გოგონას სიკვდილი რელიგიურ რიტუალს დააბრალეს, ხოლო მშობლები და სასულიერო პირები სასამართლომ დამნაშავედ ცნო - ნამდვილი ამბავი, რომელიც მოგვიანებით გახმაურებულ ფილმად იქცა - მშობლები

გოგონას სიკვდილი რელიგიურ რიტუალს დააბრალეს, ხოლო მშობლები და სასულიერო პირები სასამართლომ დამნაშავედ ცნო - ნამდვილი ამბავი, რომელიც მოგვიანებით გახმაურებულ ფილმად იქცა

2021-08-09 10:01:41+04:00

ანელიზა მიხელის ისტორია, რომელიც ეგზორციზმის შედეგად გარდაიცვალა, ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ამოუცნობ ამბად რჩება. ამ ამბავს ფილმი "ემილი როუზის ექვსი დემონი" მიეძღვნა, რომელიც რეალურ ამბავს ეყრდნობა. სტატიიდან გაიგებთ, ვინ არის ანელიზა მიხელი და რატომ საუბრობს მთელი მსოფლიო დღემდე მასზე.

ანელიზა მიხელი 1952 წლის 12 სექტემბერს გერმანიაში, კათოლიკე ოჯახში დაიბადა. მისი ოჯახი არც ერთ რელიგიურ დღესასწაულს არ ტოვებდა, მუდმივად ლოცულობდა და სამეზობლოში ფანატიკოსებადაც კი ითვლებოდნენ. თუმცა, ეს ფაქტი მათ საერთოდ არ აწუხებდათ. ანელიზაც ჭეშმარიტ კათოლიკედ გაიზარდა. გოგონა ზამთარში ცივ იატაკზეც კი იძინებდა, რომ დედის ცოდვები გამოესყიდა. საქმე ისაა, რომ ქალს ანელიზას დაბადებამდე 4 წლით ადრე შვილი ჰყავდა ისე, რომ ქორწინებაში არ ყოფილა, რაც უდიდესი სირცხვილი იყო ოჯახისთვის. 8 წლის შემდეგ ბავშვი გარდაიცვალა, რაც ანელიზამ ძალიან განიცადა. ბავშვი ფიქრობდა, რომ თუ თავს დაისჯიდა, უფროსების ცოდვებს გამოისყიდიდა. ამიტომაც, ხშირად იდგა მუხლებზე, კითხულობდა ლოცვებს და პირდაპირ იატაკზე იძინებდა.

ასე გრძელდებოდა 1968 წლამდე, ვიდრე 16 წლის ანელიზა ცივ იატაკზე წოლის შემდეგ არ გაცივდა და ტუბერკულოზის დიაგნოზით საავადმყოფოში არ მოხვდა. ყველაფერი კი აქედან დაიწყო. გოგონამ უფრო მხურვალედ დაიწყო ლოცვა, სხვა პაციენტებს ეუბნებოდა, რომ მისიონერი სურდა გამხდარიყო. ამის შემდეგ კი მისტიკური ამბები დაიწყო. ანელიზას ძლიერი შეტევა ჰქონდა, კრუნჩხვა, რა დროსაც ენაზე იკბინა. ტუბერკულოზისგან კი განკურნეს, მაგრამ კრუნჩხვისთვის სულაც არ მიუქცევიათ ყურადღება და სახლში გაუშვეს.

mshoblebi

ამის შემდეგ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. იმდენად რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა, ძლივს დაამთავრა სკოლა და მოხვდა უნივერსიტეტში. მასწავლებლობა გადაწყვიტა, რომ ბავშვებისთვის რელიგია ესწავლებინა. თუმცა მისი მდგომარეობა ყოველ თვე უარესდებოდა. თავიდან მეტყველების პრობლემები დაეწყო, შემდეგ კი სიარულიც გაუჭირდა. მიზეზს ვერავინ ხსნიდა. 1969 წელს მეორე შეტევა დაემართა. ერთ ღამეს მისი სხეული სრულიად პარალიზებული აღმოჩნდა, დაეკრუნჩხა და არც ერთი სიტყვის თქმა არ შეეძლო. ოჯახის ექიმმა მშობლებს ფსიქიატრთან წაყვანა ურჩია, თუმცა ელექტროენცეფალოგრამამ ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა ტვინში, რაც იმას ნიშნავდა, რომ გოგონა ჯანმრთელი იყო და შესაბამისად, ვერც მკურნალობას დაუნიშნავდნენ. მიუხედავად ამისა, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაეტოვებინათ. იქ ანელიზამ 1 წელი გაატარა. 1970 წელს მესამე შეტევა დაემართა, რა დროსაც ეპილეფსია დაუდგინდა. ძლიერი პრეპარატები დაუნიშნეს, მაგრამ მაინც არ შველოდა. ეს ყველაფერი კი კანონის დარღვევით მოხდა, რადგან სამედიცინო შემოწმებისას, ფიზიკურად ჯანმრთელი იყო. საავადმყოფოში ყოფნის დროს ანელიზა კარგად გამოიყურებოდა, შეტევები აღარ ემართებოდა. ამიტომ, სახლში გაწერეს, თუმცა მკაცრი რეკომენდაცია გასცეს, რომ წამლების მიღება არ შეეწყვიტა. უნივერსიტეტში კარგად სწავლობდა, დადიოდა ეკლესიაში და ლოცულობდა. სულ მალე ჰალუცინაციები დაეწყო. გოგონას თქმით, მას ხმა ესმოდა, რომელიც ეუბნებოდა, რომ დაწყევლილია და ამის გამო ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებოდა. ასევე ამბობდა, რომ ეშმაკის სახეს ყველგან ხედავდა, კედელზე, იატაკზე, ჭერზე და ხანდახან დედის სახეზეც კი.

mshoblebi

მშობლებს მხოლოდ სასწაულის იმედიღა ჰქონდათ. სხვა ვერაფრით უშველეს გოგონას.

1973 წელს კვლავ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა, სადაც მძიმე დეპრესია დაუდგინეს. ექიმები თანდათან ზრდიდნენ წამლის დოზას. ვერავინ ხვდებოდა, რა ხდებოდა. გოგონა კი თავის მდგომარეობას აანალიზებდა და ამბობდა, რომ ეშმაკით იყო შეპყრობილი. ძლიერი მედიკამენტების მიუხედავად, ხილვები და ხმა არსად ქრებოდა, არაფერი შველოდა. ნელ-ნელა ყველაფერი იცვლებოდა. ოჯახის მეგობარმა ტეა ხაინმა შენიშნა, რომ გოგონას ჯვარზე შეხება აღარ შეეძლო, ეშინოდა ხატების ყურების, უარს ამბობდა ნაკურთხი წყლის დალევაზე. ქალმა მეგობრებს ურჩია, რომ ანელიზა მოძღვართან წაეყვანათ, რადგან მას მხრებზე ეშმაკი "ეჯდა".

თუმცა, ეკლესიის მსახურნი არ დათანხმდნენ, განდევნის ცერემონია ჩაეტარებინათ და მშობლებს ურჩიეს, კვლავ გაეგრძელებინათ მკურნალობა. გარდა ამისა, ეგზორციზმისთვის ეპისკოპოსის ნებართვა იყო საჭირო, მათ კიდევ ასეთი "წვრილმანის" გამო მისი შეწუხება არ სურდათ.

ამასთანავე, მიხელის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. არა მარტო ხმები ესმოდა და გამოსახულებას ხედავდა, არამედ ტანსაცმლის შემოხევა, სხვადასხვა მწერის შეჭმა და საკუთარი შარდის დალევა დაიწყო. ასეთი შეტევების დრო თითქოს მასში უხილავი ძალა შედიოდა და გამკლავება არავის შეეძლო. თუ ამ შეტევებს არ ჩავთვლით, ანელიზამ 1973 წელს უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა. ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, არანაირი სამედიცინო დარღვევა არ ჰქონია, მაგრამ უჩველო რაღაცები ემართებოდა, რასაც ვერავინ ხსნიდა.

კრუნჩხვების დროს გოგონა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდა, ყვიროდა, ოჯახის წევრებს თავს ესხმოდა. ერთხელ ჩიტს უკბინა და მოკლა. ამის შემდეგ ორი დღე მაგიდის ქვეშ იჯდა და ძაღლივით ყეფდა.

mshoblebi

მისი მშობლები არაფერს აკეთებდნენ, მხოლოდ სასწაულს ელოდნენ ღმერთისგან. ისევ სასულიერო პირებს მიმართეს და რიტუალი 1975 წელს დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ დაინიშნა. ეპისკოპოსმა ნებართვა გასცა, თუმცა ეს ამბავი საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. ბოლოს რომ ყველა საიდუმლო მჟღავნდება, კი ვიცით...

1975 წლის სექტემბრიდან 1976 ივლისამდე კვირაში 1-2-ჯერ ცდილობდნენ მისგან ეშმაკის განდევნას. ამავდროულად, იმდენად ძლიერი კრუნჩხვები ჰქონდა, რომ გოგონას სამი მამაკაცი ვერ აკავებდა. ამ პროცესის დასაწყისში მან გადაწყვიტა, რომ მედიკამენტების მიღებაზე უარი ეთქვა, რაშიც მშობლებმაც მხარი დაუჭირეს, რადგან თუ ვერ შველოდა, რატომ უნდა დაელია. მიხელი ცოტა უკეთ გახდა, წარმატებით ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა და უკვე შეეძლო ბავშვებისთვის რელიგია ესწავლებინა. თუმცა, იმავე წლის მაისში ანელიზა მოულოდნელად უარესად გახდა. იმ დროისათვის 60-ზე მეტი რიტუალი ჰქონდა შესრულებული და მისუსტებული იყო. თითოეული 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, დაჩოქილი უნდა ყოფილიყო და ელოცა. 42 რიტუალი კამერითაა ჩაწერილი.

გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე გოგონამ უარი თქვა საკვებსა და წყალზე. ეგზორციზმის ბოლო რიტუალი 30 ივნისს ჩატარდა. ანელიზას პნევმონია დაემართა. მაღალი სიცხისა და გადაღლის გამო, მღვდლების მითითებებს ვეღარ ასრულებდა. როგორც მერე სასამართლოზე წარდგენილ ჩანაწერებში ჩანს, მშობლები ეხმარებოდნენ, რომ დაჩოქილიყო. გოგონა მეორე დღეს, 1976 წლის პირველ ივლისს ძილში გარდაიცვალა.

mshoblebi

დასკვნაში წერია, რომ ანელიზა შიმშილითა და წყურვილით მოკვდა. გარდაცვალების დროს ის სულ რაღაც 30 კილოგრამს იწონიდა. მისმა სიკვდილმა გერმანიაში უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია. ხალხი ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა მსგავსი რამ თანამედროვე მსოფლიოში მომხდარიყო. გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ გოგონას გარდაცვალების თავიდან არიდება 10 დღით ადრეც შეიძლებოდა. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით ბრალი წაუყენეს სასულიერო პირებსაც და მშობლებსაც. დაცვის მხარე ირწმუნებოდა, რომ ეს რიტუალები აუცილებელი იყო. ბრალდების მთავარი მოწმე ექიმი იყო, რომელიც ამბობდა, რომ გოგონას ფსიქიკური პრობლემები და რელიგიური ფანატიზმი აღენიშნებოდა. საბოლოოდ, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ყველა დამნაშავედ სცვნეს, 6 თვიანი პატიმრობა 3-წლიანი შინა პატიმრობით შეუცვალეს.

მას შემდეგ 40 წელი გავიდა და მიხელის ისტორია ისევ ამოუცნობი და მისტიკურია. ამ სიუჟეტის მიხედვით ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი "ემილი როუზის ექვსი დემონი". გერმანიაში მოგვიანებით სხვა ფილმიც გამოვიდა. გოგონას დედა ფილმების გადაღების წინააღმდეგი იყო, მეტიც, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ჩადენილს არ ნანობს და სჯერა, რომ ამ გზით, მართლა შეეძლოთ შვილის განკურნება. სხვათა შორის, კათოლიკეების პატარა ჯგუფში ანელიზა არაოფიციალურ წმინდანადაც ითვლება.

დღემდე კვლავ უამრავი შეკითხვაა, თუ რეალურად რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება. ყველა მხარეს საკუთარი სიმართლე აქვს, ზუსტი პასუხები კი არ არსებობს.