"ასწავლეთ შვილებს "არა"... ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფრის დაშვება ბავშვს მოძალადედ აყალიბებს" - დინა მირცხულავა - მშობლები

"ასწავლეთ შვილებს "არა"... ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფრის დაშვება ბავშვს მოძალადედ აყალიბებს" - დინა მირცხულავა

2021-10-25 18:37:55+04:00

ასწავლეთ შვილებს "არა".

არ მოგესმათ, ა ს წ ა ვ ლ ე თ !

ხშირად მომისმენია ახალგაზრდა დედებისგან :

- ჩემს შვილს არაფერს ვუკრძალავ.

(აუკრძალეთ !)

- თუ ვერ ვუხსნი - რატომ არ შეიძლება, არ უნდა დაუშალოთ.

(რა სისულელეა, რამდენ ისეთ რამეს ვერ ვხსნით, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ არ შეიძლება).

- მე თავისუფლად ვზრდი ჩემს შვილს.

(მეც.... მაგრამ ანარქიაში ნუ გადაუვა).

გულზე შემოიყარეთ, როცა თქვენი შვილი თოჯინას თვალს ამოთხრის და ხელ - ფეხს მოატეხავს.

არა, არ დასაჯოთ (უფრო სწორად, გააჩნია, რა ასაკშია), მაგრამ ასწავლეთ, რომ - არა, არა, არა, ასე არ შეიძლება.

"აინტერესებს შიგნით რა არის" - ამ მოტივით ნუ გაგეცინებათ ამაზე.

სანამ პატარები არიან, უკონტროლეთ სოციალური ქსელები, სამეგობრო წრე, მიმოწერა - ამ უკანასკნელში ჩანს ყველაზე კარგად მათი ხასიათი.

უთხარით "არა", ხშირად უთხარით და არავითარ შემთხვევაში არ გადათქვათ მერე ეგ თქვენი "არა".

მაგალითისათვის: პარკში გამყავს ხოლმე ილიანა და ვაკვირდები ფრანგ დედებს (აქ ვცხოვრობ და აქაური მაგალითი მომყავს). გაგიკვირდებათ და შვილებს მკაცრად ზრდიან ამ "გარყვნილ" ევროპაში და რაიმე უმნიშვნელო მიდრეკილებას თუ შეატყობენ, ფსიქოლოგთან მიარბენინებენ.

- მე ვთქვი, არა! - ხშირად გაიგონებთ ამ წინადადებას ფრანგი დედებისგან.

ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფრის დაშვება, ყველაფერი შესაძლებელია - ბავშვს მოძალადედ აყალიბებს და აყალიბებს.

"არა" , "არ შეიძლება", "გიკრძალავ" რომ არ იციან, ეგ ბავშვები სჩადიან მერე მკვლელობებს, წიხლავენ თანატოლებს და სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს...

დინა მირცხულავა