"ქართველი ქალი! ზურგით მთრევი საქართველოსი"... ეს საქართველო ამ ზურგიდან ჩამომსვლელი აღარ ჩანს და ღმერთო, ისევ ამ ქალებს მიეცი გამძლე ხერხემალი" - მშობლები

"ქართველი ქალი! ზურგით მთრევი საქართველოსი"... ეს საქართველო ამ ზურგიდან ჩამომსვლელი აღარ ჩანს და ღმერთო, ისევ ამ ქალებს მიეცი გამძლე ხერხემალი"

2021-10-05 06:52:52+04:00

ჟურნალისტი და მწერალი, მრავალშვილიანი დედა ნანა აკობიძე, რომელიც რამდენიმე დღით ამერიკაში იმყოფება და მისი უმცროსი შვილები მის გარეშე წავიდნენ გუშინ სკოლაში, ემიგრანტი ქალების ხვედრზე წერს:

"გუშინ ჩემი უმცროსი შვილები სკოლაში წავიდნენ - ჩემს გარეშე. "რა ჩავიცვა, დე?"- მომწერეს რიგ-რიგობით (14 და 10 წლისებმა). "გვიან დაგირეკავთ, გარდერობთან მიდით და ერთად ავარჩიოთ" - ვუპასუხე. ვერ დავურეკე - ვაშინგტონიდან დაღლილი დავბრუნდი და ეძინათ უკვე.

გუშინ (აქ - ჯერ კიდევ დღეს, საქართველოში - გუშინ) უჩემოდ წავიდნენ ჩემი შვილები სკოლაში და საღამოს ვერ გამოვკითხე, როგორ ჩაიარა დღემ - ისევ ავცდით დროში ერთმანეთს.

"ბებო განერვიულებულია," - მომწერა ჩემმა დისშვილმა დედაჩემზე.

და მე მთელი დღე ვიდარდე ამ ორ ამბავზე: ჩემი შვილების უჩემოდ სკოლაში წასვლაზე და ნაინსულტარი დედაჩემის ჩემს არყოფნაში ნერვიულობაზე.

რამდენიმე დღეში მე და ჩემი შვილები ერთად ავარჩევთ სასკოლო ტანსაცმელს, ყოველდღე მომიყვებიან სკოლის ამბებს, დედაჩემიც დამშვიდდება, რომ დამინახავს.

აქ კი, ამერიკაში და კიდევ უამრავ სხვა ქვეყანაში რჩება უამრავი დედა და შვილი საქართველოდან, სამუშაოდ წამოსულები, უმეტესი მათგანი - საკუთარი თავისთვის ელემენტარული სიკეთეების მომკლები და ვერგამმეტებელი; მშობლების, ქმრების (და ზოგჯერ - მათი საყვარლებისაც), შვილების, მერე უკვე შვილიშვილების აქედან მარჩენალი ქალები.

ქალები, ვის გარეშეც მოხდა, ხდება და კიდევ მრავალი წელი მოხდება ყველა მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ამბავი მათ ცხოვრებაში, მათ სახლებში, მათი შვილების, ქმრების, მშობლების... ცხოვრებაში. სიცილის და ტირილის, დარდის და სიხარულის, სიცოცხლის და სიკვდილის ამბები...

და ამასობაში მე აქ, მათ სიახლოვეს უჩემშვილებო რამდენიმე დღე ვიდარდე, ერთი თვე - არც კი...

„რა მაოცებს საქართველოში და ქართველი ქალი! ზურგით მთრევი საქართველოსი...'' (აკა მორჩილაძე).

ეს საქართველო ამ ზურგიდან ჩამომსვლელი აღარ ჩანს და ღმერთო, ისევ ამ ქალებს მიეცი (მოგვეცი) გამძლე ხერხემალი!

ფოტოზე: ემიგრანტი ქალის ქანდაკება ვისკონსინის შტატში".

mshoblebi