"ვფიქრობდი, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა" - რას ყვება 18 წლის ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა - მშობლები

"ვფიქრობდი, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა" - რას ყვება 18 წლის ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა

2018-10-23 10:04:56+04:00

"გაჭირვების და წვალების გარეშე ძნელია რამეს მიაღწიო. თუმცა ჩემს ვაჟს ამაზე საუბარი არ უყვარს" ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 18 წლის არხილოსკალოელი ლაშა ბექაური 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ქართველ გულშემატკივარს უდიდესი სიხარული მიანიჭა ამ გამარჯვებით. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო 30 წამში იპონით დაამრცხა და ჩემპიონობა ღირსეულად დაიმსახურა.

თუ რა გზა გაიარა ლაშამ იმისათვის, რომ გამხდარიყო წარმატებული სპორტსმენი, ამის შესახებ mshoblebi.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში მისი მამა, გელა ბექაური ესაუბრება:

- ცხადია, მამა ხართ და მის ორთაბრძოლებს უყურებთ და დედა ადევნებს თვალს?

- დიახ, რა თქმა უნდა, მე პროფესიონალის თვალით ვუყურებ. რაც შეეხება დედას, ხო იცით, დედები სხვანაირად განიცდიან ყველაფერს, ემოციურები არიან, თუმცა მაინც შესწევს ძალა უყუროს ლაშას ჭიდაობას.

- რა ასაკიდან და ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო ლაშამ ძიუდოზე სიარული?

- ძალიან მოძრავი ბავშვი იყო პატარაობიდანვე და პირადად ჩემი გადაწყვეტილებით მივიყვანე მესამეკლასელი ლაშა ძიუდოზე, ჩვენს სოფელში, არხილოსკალოს დარბაზში, კახა წიკლაურთან.

- როგორც ჩანს, მალევე მიაღწია ლაშამ წარმატებას, 10 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გამხდარა...

- დიახ, ძიოდოზე სიარულის დაწყებიდან ორ წელში გახდა, როგორც ქართულ ჭიდაობაში, ასევე ძიოდოში საქართველოს ჩემპიონი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანამ თბლისში გადმოვიყვანდი სავარჯიშოდ, დაახლოებით 4-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუ არ მეშლება. შემდეგ უკვე მოზარდობის ასაკში, გადმოვიყვანეთ კლუბ "განთიადში" და ლექსო ღვინიაშვილს მივაბარეთ.

ნახეთ ვიდეო - როგორ გახდა 18 წლის ლაშა ბექაური ჩემპიონი

Video
Videomshoblebi

18 წლის ჩემპიონი ლაშა ბექაური

- რა აზრის იყო დედა, ლაშას ძიუდოზე ტარება რომ გადაწყვიტეთ?

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემი სიტყვა და სურვილი. საერთოდ მიმაჩნია, რომ პროფესიის არჩევისას მშობელმა უნდა გაუკვლიოს გზა შვილს.

- საცხოვრებლად თბილისში გადმოხვედით ლაშას ვარჯიშის გამო?

- არა, მხოლოდ ვარჯიშებზე დამყავდა. სკოლაში აქ, სოფელში დადიოდა. დიდი წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო ლაშას თბილისში ევლო ვარჯიშებზე.

- ცხადია, წარმატება სირთულეების გარეშე არ მოვიდოდა...

- გაჭირვების და წვალების გარეშე ძნელია რამეს მიაღწიო. თუმცა ჩემს ვაჟს ამაზე საუბარი არ უყვარს.

mshoblebi

- რამდენი დედმამიშვილი ჰყავს ლაშას?

- სამი შვილი მყავს. ერთი გოგო ლაშაზე უფროსია, მეორე კი ათი თვისაა.

- პატარა ასაკში უკვე მოახერხა მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა

- დიახ, მართლაც ასეა. შარშან გახდა ჭაბუკებში (იგულისხმება 18 წელს ქვემოთ ასაკის მოასპარეზეები) ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი. ზოგადად შარშანდელი წელი ძალიან კარგი გამოდგა მისთვის, 7-ჯერ გაიმარჯვა საერთაშორისო არენაზე. წელს გადავიდა ახალგაზრდულ ნაკრებში.

- გქონდათ მოლოდინი, რომ ლაშა დაამრცხებდა იაპონელს ფინალში?

- ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, მქონდა თუა არა მოლოდინი. უფროს ასაკთა კატეგორიაში გადავიდა და ეს თავისთავად იყო ერთგვარი სირთულე, პირველ წელს ამ წონით კატეგორიაში გამარჯვება არ არის იოლი. თუმცა საბოლოდ მისმა ბრძოლამ გამარჯვებისთვის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

- ცელქი ბავშვი იყო, როგორ სწავლობდა სკოლაში?

- თავიდან კარგად სწავლობდა. მას შემდეგ, რაც სპორტს მიჰყო ხელი, სწავლისთვის ვეღარ იცლიდა. სულ დაღლილი მოდიოდა ვარჯიშიდან. მიუხედავად სპორტული კარიერისა, ბოლოს სწავლისთვისაც გამონახა დრო და წელს გახდა სტუდენტი. ზოგადად, ძიუდოს ფედერაციაც მოტივირებულია და მომხრეა, რომ არამხოლოდ სპორტში იყვნენ წარმატებული სპორტსმენები არამედ სწავლაშიც. უფრო მეტიც, ლაშასთან დარბაზში მიდიოდნენ მასწავლებლები და საგამოცდოდ ამზადებდნენ.

- რამე განსაკუთრებულ დეტალს ხომ ვერ გაიხსენებთ ლაშას ბავშვობიდან?

- თავიდან სპორტზე რომ მივიყვანე, მე თვითონ მიკვირდა, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა, ყველასთან თბილად იყო, ყველას ეფერებოდა, ვფიქრობდი, ეს ადამინს ვერ გაიმეტებს წასაქცევად-მეთქი. ფაქტია, ყოველთვის უშიშარი იყო, პირველად გამოცდა მოვუწყვე ,აქ ჩატარდა ჩვენთან ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი, მაშინ არც დადიოდა სავარჯიშოდ, შევთავაზე, რომ გასულიყო და დამარცხდა, ამით მოინდოდა დაენახა, რომ ადვილი არ იქნებოდა გამარჯვების მოპოვება და ძალიან ბევრი შრომა დაჭირდებოდა. თუ თვითონ არ წაააქცევდა სხვა წააქცევდა და ასე ნელ-ნელა ჩამოუყალიბდა მებრძოლი ხასიათი.

- თავად რა პროფესიის ბრძანდებით?

- მე მკლავჭიდელი ვარ, ბავშვობაში ვჭიდაობდი კიდევაც, ფეხბურთის თამაშიც მიყვარდა. რაც შეეხება დედას, ის ამჟამად დიასახლისია.

- სოფელში ცხოვრობთ, საოჯახო საქმეებში თუ გეხმარებათ?

- რა თქმა უნდა, როცა სცალია, სულ გვეხმარება და გვერდით გვიდგას.

რუსკა კილასონია