რა ნიშნები აქვს დეპრესიას ორსულებში და რა საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას - მეან გინეკოლოგ ნინო ოქროპირიძის რჩევები - მშობლები

რა ნიშნები აქვს დეპრესიას ორსულებში და რა საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას - მეან გინეკოლოგ ნინო ოქროპირიძის რჩევები

2021-09-27 07:38:14+04:00

პანდემიამ მთელ მსოფლიოში არაერთი პრობლემა გამოიწვია, ყველაზე მტკივნეულად კი ორსულებს შეეხო... მეან გინეკოლოგი - ნინო ოქროპირიძე, რომელსაც უკვე 17 წლიანი უწყვეტი სამუშაო გამოცდილება აქვს, ორსულთათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გვესაუბრა...

mshoblebi

"სამედიცინო სფეროში ყველაფერი სწრაფად ვითარდება და დროს უნდა გავუსწროთ, არ ჩამოვრჩეთ, არ დავაგვიანოთ. ჩემთვის ექიმობა ცხოვრების გამოწვევაა, ექიმობა ის პროფესიაა, რომელიც მუდამ მინდოდა“ - ამბობს ის.

- პანდემიის პირობებში რამდენად შეიმჩნეოდა ორსულებში დეპრესიის, შფოთვის მატება?

- ორსულობა შეიძლება იყოს სიხარულისა და სტრესის დრო. კვლევის თანახმად, ორსულთა დაახლოებით 7% განიცდის დეპრესიას ორსულობის დროს. დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში კი შეიძლება ეს რიცხვი უფრო მაღალი იყოს...

დეპრესია გუნება-განწყობის აშლილობაა, რომელიც იწვევს მწუხარების მუდმივ განცდას და ინტერესის დაკარგვას. ქალებში ეს მდგომარეობა ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. დეპრესიის ზოგიერთი სიმპტომი, მაგალითად, ძილის სურვილი, ენერგიის ნაკლებობა, მადის და ლიბიდოს ცვლილებები, ორსულობის სიმპტომების მსგავსია. ამიტომ, შესაძლებელია თქვენ ან თქვენმა ექიმმა ეს ნიშნები ორსულობას უფრო მიაწეროთ, ვიდრე დეპრესიას... ასევე, ბევრი ქალი ყოყმანობს, უთხრას თუ არა ექიმს გუნება-განწყობილების ცვლილებების შესახებ, დეპრესიასთან დაკავშირებული სტიგმის გამო. თან გავრცელებული მცდარი აზრის თანახმად, ორსული უფრო ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს, ვიდრე ფსიქიკურზე...

ორსულობის დროს დეპრესიის რისკ-ფაქტორებია:

შფოთვა; ცხოვრებისეული სტრესი; დეპრესიის ისტორია; არასათანადო სოციალური მხარდაჭერა; დაუგეგმავი ორსულობა; ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან.

ორსულობის დროს დეპრესიის ნიშნები და სიმპტომები იგივეა, რაც დეპრესიის დროს გვხვდება ზოგადად მოსახლეობაში. ამასთან, დამატებითი ნიშნებია:

ნაყოფის მიმართ გადაჭარბებული შფოთვა; დაბალი თვითშეფასება, საკუთარი თავის, როგორც მშობლის, არაადეკვატურად აღქმა; ჩვეულებრივ სასიამოვნო საქმიანობებიდან სიამოვნების ვერ მიღება; არასათანადო რეაქცია არგუმენტებზე; არასათანადო პრენატალური დაცვა; მოწევა, ალკოჰოლის მიღება ან ნარკოტიკების გამოყენება; წონის ცუდად მომატება შემცირებული ან არაადეკვატური დიეტის გამო; ფიქრები თვითმკვლელობაზე. ზოგიერთი კვლევის თანახმად, დეპრესიული ეპიზოდები უფრო ხშირად ხდება პირველი და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში...

- რატომ არის მნიშვნელოვანი დეპრესიის მკურნალობა ორსულობის დროს?

- თუ თქვენ არ მკურნალობთ დეპრესიას, შესაძლოა არ გქონდეთ ენერგია საკუთარი თავის მოვლისთვის, ორსულთა რეკომენდაციების მიყოლისთვის და კარგად კვებისთვის, რაც ასე საჭიროა თქვენს საშვილოსნოში მზარდი ნაყოფისთვის. ასევე, ეს ზრდის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკს.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნუ დაელოდებით სიტუაციის გამწვავებას და დეპრესიის პირველივე ნიშნებისთანავე მიმართეთ ექიმს. თქვენი დეპრესიის სიმძიმიდან გამომდინარე, მკურნალობის ვარიანტები ფსიქოთერაპიასთან ერთად შეიძლება მოიცავდეს ანტიდეპრესანტებს.

კოვიდ ინფექციის დროს ეს ნიშნები უფრო დაკავშირებულია ძილის დარღვევებთან , როდესაც გაძნელებულია ჩაძინება.

კვების მხრივ ყოფილა მადის გაძლიერება და წონაში მომატება , როდესაც ორსული ჩვეულ ულუფასთან შედარებით , უფრო გაძლიერებულად იკვებებოდა და ისეთ რამესაც მიირთმევს, რაც აქამდე არ ჰყვარებია, მაგალითად გემოს გასაძლიერებლად ნიორს, ხახვს, წიწაკას, ანუ შედარებით ცხარე საკვებს...

დედიდან პატარა ასაკის ბავშვებში ინფექციის გადადებაა ხშირი. ამიტომ არ უნდა ჩაიწვინონ ლოგინში და თუ ქალს რამე ჩივილი აქვს, უნდა მიმართოს გინეკოლოგს, რათა ჩაიტაროს დროული მკურნალობა და ბავშვსაც ააცილოს ეს ჩივილები

- რამდენი კილოგრამი უნდა მოიმატოს ორსულმა?

- ზოგადად ითვლება, რომ ორსული ქალმა დაახლოებით 11-13 კილოგრამი უნდა მოიმატოს წონაში. თუმცა მაინც სასურველია, ეს კითხვა მკურნალ ექიმს დაუსვათ, რადგან დამტკიცებული ნორმა არ არსებობს და ის ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია. მაგალითად, ზედმეტად გამხდარმა ქალმა ორსულობის დროს უფრო მეტი უნდა მოიმატოს, ვიდრე იმ ქალებმა, ვისი წონაც ორსულობამდე ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში იყო. სწორედ ასეთი დეტალების გარკვევაში უნდა დაგეხმაროთ თქვენი მკურნალი ექიმი.

- როგორ უნდა იკვებოს?

- ორსულობის პერიოდში თქვენი დიეტა მაქსიმალურად დაბალანსებული უნდა იყოს, რათა ოპტიმალურად საჭირო საკვები ელემენტებით უზრუნველყოთ როგორც თქვენი საკუთარი, ასევე ნაყოფის სხეული. დღის განმავლობაში რეგულარულად სვით წყალი. ეცადეთ, მოერიდოთ უმი საქონლის ან თევზის ხორცის და კვერცხის მიღებას, რადგან ამ პროდუქტების მიღებისას განსაკუთრებით მაღალია კვებითი მოწამვლის რისკი. საგულდაგულოდ გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული უშუალოდ მიღების წინ. საკვების დაჭრისას გამოიყენეთ სუფთა დაფა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჭურჭლის სისუფთავეს. თქვენი და ბავშვის ორგანიზმის კალციუმით უზრუნველსაყოფად მიიღეთ პასტერიზებული რძე. მოერიდეთ ხელოვნური დამატკბობელის, შაქრის სხვადასხვა სახის შემცვლელების მიღებას. თუკი ტკბილი საკვები მოგინდებათ, მიირთვით თაფლი ან ორგანული წყაროებიდან მიღებული ყავისფერი შაქარი. დღის განმავლობაში შემოიფარგლეთ 1-2 ჭიქა ყავით ან კოფეინის შემცველი სხვა სასმელით.

მანანა გაბრიჭიძე