მკითხველის წერილი:
"ჩემს 15 წლის შვილს, ფაქტობრივად, მთელი ოჯახი ვყავართ აყვანილი და რასაც იტყვის, ყველაფერს ვუსრულებთ. დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაიწყო ლაპარაკი თავის მოკვლაზე და როგორც კი რაიმე წინააღმდეგობა ხვდება, მაშინვე წამოიძახებს: "გაჩერდით, თორემ თავს მოვიკლავ", "შემისრულეთ, თორემ გადავხტები..." მართლა არ ვიცი, რა გავაკეთო. მართლა ყველაფერზე ხომ ვერ დავეთანხმებით? ან ხომ შეიძლება, მართლა გააკეთოს ეს?"
რა ხდება მაშინ, როდესაც მოზარდს სუიციდური ფიქრები აქვს, ცდილობს მშობლების მანიპულირებას ამ თემით, რათა შეუსრულდეს ყველა სურვილი, როგორი უნდა იყოს ამ დროს უფროსების პოზიცია - ბევრ აქტუალურ შეკითხვას ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი სცემს პასუხებს:
- მოზარდობის ხანა რთული პერიოდია, იწყება სქესობრივი მომწიფება, მათ სხეულსა და ფსიქიკაში ძალიან დიდი და რადიკალური ცვლილებები მიმდინარეობს, უყალიბდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ იქამდე მათ ნაცვლად მშობლები იღებდნენ გადაწყვეტილებებს ან კიდევ ჰქონდათ არჩევანი, მაგრამ ეს არჩევანი უკავშირდებოდა ტანსაცმელს, სათამაშოსა თუ სხვა, ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები აქვთ. უნდა იფიქრონ, რა პროფესია აირჩიონ, რომელ სოციუმში დაიმკვიდრონ თავი, შეარჩიონ მეგობრების წრე, რაც საკმაოდ რთული პროცესია. ამას ემატება ის, რომ მშობლების მიერ გაცემული დირექტივები ხშირ შემთხვევაში რთულად შესასრულებელი ხდება. უჩნდებათ პროტესტი, ზოგჯერ ვერც უფროსები უგებენ, ჰგონიათ, რომ გაზარმაცდნენ, ინტერესები დაკარგეს და ასე შემდეგ. თუმცა, ასე არ არის. უამრავი ცვლილება მიმდინარეობს თითოეულ მათგანში და ამას ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს. მართლა იღლებიან და უჭირთ. გარდა ამისა, მოზარდი ოჯახის წრიდან გადის, ბეზრდება რუტინული ყოველდღიურობა და დაწესებული წესები. ცდილობს, დაარღვიოს აკრძალვები და თავისი მიკროსოციუმი იპოვოს. ეს ყველაფერი იმდენად რთული ხდება, ხანდახან გადაწყვეტილების მიღებაც უჭირთ, თავის დამკვიდრებაც და რეალურად, გაქცევას ცდილობენ. სუიციდიც სწორედ გაქცევის შესაძლებლობაა, მაგრამ უკიდურესი ფორმა.
მშობლები თვლიან ხოლმე, რომ ეს უბრალოდ მანიპულირების საშუალებაა. მინდა დავეთანხმო, რომ ხშირად მართლაც მანიპულირების საშუალებაა, მაგრამ ამის უგულებელყოფა არ შეიძლება იმიტომ, რომ მოზარდები ძალიან სპონტანურები არიან. ისინი ყველა გადაწყვეტილებას უცებ იღებენ, ამიტომ გაუაზრებლად მართლაც შეიძლება მიიღონ უკიდურესი გადაწყვეტილება. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგანაც ერთხელ დაგვემუქრა თავის მოკვლით, მერე ყველა მისი სურვილი უპირობოდ შევასრულოთ და ყველაფერში დავეთნხმოთ. პირველ რიგში, აუცილებლად, ნებისმიერ მშობელს მოზარდის მიმღებლობა უნდა ჰქონდეს. უნდა მოვუსმინოთ და მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. უნდა დავინტერესდეთ მათი ინტერესის სფეროებით, მოვუსმინოთ იმ მუსიკას, რომელსაც ისინი უსმენენ. შეიძლება სულაც არ მოგვწონს და არ არის სასიამოვნო, მაგრამ თუ ჩვენ არ შევედით მათ სამყაროში, ისინი არ შემოვლენ ჩვენთან. ჩვენ თუ არ დავეკითხეთ, არც ისინი დაგვეკითხებიან. თუ არ მოვუსმინეთ, ისინიც არ მოგვისმენენ. მუდმივი აკრძალვებით ვერასდროს დავამყარეთ შვილებთან კავშირს. ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოზარდი სუიციდისგან დავიცვათ. თუ მას საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე ლაპარაკი შეუძლია და მშობელი ეგულება იმ ადამიანად, რომელიც გაუგებს, გვერდით დაუდგება, არასოდეს გადადგამს ამ ნაბიჯს. იმიტომ, რომ ყოველთვის ექნება იმედი იმისა, რომ გამოსავალს აუცილებლად ნახავს, მარტო თუ არა, მშობელთან ერთად მაინც. არ შეიძლება მათ შანტაჟს წამოვეგოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა დარეგულირდეს და ურთიერთშეთანხმებით შევასრულოთ თხოვნები თუ სურვილები. წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული, რა მიზანი აქვს იმას, რასაც ითხოვს. რაღაცები ჩვენც უნდა დავთმოთ ხოლმე, პატივი ვცეთ მის პიროვნებას. ამის შემდეგ, ულტიმატუმით საუბარი აღარ დაიწყება. ჩემთან უამრავი მოზარდი მოდის სუიციდის მცდელობით, ძალიან მძიმე შემთხვევებიც მქონია - ყველას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობას ლაიტმოტივად გასდევს ერთი მიზეზი, რომ ისინი ვერ გაიხსნენ მშობლებთან, არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ გაუგებდნენ, იყვნენ მიუღებლები მეგობრების წრისთვის ან ოჯახის წევრებისთვის. მათთვის ყველაზე მძიმე მიუღებლობა და პიროვნების იგნორირებაა.
- პირველ რიგში, აუცილებელია, რომ მოზარდს წესები დავუწესოთ. ხშირად ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, ვაკრიტიკებთ, რატომ არ გააკეთა რაღაც ისე, როგორც გვინდოდა, მაგრამ წინასწარ ამას წესად არ ვაწესებთ. იდეალური ვარიანტია, თუ მოზარდი დღის რეჟიმის გაწერას სწავლობს, მაგრამ ყველა ამას არ აკეთებს. ამიტომ, მშობელმა უნდა დააწესოს წესები. მაგალითად, უთხრას, რომ მეგობრებთან წასვლის ნებას მისცემს მას შემდეგ, რაც იმეცადინებს ან კიდევ, ეტყვის, რა უნდა გააკეთოს კონკრეტულ დღეს. მესმის, მოზარდს ხშირ შემთხვევაში ურჩევნია, რომ იყოს მეგობრებთან, ვიდრე გარკვეული წესები შეასრულოს, მაგრამ თუკი მშობელი თანმიმდვევრულად მიჰყვება ყველაფერს, აუცილებლად გამოუვა შვილთან მოლაპარაკება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასდროს დავთმოთ ის, რასაც ვაწესებთ. "კარგი, დღეს იყოს ასე და ხვალიდან გააკეთე" - ბავშვებს მსგავსი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ. თუ რაღაცას დავაწესებთ, იმის შესრულება ყოველთვის უნდა მოვითხოვოთ. რასაც დავპირდებით, აუცილებლად შევუსრულოთ. ხშირად, მშობლები იმისათვის, რომ ცოტა ხანს გააჩერონ, დაიყოლიონ ბავშვები, ჰპირდებიან, რომ, მაგალითად, სადღაც გაუშვებენ, უყიდიან სასურველ ნივთს და მერე ამ ყველაფერს აღარ აკეთებენ. არასოდეს დავპირდეთ იმას, რისი შესრულებაც არ შეგვიძლია და არ დავკარგოთ ნდობა.
ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია პირადი მაგალითი. თუ ხელში მუდმივად ტელეფონი გვიჭირავს, თან სოციალურ ქსელებს ვათვალიერებთ და მოზარდს ვეუბნებით, რომ სულ ტელეფონშია და არაფერს აკეთებს, შენიშვნას არ მიიღებს. ან კიდევ ანთებული სიგარეტი გვიჭირავს და ბავშვს ვეუბნებით, რომ არ მოწიოს, რჩევას არ გაიზიარებს. თუ ვეუბნებით, რომ სწორად იკვებოს, თავადაც სწორად უნდა ვიკვებოთ, თუ ვეუბნებით, რომ მოწესრიგებული დღის რეჟიმი ჰქონდეს, თავადაც უნდა გავაკეთოთ იგივე. მოზარდებსა და უფროსებს განსხვავებული ვალდებულებები გვაქვს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ, რომ აღებულ ვადებულებებს პირნათლად ვასრულებთ და მისგანაც ამას ვითხოვთ. მოზარდებისთვის გარეგნობა ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ ცვლილებას დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ამ ასაკში თვითშეფასება უქვეითდებათ და პატარა წვრილმანსაც კი მტკივნეულად განიცდიან. ამიტომაც, ხშირად საკუთარი სტატუსის დამკვიდრებას განსხვავებული იმიჯით ცდილობენ. მაგალითად, ბიჭები თმას იზრდიან, უნდათ ტატუს გაკეთება, გოგონებს თმების შეღებვა და სხვა. რა უნდა ვქნათ, როდესაც მოზარდს ტატუს გაკეთება სურს და მშობელი წინააღმდეგია? აუცილებლად შეიძლება ოქროს შუალედის მოძებნა. მაგალითად, გავუკეთოთ დროებითი ტატუ. ვუთხრათ, რომ მოზარდია, კანი იჭიმება და როდესაც გაიზრდება, ტატუ დამახინჯდება, ამიტომაც ურჩევთ დროებითს. უნდა თმის მოზრდა? რა მოხდა, თმაა, გაიზარდოს და ისე გაიკეთოს, როგორც თავად მოსწონს. უნდა ფართე შარვლის ჩაცმა? ჩაიცვას, ეს ხომ მისი სტილია, პიროვნების გამოვლინება და მცდელობაა, რომ საზოგადოებაში თავი დაიმკვიდროს. წავიდეთ წვრილმან დათმობებზე, უნდა წავაგოთ პატარა ბრძოლა, რომ ომი მოვიგოთ. გავუგოთ, პატივი ვცეთ და თავადაც ანალოგიურად მოიქცევიან. თუმცა, ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ არსებობს სფეროები, სადაც მშობელი ვერ დათმობს საკუთარ პოზიციას იმიტომ, რომ ეს მისი მომავლისთვისა და განვითარებისთვის აუცილებელია.
თამარ იაკობაშვილი