ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები პაციენტის მხრიდან...

- ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა ზაფხულში აქტიური კურსის დაწყება გახლავთ. მისი ჩატარება რეკომენდებულია შემოდგომიდან, რადგან სასურველი შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, პროცედურიდან პროცედურამდე იმპულსის ზრდა. ზაფხულში, როდესაც მზის ინსოლაცია აქტიურია და პაციენტების უმრავლესობა რუჯის მოყვარულია, იმპულსის გაზრდა საკმაოდ საპასუხისმგებლოა, რადგან არსებობს დამწვრობის რისკი. ასევე, საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, როდესაც პაციენტი არ იცავს პროცედურებს შორის ინტერვალს.

- რა სხვაობაა ძველსა და ახალი თაობის ლაზერულ დანადგარებს შორის, რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა და რატომ?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, ლაზერული ეპილაციის ისტორია საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს და ამ დროის მაძილზე, უამრავი დანადგარი შეიქმნა. თავდაპირველად საკმაოდ მტკივნეული, ინვაზიური, არაკომფორტული, დროში ხანგრძლივი გახლდათ. ძალიან ბანალური გამოთქმაა, მაგრამ შეცდომებზე სწავლობდნენ და წლიდან წლამდე ცდილობდნენ, ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებას. ანუ, ამით იმის თქმა მსურს, რომ რაც უფრო ახალია აპარატი, მით უფრო მაღალი სანდოობით სარგებლობს, მით უფრო კომფორტული, უმტკივნეულო და შედეგიანი გახლავთ. თანამედროვე დანადგარებს თან ახლავს თავაკის გაგრილება, რაც პროცედურას უმტკივნეულოს ხდის. ამიტომაც, რა თქმა უნდა რეკომენდაციას ახალი თაობის ლაზერულ დანადგარებს ვუწევ.

თამარ იაკობაშვილი